გადაწყვეტილება №22451/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.06.2024
№ დოკუმენტი 22451/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22451/2/2024

13 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 3.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22451/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2023 წლის №039-24 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.02.2024 წლის №1718 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 42 958 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 24 022

ჯარიმა - 12 011

საურავი - 6 925

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო მასალების შეძენა-რეალიზაცია, რასაც ახორციელებდა ---------- იჯარით აღებულ ფართში. საქმიანობა შეწყვეტილი აქვს 2022 წლიდან (2021 წელს გარდაიცვალა კომპანიის ყოფილი დირექტორი და ეტაპობრივად მემკვიდრეების მიერ შეწყვეტილ იქნა საქმიანობა).

აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიის ბუღალტრულ პროგრამაში („ორისი“), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია ყოველი წლის ბოლოს თანხობრივად, ამასთან, ბუღალტრული ნაშთი 2022 წლის აპრილიდან დაფიქსირებულია 95 302 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელმა საბოლოო ნაშთთან დაკავშირებით სიტყვიერად განმარტა, რომ ნაწილი მოპარულია (წარადგინა ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომ მიმდინარეობს ძიება, თუმცა თანდართულ ოქმში არაა დაფიქსირებული საქონლის ღირებულებები და დადგენილი არაა ბრალეულობა), ნაწილი გაფანტულია ან გაფუჭებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნილ იქნა წერილობითი ფორმით ბუღალტრულად დაფიქსირებული ნაშთის რეალობასთან დაკავშირებით ინფორმაცია და თუ რა მისამართზე ჰქონდა განთავსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (გადასახადის გადამხდელი 2022 წლიდან აღარ საქმიანობს და ფართის იჯარაც შეწყვეტილია). გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში აღნიშნული მტკიცებულებები არ წარადგინა. ამასთან, 2023 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი დეკლარირებულია 0 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილის საფუძველზე კომპანიის მიღებული/მისაღები შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი საქმიანობის შეწყვეტის ბოლოს ჩაითვალა 0- ის ტოლად. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების, საბუღალტრო პროგრამის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების მონაცემების ანალიზით აღებულ იქნა საქონლის საწყისი ნაშთები. ასევე პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე განისაზღვრა საშუალო შეწონილი ფასნამატი (16%), რაც გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2023 წლის №039-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.02.2024 წლის №1718 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ კომპანიის დირექტორის მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა „ორისი“ სადაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია ყოველი წლის ბოლოს თანხობრივად, ამასთან, ბუღალტრული ნაშთი 2022 წლის აპრილიდან დაფიქსირებული აქვს 95 302 ლარის ოდენობით. გადამხდელმა საბოლოო ნაშთთან დაკავშირებით სიტყვიერად განმარტა, რომ ნაწილი მოპარულია, ნაწილი გაფანტულია ან გაფუჭებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა წერილობითი ფორმით ბუღალტრულად დაფიქსირებული ნაშთის რეალობასთან დაკავშირებით ინფორმაცია და მისამართი, თუ სად იყო განთავსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. გადამხდელმა შემოწმების პროცესში აღნიშნული მტკიცებულებები არ წარმოადგინა. ამასთან, 2023 წლის მოგების დეკლარაციაში სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი დეკლარირებული აქვს 0 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა და კომპანიის მიღებული/მისაღები შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე შემოწმებით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, საბუღალტრო პროგრამა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების მონაცემები. ასევე პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე განსაზღვრულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 16%, რაც გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საზოგადოების დირექტორის და 100%-იანი დამფუძნებლის თეიმურაზ ნარინდოშვილის გარდაცვალების (20.01.2021 წ) შემდგომ საზოგადოებამ იჯარით აღებულ ფართში იფუნქციონირა დაახლოებით 7-8 თვის განმავლობაში. მეიჯარესთან არსებული სადავო საკითხების გამო საზოგადოებამ ფაქტობრივად შეაჩერა საქმიანობა და მოახდინა არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დასაწყობება იჯარით აღებულ ფართში. ვინაიდან აღნიშნული სავაჭრო ფართი წარმოადგენს დიდ ტერიტორიას და მდებარეობს ---------- მიმდებარედ 2019 წლიდან 2021 წლის ბოლომდე ხელშეკრულების საფუძველზე დაცვას აწარმოებდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

საზოგადოების ფინანსური კრიზისის გამო 2022 წლიდან შეწყვეტილ იქნა ხელშეკრულება დაცვაზე. შესაბამისად აღნიშნულ პერიოდში მოხდა საწყობის ქურდობა, რაზეც წარმოადგინა ცნობა შსს-დან, თუმცა ზუსტი რაოდენობა და ღირებულება განაცხადში არ არის მითითებული. სავარაუდოდ დაახლოებით მოპარულია 50 000 ლარამდე ღირებულების საქონელი. ამავე პერიოდში სავაჭრო ფართის მფლობელის მიერ მოხდა სავაჭრო ფართის გასაღებების შეცვლა და დაიწყო სასამართლო დავა მომჩივნის მიერ ფართის გამოთავისუფლებაზე, რაც შემოწმების მომენტის დროსაც გრძელდებოდა, ამიტომ ვერ მოხერხდა შემმოწმებლებისათვის ფართში დასაწყობებული საქონლის ნაშთების მიწოდება, თუმცა დღეის მდგომარეობით დათვალიერებული იქნა აღნიშნული ფართი და აღმოჩნდა, რომ ---------- მხოლოდ დაახლოებით 10-15 ათასი ლარის ღირებულების საქონლის ნაშთია, თუმცა მათი უმეტესობა ვადაგასული, დაზიანებული და გაფუჭებულია.

საზოგადოების მიერ წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა ორისი, სადაც აღრიცხულია ყველა დოკუმენტი, ხოლო მარაგების ჩამოწერა განხორციელებულია საშუალო ფასნამატით, რომელიც ჯამურად გადმოტანილია ექსელის ფაილებიდან, სადაც აღრიცხვა ნაწარმოები იყო ერთეულის რაოდენობის მიხედვით, თუმცა შემმოწმებლებისთვის ვერ იქნა მიწოდებული, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია ინახებოდა წინა დირექტორთან. აქედან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არასწორია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2023 წლის №039-24 საგადასახადო მოთხოვნა სრულად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ კომპანიის დირექტორის მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა „ორისი“, სადაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია ყოველი წლის ბოლოს თანხობრივად, ამასთან, ბუღალტრული ნაშთი 2022 წლის აპრილიდან დაფიქსირებული აქვს 95 302 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელმა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთთან დაკავშირებით სიტყვიერად განმარტა, რომ სმფ-ების ნაწილი მოპარულია (წარადგინა ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომ მიმდინარეობს ძიება, თუმცა თანდართულ ოქმში არაა დაფიქსირებული საქონლის ღირებულებები და დადგენილი არაა ბრალეულობა), ნაწილი გაფანტული ან გაფუჭებულია. ბუღალტრულად დაფიქსირებული ნაშთის რეალობასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში მტკიცებულებები არ წარუდგენია. გადასახადის გადამხდელი 2022 წლიდან აღარ საქმიანობს და ფართის იჯარაც შეწყვეტილია. 2023 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი დეკლარირებული აქვს 0 ლარის ოდენობით. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე განსაზღვრულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 16%.

საქმის გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულია მართებულად და ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის დირექტორის მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა „ორისი“, სადაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია ყოველი წლის ბოლოს თანხობრივად, ამასთან, ბუღალტრული ნაშთი 2022 წლის აპრილიდან დაფიქსირებული აქვს 95 302 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელმა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთთან დაკავშირებით სიტყვიერად განმარტა, რომ სმფ-ების ნაწილი მოპარულია (წარადგინა ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომ მიმდინარეობს ძიება, თუმცა თანდართულ ოქმში არაა დაფიქსირებული საქონლის ღირებულებები და დადგენილი არაა ბრალეულობა), ნაწილი გაფანტული ან გაფუჭებულია. ბუღალტრულად დაფიქსირებული ნაშთის რეალობასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში მტკიცებულებები არ წარუდგენია. გადასახადის გადამხდელი 2022 წლიდან აღარ საქმიანობს და ფართის იჯარაც შეწყვეტილია. 2023 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი დეკლარირებული აქვს 0 ლარის ოდენობით. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე განსაზღვრულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 16%.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულია მართებულად და ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 159(1„ა,ბ“); 275.