გადაწყვეტილება №22525/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.05.2024
№ დოკუმენტი 22525/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22525/2/2024

23 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 11.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22525/2/2024).

 

დავის საგანი:

1.01.2020 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდის ხელახალი შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №006-762 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4699 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 101 349 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 51 457

დღგ - 19 499

საშემოსავლო გადასახადი - 31 958

ჯარიმა - 24 620

საურავი - 25 272

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №33460 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიმდინარეობდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქალაქ თბილისში, -------ზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 4 ნოემბრის №-----/15-04-01 წერილის შესაბამისად გამოგზავნილ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები, რომელიც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ფართების ნასყიდობის დოკუმენტებში დაფიქსირებულ ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის ფაქტებს. აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად გამოვლენილი სხვაობები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, თანხები ჩაითვალა მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №33770 ბრძანება და №006-762 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4699 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ, მე-2 ნაწილებზე და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ საქმის მასალებზე, რომლითაც დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №15/306-23 ბრძანებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა, შპს „-----“-ის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების ხელახალი საგადასახადო შემოწმების განხორციელებასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №15/306-23 ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია/მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) არ არის.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ერთიდაიგივე საფუძვლით დანიშნულ საგადასახადო შემოწმების დროს, შემოსავლების სამსახური ერთ შემთხვევაში აუქმებს საგადასახადო მოთხოვნას, ხოლო მეორე შემთხვევაში, იმავე საფუძვლით დანიშნულ საგადასახადო შემოწმების დროს, უარს ამბობს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებაზე. კერძოდ, მიუთითებს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №4701 ბრძანებიდან ამონარიდზე, რომ „შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №33551 ბრძანებით დანიშნული იქნა შემოწმება 2022 წლის 10 ივნისის №14591 და 30 ნოემბრის №29949 ბრძანებების საფუძველზე, უკვე შემოწმებულ საკითხთან დაკავშირებით, რის შესაბამისადაც, გადამხდელის საქმიანობის ხელახალ შემოწმებაზე მიმართულ იქნა შუამდგომლობით სასამართლოსთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის №---/---23 ბრძანებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 დეკემბრის --/---23 ბრძანებით გაუქმდა თბილისი საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის ბრძანება და შუამდგომლობა გადამხდელის ხელახალი საგადასახადო შემოწმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №33551 ბრძანებით განხორციელებული შპს „-------------“-ის (ს/ნ -------------) საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება, განხორციელდა არამართლზომიერად. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში არსებული მასალების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-761 საგადასახადო მოთხოვნა და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები/სანქციები.“

როგორც აღნიშნა, იგივე საფუძვლით, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის №---/----23 ბრძანების საფუძველზე უკვე შემოწმებული პერიოდი იქნა ხელახლად შემოწმებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის №--/---23 ბრძანება გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 დეკემბრის №--/---23 ბრძანებით, რომლითაც შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა, ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების განხორციელების თაობაზე, რომელიც მოიცავდა, მათ შორის 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებს არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, გაუგებარია (იდენტური საკითხზე საჩივარი, როგორც აღნიშნა, შემოსავლების სამსახურმა სრულად დააკმაყოფილა და გააუქმა საგადასახადო მოთხოვნა) რა სამართლებრივ საფუძველზე ჩათვალა შემოსავლების სამსახურმა მართლზომიერად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-762 საგადასახადო მოთხოვნა.

ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №4699 ბრძანების გაუქმებას, ასევე საჩივრის უმოკლეს ვადაში განხილვას.

დაზუსტებული საჩივარი (15.03.2024)

წარმოდგენილია საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №4699 ბრძანების გაუქმების შესახებ. საჩივრის დაზუსტების მიზნით, აღნიშნავს, რომ:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №33460 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე, 2023 წლის 28 დეკემბერს, შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33770 ბრძანება და ამავე თარიღის №006-762 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 101 349 ლარი, მათ შორის, გადასახადი 51 457 ლარი, ჯარიმა 24 620 ლარი, საურავი 25 272 ლარი. ასევე დადგენილია, რომ 2023 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის დროს, კანონიერ ძალაში არ იყო შესული შემოწმების საფუძვლად დადებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №15/306-23 ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა, კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების ხელახალი, საგადასახადო შემოწმების განხორციელებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 213 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად: მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას. მოსამართლის ბრძანება ამ მუხლით დადგენილი წესით 48 საათის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. დღეის მდგომარებით, კომპანიას არ ჩაბარებია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №15/306-23 ბრძანება, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით აღნიშული ბრძანება არ არის შესული კანონიერ ძალაში და მის საფუძველზე დამდგარი ნებისმიერი სამართლებრივი შედეგი არის ბათილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი შემოწმების საფუძვლად დაედო, კანონიერ ძალაში არ შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №15/306-23 ბრძანება. შესაბამისად, სადავო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-762 საგადასახადო მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული და ექვემდებარება გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, და „ა.ბ“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში

– მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მასალების საფუძველზე, დადგენილია გადასახადის გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ფართების ნასყიდობის დოკუმენტებში დაფიქსირებულ ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის ფაქტები. აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად გამოვლენილი სხვაობები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობის ნაწილში, თანხები ჩაითვალა მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანი არ ეთანხმება ხელახალი შემოწმების ჩატარებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის ბრძანებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა კომპანიის შემოწმებული პერიოდის ხელახალი შემოწმების თაობაზე დაკმაყოფილდა, რომელიც გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. კომპანიის საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტს უარი ეთქვა ხელახალი შემოწმების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. მიუთითებს, აღნიშნულის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №4701 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად, გაუგებრად მიიჩნევს იდენტურ საკითხზე, შემოსავლების სამსახურის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-762 საგადასახადო მოთხოვნის მართლზომიერად ჩათვლას. აღნიშნავს, რომ ხსენებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის დროს, კანონიერ ძალაში არ იყო შესული შემოწმების საფუძვლად დადებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №15/306-23 ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა კომპანიის საქმიანობის, 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების, ხელახალი საგადასახადო შემოწმების განხორციელებასთან დაკავშირებით, მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 213 მუხლის მე-14 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ კომპანიას არ ჩაბარებია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №15/306-23 ბრძანება, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით აღნიშული ბრძანება არ არის შესული კანონიერ ძალაში და მის საფუძველზე დამდგარი ნებისმიერი სამართლებრივი შედეგი არის ბათილი. მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა, კანონიერ ძალაში არ შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №15/306-23 ბრძანების შემოწმების სამართლებრივ საფუძვლად დადების საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ როგორც საჩივარზე თანდართული სააპელაციო სასამართლოს 30.12.2023 წლის ბრძანებით (საქმე №--/----23) ირკვევა, ხსენებული სასამართლოს ბრძანებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 დეკემბრის №15/319-23 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების და შესაბამისად, 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდის, ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების განხორციელების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №15/306-23 ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა, კომპანიის საქმიანობის, 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების, ხელახალი საგადასახადო შემოწმების განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო ხსენებული ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია/მტკიცებულება, როგორც შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, მომჩივან არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული ინფორმაციისაგან განსხვავებული გარემოებები, კვლავაც აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №15/306-23 ბრძანება დღესაც არ არის შესული კანონიერ ძალაში, ჯერ არ ჩაბარებია, ძალაში არ შესული ბრძანების საფუძველზეა გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა. სასამართლოს ბრძანების შესაბამისად, ბრძანების მოქმედების ვადაა 15 დღე ბრძანების ძალაში შესვლის მომენტიდან და ძალაში შედის მისი ამოწურვის შემდეგ.

მომჩივნის აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 213 მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებზე, რომლის თანახმად, მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას. მოსამართლის ბრძანება ამ მუხლით დადგენილი წესით 48 საათის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. საჩივარი მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისათვის ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №15/306-23 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს ნება დაერთო განახორციელოს შპს „--------“-ის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ხელახალი საგადასახადო შემოწმება, ხოლო ბრძანების მოქმედების (მეწარმის საქმიანობის შემოწმების) ვადად განისაზღვრა 15 (თხუთმეტი) დღე, რაც აითვლება ბრძანების ძალაში შესვლის მომენტიდან.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსამართლის 2023 წლის 15 დეკემბრის №15/306-23 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტს ჩაბარდა 2023 წლის 21 დეკემბერს, აუდიტის დეპარტამენტისთვის ძალაში შევიდა ჩაბარებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ (2023 წლის 24 დეკემბერს) და შესაბამისად, მისი მოქმედების (ხელახალი შემოწმების) ვადა აუდიტის დეპარტამენტისთვის შემოიფარგლა 2023 წლის 24 დეკემბრიდან 2024 წლის 8 იანვრამდე პერიოდით.

ამგვარად, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პერიოდში, აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა მომჩივნის საქმიანობის ხელახალი საგადასახადო შემოწმება. შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტი, რომ აღნიშნული ბრძანება კომპანიას არ ჩაბარებია, შესაბამისად არ არის შესული კანონიერ ძალაში და მის საფუძველზე დამდგარი ნებისმიერი სამართლებრივი შედეგი არის ბათილი, საფუძველს მოკლებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.01.2020 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდის ხელახალი შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №33460 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიმდინარეობდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა . საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის შესაბამისად გამოგზავნილ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები, რომელიც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ფართების ნასყიდობის დოკუმენტებში დაფიქსირებულ ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის ფაქტებს. აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად გამოვლენილი სხვაობები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, თანხები ჩაითვალა მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33770 ბრძანება და №006-762 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №4699 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1„ა“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2.6 „ბ“); 164(1);