გადაწყვეტილება №27620/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.08.2026
№ დოკუმენტი 27620/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27620/2/2026

07 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 19.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27620/2/2026).

 

დავის საგანი:

განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2026 წლის №002-35 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11871 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 230 300,94 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 144 466,79

დღგ - (- 1 101,15)

მოგების გადასახადი - 2 200,18

საშემოსავლო გადასახადი - 143 266,47

ქონების გადასახადი - 101,29

ჯარიმა - 76 819,8

საურავი - 9 014,35

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობას თესლებით, სასუქებით, შხამ-ქიმიკატებით და ა.შ.

აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2026 წლის კამერალური საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2023 წლიდან 12.12.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოებაში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ არის. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში და ბოლოს საზოგადოებას სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ უფიქსირდება, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და შემმოწმებლების მიერ კონტრაგენტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების მოცულობები. სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ხელშეკრულებების, საბანკო ამონაწერების, ასევე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების ანალიზით, შემოწმებით განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.

აღნიშნულ განკარგვად თანხაზე გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის, აგრეთვე, განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის გამო, აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2026 წლის №002-35 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11871 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც არ დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შემოსავლის ნაწილში როგორც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის, ასევე ბანკში ჩარიცხული თანხების და ბანკიდან სამეურნეო დანიშნულებით გატანილი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტი განმარტებაზე, რომ შემოწმებით დადგინდა როგორც დოკუმენტური, ისე არა დოკუმენტური რეალიზაციები. აღნიშნული რეალიზაციები მყიდველების მიერ ანაზღაურებულია ნაღდი და უნაღდო (საბანკო ჩარიცხვები, ტერმინალები) ანგარიშსწორებით. შემოწმებით დადგინდა საწარმოს საწყისი და საბოლოო დებიტორული დავალიანებები. აღნიშნული მონაცემების ანალიზით რეალიზაციის ნაწილში შემოწმებით განისაზღვრა სალაროში შემოსული ნაღდი ფულის მოცულობა. ამასთან, სალაროში ნაღდი ფულის გაანგარიშების ცხრილის გრაფაში „რეალიზაცია სასაქონლო ზედნადებებით (დოკუმენტური) + არაპირდაპირი“ ასახული თანხა 2 125 848 ლარი, წარმოადგენს რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებისა და შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების ჯამს, ხოლო აღნიშნულ თანხაზე ცალკე ბანკში მიღებული შემოსავალი დამატებული არ არის.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების მიერ მომზადებული არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების ცხრილში ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შემოსავლის ნაწილში გათვალისწინებულია, როგორც არაპირდაპირი მეთოდის შედეგად მიღებული შემოსავალი ასევე ბანკში ჩარიცხული თანხები და ბანკიდან სამეურნეო დანიშნულებით გამოტანილი თანხები. ნაღდი ფულის ნაშთი უნდა განისაზღვროს ან დარიცხვის მეთოდით, რაც არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ თანხას გულისხმობს ან საკასო მეთოდით, რომელიც ბანკის ამონაწერის მიხედვით თანხის მოძრაობის შედეგად მიღებულ ნაღდი ფულის ნაშთს გულისხმობს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოითხოვს გაუქმდეს 29.05.2026 წლის №11871 ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხების დამატებით შესწავლა. მოითხოვს საჩივრის განხილვას მომჩივნის მონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოებაში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ არის. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში და ბოლოს საზოგადოებას სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ფიქსირდება, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და შემმოწმებლების მიერ კონტრაგენტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების მოცულობები. სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ხელშეკრულებების, საბანკო ამონაწერების, ასევე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების ანალიზით შემოწმებით განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. აღნიშნულ განკარგვად თანხაზე გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია.

მომჩივანი მიუთითებს, რომ ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შემოსავლის ნაწილში გათვალისწინებულია, როგორც არაპირდაპირი მეთოდის შედეგად მიღებული შემოსავალი ასევე ბანკში ჩარიცხული თანხები და ბანკიდან სამეურნეო დანიშნულებით გამოტანილი თანხები. ნაღდი ფულის ნაშთი უნდა განისაზღვროს ან დარიცხვის მეთოდით, რაც არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ თანხას გულისხმობს ან საკასო მეთოდით, რომელიც ბანკის ამონაწერის მიხედვით თანხის მოძრაობის შედეგად მიღებულ ნაღდი ფულის ნაშთს გულისხმობს.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ნაღდი ფულის გაანგარიშების დროს თანხები გაორებულად დამატებული არ არის, საკითხი განხილულია შემოსავლების სამსახურშიც და მომჩივანთანაც განხორციელდა კომუნიკაცია, რა დროსაც განემარტა, რომ სესხის და კრედიტორული დავალიანების თანხები არ ჰქონდა გათვალისწინებული, რაზეც პრეტენზია არ გამოუთქვია.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს 29.05.2026 წლის №11871 ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხების დამატებით შესწავლა. ასევე,მოითხოვს საჩივრის განხილვას მომჩივნის მონაწილეობით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობას თესლებით, სასუქებით, შხამ-ქიმიკატებით და ა.შ.

შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოებაში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ არის.შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში და ბოლოს საზოგადოებას სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ უფიქსირდება, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და შემმოწმებლების მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების მოცულობები.სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ხელშეკრულებების, საბანკო ამონაწერების, ასევე სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების ანალიზით, შემოწმებით განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. აღნიშნულ განკარგვად თანხაზე გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია.გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის, აგრეთვე, განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის გამო, აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154.