გადაწყვეტილება №24210/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24210/2/2024
18 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ „---------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,8.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 29.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24210/2/2024).
დავის საგანი:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტების დაქირავებულ პირებად განხილვა;
2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2024 წლის №001-148 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.10.2024 წლის №21826 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 535 150,83 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 331 782
დღგ - 90 280
საშემოსავლო გადასახადი - 241 502
ჯარიმა - 165 694
საურავი - 37 674,83
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების შესრულება საბავშვო ბაღებში, ძირითადად ტენდერების მეშვეობით.
აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.012021 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2024 წლის №001-148 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.10.2024 წლის №21826 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტების დაქირავებულ პირებად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელი სამუშაოების შესრულებისას იყენებდა მცირე მეწარმეების შრომას. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მცირე მეწარმეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. შემოწმებით, ჩატარდა ანალიზი ფულადი სახსრების მოძრაობის კუთხით და დადგინდა, რომ ხარჯების დიდი ნაწილი გაცემული იყო მცირე მეწარმეებზე (5 ფიზიკური პირი, რომელთაგან ერთი არ იყო რეგისტრირებული მცირე მეწარმედ). ამასთან, მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობების და დროის მონაკვეთის გათვალისწინებით, მათ მიერ შესრულებული სამუშაო აღემატებოდა ერთი ადამიანის შრომას. აღნიშნულ მცირე მეწარმეებს არ უფიქსირდებოდათ დაქირავებული ფიზიკური პირები და შეძენილი მასალები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოები არ განსხვავდებოდა სხვა დაქირავებით მომუშავე პირების მიერ შესრულებული სამუშაოებისგან.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე და სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, რიგი მცირე მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურება დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 12.09.2024 წლის 17:00 სთ-ზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 26.09.2024 წლის 15:20 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვები, კერძოდ, საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოები, ჩაატარა 64 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები. ეს სამუშაოები ჩატარდა 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის მარტამდე. კომპანია სამუშაოების ასრულებდა საკუთარი მასალითა და როგორც საკუთარი მუშახელით, რომელსაც ხელფასს უხდიდა ასევე 5 მცირე მეწარმეს, რომელზეც გაცემულია სულ 543 000 ლარი. აღნიშნული პირები ასრულებდნენ კონკრეტულ სამუშაოებს ერთჯერადად, მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს არ ჰქონია მუდმივი ხასიათი, არ ყოფილა განსაზღვრული კონკრეტული ანაზღაურება, არ ყოფილან დაქირავებულნი უწყვეტად, არ ეზღუდებოდათ სხვა პირთა სასარგებლოდ მომსახურების გაწევა და ამასთან, აღნიშნულ პირებს დეკლარირებული ჰქონდათ სხვა შემოსავლებიც. აღნიშნული პირები რომლებიც კომპანიის სასარგებლოდ ასრულებდნენ პროექტის ფარგლებში სამუშაოებს არ წარმოადგენდნენ დაქირავებით მომუშავე პირებს, ყველა პირი უწევდა მომსახურებას და ისინი მოქმედებდნენ, როგორც მეწარმეები, მათ სტატუსიდან და არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც გამორიცხავდა მათ მუდმივად დაქირავებულად განხილვას. მათ მიერ დაქირავებულ მცირე მეწარმეებს არ უნდა შეეძინათ მასალა, რადგან მასალა შეძენილია კომპანიის მიერ, ასევე მათ არ სჭირდებოდათ დაქირავებულ თანამშრომლები, რადგან მათ დაქირავებულ თანამშრომლებს იყენებდნენ. მოცემული არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ტენდერის ფარგლებში სამუშაოების შესრულებისას იყენებდა მცირე მეწარმეების შრომას. შემოწმების მიერ ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და დადგინდა, რომ ხარჯების დიდი ნაწილი გაცემული იყო მცირე მეწარმეებზე (5 ფიზიკური პირი, რომელთაგან ერთი არ იყო რეგისტრირებული მცირე მეწარმედ). ამასთან, მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობების და დროის მონაკვეთის გათვალისწინებით, მათ მიერ შესრულებული სამუშაო აღემატებოდა ერთი ადამიანის შრომას. აღნიშნულ მცირე მეწარმეებს არ უფიქსირდებოდათ დაქირავებული ფიზიკური პირები და შეძენილი მასალები. მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოები არ განსხვავდებოდა სხვა დაქირავებით მომუშავე პირების მიერ შესრულებული სამუშაოებისგან. ამდენად, შემოწმების მიერ მცირე მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურება დააკვალიფიცირა დაქირავებით მუშაობად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივნის განმარტებით, კომპანია სამუშაოებს ასრულებდა საკუთარი მასალითა და საკუთარი მუშახელით, რომელსაც ხელფასს უხდიდა. ასევე, მომსახურებას უწევდა 5 მცირე მეწარმე, რომელზეც გაცემულია სულ 543 000 ლარი. აღნიშნულ მეწარმეებს არ სჭირდებოდათ დაქირავებული თანამშრომლები, რადგან კომპანიას ჰყავდა თავად დაქირავებული თანამშრომლები, რომლებსაც ახმარებდნენ მათ.
მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობების და დროის მონაკვეთის, აგრეთვე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოები არ ხორციელდებოდა დამოუკიდებლად და მომჩივნის განმარტებით მათ ასევე ეხმარებოდნენ დაქირავებით მომუშავე პირები, საბჭოს მიაჩნია, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტების დაქირავებულ პირებად განხილვის შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების შედეგად განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის, ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. აღნიშნულის შედეგად, დადგინდა არაგონივრული ნაშთი, რომელიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
დირექტორს გამოჰქონდა თანხები სამეურნეო ხარჯის სახით, ყიდულობდა მასალას და ასევ იხდიდა ხელფასებს. განმარტავს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, სადაც გათვალისწინებული იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი და ხარჯი. აღნიშნული ანალიზის შედეგად მიღებულ განკარგვად თანხასა და ფულადი სახსრების არაგონივრულ ნაშთს შორის სხვაობა არ გამოვლენილა. აპრილის დასაწყისში გაცემული ჰქონდათ მომსახურების ანაზღაურებები, რის გამოც აღარ ჰქონდათ ფულის ნაშთი. თუმცა შემმოწმებლებმა ფულის არაგონივრული ნაშთი გამოიყენეს არა ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის, არამედ 1.03.2024 წლის მდგომარეობით. საგადასახადო კოდექსის თანახმად ფულის ნაშთი უნდა გამოეყვანათ ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად, ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. აღნიშნულის შედეგად, დადგენილ იქნა არაგონივრული ნაშთი, რომელიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 9.07.2024 წლის №001-148 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 535 150,83 ლარი, მათ შორის, გადასახადი 331 782 ლარი, ჯარიმა 165 694 ლარი და საურავი 37 674,83 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე და 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მიერ უმოკლეს ვადებში შესრულებული საბავშვო ბაღების რემონტი არის საუკეთესოდ შესრულებული, არ დაურღვევია ვადა და თბილისი მერიისგან აქვს საუკეთესო შეფასებები. მოქმედებს კანონის ფარგლებში კეთილსინდისიერად, რის გამოც გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსის გათვალისწინებული შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
2.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
3.გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით,ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე და სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, რიგი მცირე მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურება დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადით და დაეკისრა ჯარიმა.
2.შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის, ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. აღნიშნულის შედეგად, დადგინდა არაგონივრული ნაშთი, რომელიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს,სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 535 150,83 ლარი, მათ შორის, გადასახადი 331 782 ლარი, ჯარიმა 165 694 ლარი და საურავი 37 674,83 ლარი.
გადაწყვეტილება
1.საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154,269(7).