გადაწყვეტილება №20403/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.11.2023
№ დოკუმენტი 20403/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20403/2/2023

16 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 28.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20403/2/2023).

 

დავის საგანი:

საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხაზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული სარგებლის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-645 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17254 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 157 332 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 83 034

ჯარიმა - 25 701

საურავი - 48 597

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ბუღალტრულ პროგრამა ორისში უფიქსირდებოდა ანგარიშვალდებულ პირზე, გაცემული თანხები 524 886 ლარის ოდენობით (რეალურად უფქისირდებოდა 2 000 000 ლარზე მეტი თანხა, თუმცა გადამხდელის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებების/განჩინების წარდგენის შემდეგ, აუდიტორის მხრიდან განხორციელდა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის კორექტირება). აღნიშნული დავალიანება კომპანიას წარმოშობილი ჰქონდა 2012 წლიდან.

შემოწმების პროცესში არაერთხელ განხორციელდა გადამხდელთან კომუნიკაცია. მას სურდა 524 886 ლარის დივიდენდად განხილვა, თუმცა ვერ წარადგინა კომპანიის ორივე დამფუძნებლის თანხმობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მიმდინარეობს დამფუძნებლებს შორის დავა კომპანიის წილებთან მიმართებაში. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ 524 886 ლარი წარმოადგენდა საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხას (არ მომხდარა კვალიფიკაციის შეცვლა). ვინაიდან არ ჩანდა თანხის უკან დაბრუნება კომპანიაში, საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხაზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშდა სარგებელი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის პერიოდებში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმებით, მოგების გადასახადის დარიცხვა არ განხორციელებულა, ვინაიდან თანხის გაცემა ფიქსირდებოდა 2012 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში.

(აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 14 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, საწარმოს მიერ დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული ფულადი თანხები დაკვალიფიცირდა უსასყიდლო მომსახურების გაწევად და საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხით გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი. ამასთან, საწარმოს მიერ საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხა ჩაითვალა სარგებლად და სარგებლის თანხით გაიზარდა გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან). ასევე, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2022 წლის №8833 ბრძანება და №006-645 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17254 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

საგადასახადო შემოწმების აქტითა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „-------“-ს 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ბუღალტრულ პროგრამა ორისში უფიქსირდებოდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხები 524 886 ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანება კომპანიას წარმოშობილი ჰქონდა 2012 წლიდან. შემოწმების პროცესში არაერთხელ განხორციელდა გადამხდელთან კომუნიკაცია. მათ სურდათ 524 886 ლარის დივიდენდად განხილვა, თუმცა ვერ წარმოადგინეს კომპანიის ორივე დამფუძნებლის თანხმობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მხრიდან გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ წარდგენილი სასამართლო განჩინება და აღნიშნულის საფუძველზე დაკორექტირებულია საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის ოდენობა.

ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხაზე შესაბამისი პერიოდების მიხედვით დარიცხული სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია საგადასახადო შემოწმებისას მაქსიმალურად მჭიდროდ თანმშრომლობდა შემოსავლების სამსახურთან. შესაბამისად, შემმოწმებელს წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლი. ბუღალტრული პროგრამაში ბუღალტერიის წარმოების დროს დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. აღნიშნული გამოხატულ იქნა შემდეგში: ორისში 1.01.2012 წლის მდგომარეობით დამფუძნებელ დირექტორზე გაცემული თანხის ნაშთი ფიქსირდებოდა 2 072 294,12 (ორი მილიონ სამოცდათორმეტიათას ორასოთხმოცდათოთხმეტი ათასი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით, რომელიც კვალიფიცირებული აქვს ბუღალტერს, როგორც საქვენაგარიშოდ გაცემული თანხა. აღსანიშნავია, რომ შესამოწმებელ პერიოდში - 2018 წლის 1 იანვარს, ბუღალტრულ პროგრამაში იგივე ოდენობის თანხა ფიქსირდება ნაშთად. საილუსტრაციოდ წარმოადგენს ბრუნვით უწყისს 1.01.2012 – 1.01.2018 წლების პერიოდზე (დანართი N1).

ზემოაღნიშნული თანხა არის ტექნიკური შეცდომა და ითხოვს მის სრულად გაუქმებას. მის მოსაზრებას ამტკიცებს ის გარემოებაც, რომ შემმოწმებელს შემოწმების პერიოდში წარუდგინა სასამართლოს განჩინება (დანართი N2, N3), სადაც მითითებულია რომ 2009-2010 წლებში კომპანიის დამფუძნებელმა საქვეანგარიშოდ გაიტანა 1 124 886 (მილიონ ასოცდაოთხიათას რვაასოთხმოცდაექვსი ათასი) ლარი. ასევე კომპანიის მიერ გადახდილ იქნა დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე დაკისრებული ჯარიმა 350 000 (სამასორმოცდაათი ათასი) ლარი. სწორედ ხელთ არსებული მტკიცებულებების შესწავლის შემდგომ მოახდინა შემმოწმებელმა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის კორექტირება და ნაცვლად 2 170 036,75 ლარისა დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემულად განიხილა 524 886 ლარი.

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ფაქტობრივად არ ჰქონდა იმის ფინასნური შესაძლებლობა გაეცა დამფუძნებელ დირექტორზე 524 886 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას დადგინდა, რომ 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ბუღალტრულ პროგრამა ორისში უფიქსირდებოდა ანგარიშვალდებულ პირზე, გაცემული თანხები 524 886 ლარის ოდენობით (რეალურად უფქისირდებოდა 2 000 000 ლარზე მეტი თანხა, თუმცა გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებების/განჩინების წარმოდგენის შემდეგ, აუდიტორის მხრიდან განხორციელდა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის კორექტირება). აღნიშნული დავალიანება კომპანიას წარმოეშვა 2012 წლიდან. შემოწმების პროცესში არაერთხელ განხორციელდა გადამხდელთან კომუნიკაცია. მათ სურდათ 524 886 ლარის დივიდენდად განხილვა, თუმცა ვერ წარმოადგინეს კომპანიის ორივე დამფუძნებლის თანხმობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მიმდინარეობს დამფუძნებლებს შორის დავა კომპანიის წილებთან მიმართებაში. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ მიიჩნია, რომ 524 886 ლარი წარმოადგენდა საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხას (არ მომხდარა კვალიფიკაციის შეცვლა). ვინაიდან არ ჩანდა თანხის უკან დაბრუნება კომპანიაში, საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხაზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშდა სარგებელი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის პერიოდებში.

მომჩივანი ვერ წარმოადგენს საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ სათანადო მტკიცებულებებს, რაც მის მიერ 1.01.2018 წლის მდგომარეობით ბუღალტრულ პროგრამა ორისში საქვეანგარიშოდ დაფიქსირებული თანხის ტექნიკური შეცდომით ასახვას დაადასტურებდა, შესაბამისად მისი არგუმენტების გათვალისწინების და საგადასახადო შემოწმების აქტით საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხაზე გაანგარიშებულ სარგებელზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხაზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული სარგებლის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17254 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154