ბრძანება N 8577

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.04.2023
№ დოკუმენტი 8577
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8577

20.04.2023

ფ/პ --ის (პ/ნ --)

(მის: --) 2023 წლის 28 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 აპრილის (ოქმი №39) სხდომაზე განიხილა ფ/პ ---ის (პ/ნ --) №79969/1/2023 და №79970/1/2023 საჩივრები, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 25 ივლისის №006-36770 შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის ID: -- და ID: -- გადაწყვეტილებებს.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო ადმინისტრაციულ აქტებს. განმარტავს, რომ არ არის ინფორმირებული მის მიმართ გამოცემული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. მისთვის უცნობია/არ ჩაბარებია გირავნობის წარმოშობის საფუძვლები. შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით მიმდინარე პერიოდისათვის, როგორც ფიზიკურ პირს დავალიანება არ ერიცხება და შესაბამისად გაუგებარია თუ რის საფუძველზე განხორციელდა მის მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გავრცელება. ამასთან, არ დაკმაყოფილდა მისი განცხადებები გირავნობის მოხსნის შესახებ, სადაც არ არის მითითებული მათი მიღების სამართლებრივი საფუძვლები და ფაქტობრივი გარემოებები, რაც ქმნის მათი გაუქმების საფუძველს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა 2022 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა შპს----ის ცრუმაგიერ პირებად: შპს ,,--''; სს ,,---''; ფპ ,,---'' ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის თაობაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 239-ე მუხლის საფუძველზე 2022 წლის 25 ივლისს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №006-36770 შეტყობინება ფ/პ -- ის (პ/ნ ---) ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

აღნიშნულ შეტყობინებას გადამხდელი გაეცნო ელექტროულად 2023 წლის 21 მარტს. ამასთან, გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 21 მარტს წარდგენილ იქნა ელექტრონული განცხადებები (ID:--- და ID:--), რომლითაც ითხოვდა სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შეტყობინების გაუქმებას. გადამხდელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელს პასუხი ეცნობა 2023 წლის 21 მარტის ID:--- და ID:--- წერილებით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება. დადგენილია, რომ შპს --ას (ს/ნ -- ) ცრუმაგიერ პირად დავით ქადაგიძის (პ/ნ --) მიჩნევის თაობაზე ბრძანების გამოცემის მოთხოვნით ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა. დადგენილია ასევე, რომ „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ სადავო შეტყობინების გამოცემის თარიღისათვის შპს ---ას (ს/ნ --) პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

 

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვალის მართვის დეპარტამენტმა 2022 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიჩნევის თაობაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 239-ე მუხლის საფუძველზე 2022 წლის 25 ივლისს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №006-36770 შეტყობინება გადამხდელის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

გადაწყვეტილება

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 238 (1,2,6); 239; 265; 246.