ბრძანება 16967
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16967
18 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 25 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის №22552/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №87165/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №006-774 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურების დაკვალიფიცირებას დაქირავებული თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულებად და მათთვის გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ამ ოპერაციებზე გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და შესრულებულია შესაბამისი ტრანზაქციები. სამუშაოს არ ჰქონია მუდმივი ხასიათი, არ იყო განსაზღვრული კონკრეტული ანაზღაურების ოდენობა, აღნიშნული პირები არ ყოფილან დაქირავებულნი უწყვეტად, არ ეზღუდებოდათ სხვა პირთა სასარგებლოდ მომსახურების გაწევა და დეკლარირებული აქვთ სხვა შემოსავლებიც.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7449 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №33887 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-774 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 384 872 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 210 467 ლარი, ჯარიმა 96 218 ლარი და საურავი 78 187 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 28 თებერვლის №4460 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 27 ივნისის №22552/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №4460 ბრძანება და საჩივარი მცირე მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურების დაბეგვრის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის №22552/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:
„მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება არ მოიცავს დასაბუთებას თუ რამდენად არსებობდა პირთა (მცირე მეწარმეთა) მუდმივად დაქირავებულად ჩათვლის საფუძველი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის შეფასებული/გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ მოძიებული და წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის შეფასებული მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი მცირე მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურების დაბეგვრის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც სახელმწიფო შესყიდვის გზით, ასევე კერძო კომპანიებთან. კომპანია სამუშაოებს ასრულებდა საკუთარი მასალითა და მუშახელით. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბუღალტრო პროგრამა, საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტებები) და დადგინდა, რომ მშენებლობის პროცესისათვის კომპანიას დაქირავებული ჰყავდა მცირე მეწარმეები (45 პირი), რომლებიც ასრულებდნენ გარკვეული პერიოდის მანძილზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ პირებს არ განიხილავდა დაქირავებულ თანამშრომლებად. შემოწმებით შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ დაქირავებული მცირე მეწარმეები და გამიჯნულ იქნა მათგან ისეთი პირები (15 პირი), რომლებიც მხოლოდ შპს „---------“-სთან საქმიანობის ფარგლებში დადგნენ მცირე მეწარმეებად და მანამდე და მას შემდეგაც რაიმე ტიპის შემოსავლები არ უფიქსირდებოდათ. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული პირები განხილულ იქნა შპს „---------“-ის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ მცირე მეწარმეებთან განხორციელებულ ოპერაციებზე გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და შესრულებულია შესაბამისი ტრანზაქციები. ამასთან, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ სამუშაოს არ ჰქონია მუდმივი ხასიათი, არ იყო განსაზღვრული კონკრეტული ანაზღაურების ოდენობა, აღნიშნული პირები არ ყოფილან დაქირავებულნი უწყვეტად, არ ეზღუდებოდათ სხვა პირთა სასარგებლოდ მომსახურების გაწევა და დეკლარირებული აქვთ სხვა შემოსავლებიც.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, კერძოდ, მომჩივანი განმარტავს, რომ პირები რომლებიც კომპანიის სასარგებლოდ ასრულებდნენ პროექტის ფარგლებში სამუშაოებს არ წარმოადგენდნენ დაქირავებით მომუშავე პირებს, ყველა პირი უწევდა მომსახურებას და ისინი მოქმედებდნენ, როგორც მეწარმეები, მათი სტატუსიდან და არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც გამორიცხავდა მათ მუდმივად დაქირავებულებად განხილვას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურების დაკვალიფიცირებას დაქირავებული თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულებად და მათთვის გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც სახელმწიფო შესყიდვის გზით, ასევე კერძო კომპანიებთან. . შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბუღალტრო პროგრამა, საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტებები) და დადგინდა, რომ მშენებლობის პროცესისათვის კომპანიას დაქირავებული ჰყავდა მცირე მეწარმეები (45 პირი), რომლებიც ასრულებდნენ გარკვეული პერიოდის მანძილზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ პირებს არ განიხილავდა დაქირავებულ თანამშრომლებად. აღნიშნული პირები განხილულ იქნა შპს „კერა+“-ის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს
დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1)