გადაწყვეტილება №18625/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18625/2/2023
24.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ---------- (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---------ის 11.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18625/2/2023).
დავის საგანი:
დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის №001-189 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32997 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 12 606 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 8 556
დღგ - 8 764
საშემოსავლო გადასახადი - (-208)
ჯარიმა - 2 894
საურავი - 1 156
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №20330 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 7 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა: - გადასახადის გადამხდელს 9.06.2015 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი. შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ დეკლარირებულია მხოლოდ ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადი ნაზარდი ჯამით, რომელიც წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გადმორიცხული თანხების და სხვა მიღებული შემოსავალების ჯამს. თითოეული ტენდერის მიღებაჩაბარებების, პირველადი დოკუმენტების, ხელშეკრულებების და საბანკო ამონაწერის ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხები უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს აჭარბებს 2021 წლის 24 აგვისტოს და შესაბამისად ამ თარიღიდან მეწარმეს წარმოეშვა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ბრუნვის ყოველთვიური დეკლარირების ვალდებულება. შესაბამისად, შემოწმებით მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების საფუძველზე.
- „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით და საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი პუნქტით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებულ დასაბეგრ შემოსავალს გამოიანგარიშებს დღგ-ის გარეშე. ზოგიერთ საანგარიშო თვეებში მეწარმის მიერ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზები დეკლარირებულია არასწორად. საგადასახადო ორგანოს მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დაბეგვრას დაქვემდებარებული ყოველთვიური შემოსავალი და საშემოსავლო გადასახადი. საბოლოოდ, შემცირდა ჯამურად გადასახადი და მომჩივანს დაეკისრა მხოლოდ ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის №26402 ბრძანება და №001-189 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 12 606 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 14 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 27 დეკემბრის №32997 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე, 282-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხვა გამოწვეულია უცოდინრობით. დღგ-ის მიზნებისთვის დასაბეგრ ბრუნვას ითვლიდა არა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, არამედ ყოველი საანგარიშო პერიოდისთვის თავიდან ანუ ყოველი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რაც ყოფილა არასწორი. მომჩივანი ითხოვს ეპატიოს ჯარიმა და საურავი, ხოლო გადასახადს გადაიხდის უმოკლეს ვადაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების შესაბამისად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
მომჩივანი სადავოდ არ ხდის დარიცხვის მართლზომიერებას, აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია უცოდინრობით და ითხოვს ეპატიოს დაკისრებული ჯარიმა-საურავი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს ამავე კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს ამავე კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.