ბრძანება N 296

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.01.2024
№ დოკუმენტი 296
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 296

12 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------)

(იურ. მის.: ----------)

2023 წლის 23 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №86241/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №006-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ საქონლის ჩამოწერა ხორციელდებოდა ყოველდღიურად, დღის ჭრილში იდენტიფიცირდებოდა რეალიზებული საქონელი სახელობითად და რაოდენობრივად და ასეთი აღრიცხვა იყო მაქსიმუმი, რაც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საწარმოს შეეძლო განეხორციელებინა. მომჩივანი განმარტავს, რომ საწარმო იყენებდა ბუღალტრულ პროგრამა „ორისს“, დაჯარიმებული არ ყოფილა არასდროს და ამდენად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი არ იყო. ამასთან, აღნიშნავს, რომ საქონლის რეალიზაცია ხდებოდა ღია ბაზრის ტერიტორიაზე, ძირითადი მომხმარებლები არიან ფიზიკური პირები და სწორედ ამიტომ დოკუმენტური რეალიზაციის წილი მხოლოდ 9%-ია. მიუთითებს, რომ შემმოწმებელმა კომპანიას აუკრძალა საცალოდ რეალიზებული საქონლის დოკუმენტურზე ნაკლებ ფასად რეალიზაცია, რაც საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი არ ეთანხმება დოკუმენტური ფასნამატის ოდენობას და მის გავრცელებას საცალო რეალიზაციაზე. აღნიშნავს, რომ დამატებით წარადგენს გაანგარიშების ცხრილებს. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საკითხის მისი მონაწილეობით დამატებით შესწავლას და ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ დადგენილი ფასნამატის გამოყენებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №23026 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 4 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 7 დეკემბრის №30679 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-617 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 650 222 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 575 696 ლარი, ჯარიმა 788 705 ლარი და საურავი 285 821 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. მცირე ოდენობით ფიქსირდებოდა ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის შეძენაც. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლის 65% შედგებოდა დოკუმენტური რეალიზაციიდან და საშუალო დოკუმენტური ფასნამატი შეადგენდა 99%-ს (წლების მიხედვით: 2020-95%, 2021-85%, 2022-106%, 2023- 113%). შემოწმების პროცესში გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, რომლის მიხედვითაც დოკუმენტის გარეშე (საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკებით) რეალიზაცია, რომელიც მთლიანად შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის რაოდენობის 66%-ს შეადგენდა, განხორციელებული იყო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. კერძოდ: 2020 წლის ბუღალტრულად დაფიქსირებული ჩეკებით რეალიზებულ საქონელზე ფასნამატი შეადგენდა _ -66%-ს, 2021 წელს _ -26%-ს, 2022 წელს _ -19%-ს, 2023 წელს _ -23%-ს. გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, ამდენად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, პერიოდის დასაწყისის სმფ-ების, შესყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების, რეალიზაციებისა და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, ჩეკებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე გადამხდელის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასების გამოყენებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ მიხედვით, საბანკო ანგარიშებზე შეტანილი თანხების ნაწილი დაკვალიფიცირებული ჰქონდა საწესდებო კაპიტალის შევსებად 5150 ანგარიშზე, რომელიც ნულდებოდა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი კორექტირებული ბრუნვის, გაწეული ხარჯებისა და მიღებული მომსახურებების მიხედვით, დებიტორული და კრედიტორული ნაშთების გათვალისწინებით, გადამხდელს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, რომლის მიხედვითაც დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია, რომელიც მთლიანად შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის რაოდენობის 66%-ს შეადგენდა, განხორციელებული იყო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ ჰქონდა ნაწარმოები კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, პერიოდის დასაწყისის სმფ-ების, შესყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების, რეალიზაციებისა და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, ჩეკებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე გადამხდელის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასების გამოყენებით გაიზარდა მიღებული შემოსავლები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, ჩეკებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასების გამოყენება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, რომლის მიხედვითაც დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია, რომელიც მთლიანად შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის რაოდენობის 66%-ს შეადგენდა, განხორციელებული იყო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ ჰქონდა ნაწარმოები კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, პერიოდის დასაწყისის სმფ-ების, შესყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების, რეალიზაციებისა და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, ჩეკებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე გადამხდელის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასების გამოყენებით გაიზარდა მიღებული შემოსავლები. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, ჩეკებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასების გამოყენება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა“); 275.

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)