გადაწყვეტილება №19765/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19765/2/2023
09 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ს 23.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19765/2/2023).
დავის საგანი:
1. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება;
2. სალაროდან გატანილი თანხების საწარმოს დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის №006-571 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.05.2023 წლის №9407 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 229 252 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 110 188
დღგ - 11 421
საშემოსავლო გადასახადი - 98 767
ჯარიმა - 55 094
საურავი - 63 970
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის გასვლით საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის №006-571 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.05.2023 წლის №9407 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიას შემოწმების პერიოდამდე აშენებული აქვს ერთი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მდებარეობს ქ. -------ში, ------ ქ. №---ში. შესამოწმებელ პერიოდში ხორციელდება დარჩენილი გასაყიდი ფართების რეალიზაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით და ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ 2019 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებულია ფართი ს/კ -------, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ფართი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართული არ არის. ამასთანავე, აღნიშნული ფართის რეალიზაცია არ ფიქსირდება არც ბუღალტრულ პროგრამაში, თუმცა კომპანიის დირექტორის წერილობითი ახსნა-განმარტებით თანხა მიღებულია მის მიერ. საგადასახადო კოდექსის 161-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ხოლო მიღებული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებულ ჯარიმა.
2019 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებულია ფართი ს/კ -------, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში სრულად არ არის ჩართული. კერძოდ, ფიზიკური პირის მიერ საბანკო გადარიცხვით საწარმოს ანგარიშზე ჩარიცხულია თანხა 68 872 ლარის ოდენობით, ხოლო ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება, რომ აღნიშნული თანხის ნაწილი დაბრუნებულია ქეშად და მხოლოდ 20 000 ლარი წარმოადგენს რეალიზებული თანხის მოცულობას. ზემოხსენებული ფიზიკური პირის განმარტებით, მის მიერ კომპანიიდან უკან თანხის დაბრუნებას ადგილი არ ჰქონია და აღნიშნული თანხა სრულად წარმოადგენს სარეალიზაციო ფართის ღირებულებას. საგადასახადო შემოწმებით სხვაობის თანხა მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და საგადასახადო კოდექსის 101-ედა 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული სხვაობის თანხა ასევე დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციის შედეგად კომპანიას დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველ და მე-8 ნაწილებზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ფიზიკურ პირებზე რეალიზებული აქვს ორი ფართი, თუმცა რეალიზაციის თანხები საწარმოს მიერ სრულად არ არის დაბეგრილი, ასევე, ერთიერთი უძრავი ქონების რეალიზაციის შესაბამისი თანხა არ ფიქსირდება გადამხდელის ბუღალტრულ პროგრამაში, ხოლო მეორე ფართის რეალიზაციის თანხის ნაწილის დაბრუნება ბუღალტრული პროგრამით ფიქსირდება ქეშად. ამასთან, კომპანიის დირექტორის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, ერთერთი ფართის რეალიზაციის თანხა მიღებულია მის მიერ.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით და ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ 2019 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებულია ფართი ს/კ -------, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ფართი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართული არ არის. ამასთანავე, აღნიშნული ფართის რეალიზაცია არ ფიქსირდება არც ბუღალტრულ პროგრამაში, თუმცა კომპანიის დირექტორის წერილობითი ახსნა-განმარტებით თანხა მიღებულია მის მიერ. საგადასახადო კოდექსის 161-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ხოლო მიღებული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების შედეგად, გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადები (საშემოსავლო გადასახადი და დღგ) და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აუდიტის დეპარტემენტის პოზიციას, გადასახადების გაანგარიშების მეთოდთან დაკავშირებით, არ ეთანხმება, ვინაიდან დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა (აღნიშნულ დარღვევაზე) შეადგენს 22 034 ლარს დამატებით დარიცხული დღგ შეადგენს 3 965 ლარს, აღნიშნული გაანგარიშება შესაბამისობაშია საგადასახადო კოდექსთან, ხოლო როცა აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების აქტში დააფიქსირა, რომ აღნიშნული დარღვევის შედეგად ხელფასის სახით განაცემი შეადგენს 32 500 ლარს და ამ თანხიდან გაიანგარიშა საშემოსავლო გადასახადი 6 500 ლარი, სწორედ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება არ არის შესაბამისობაში საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებთან, ვინაიდან საწარმოს შემოსავალი შეადგენს 22 034 ლარს და აღნიშნული თანხიდან უნდა გაანგარიშდეს საშემოსავლო გადასახადი (22 034X20% =4 406,8) ე.ი. უნდა მოხდეს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება როგორც ეს არის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის შევსების დროს და არა ისე, როგორც ამას ანგარიშობს აუდიტის დეპარტამენტი, რის გამოც ხელოვნურად ზრდის დასაბეგრ ბაზას, შესაბამისად ხელოვნურად გაზარდა საშემოსავლო გადასახადის ძირითადი გადასახადი და ნაცვლად 4 406,8 ლარისა დამატებით დაარიცხა - 6 500 ლარი ე.ი. 2 093 ლარის დარიცხვა წარმოადგენს ზედმეტად დარიცხულ თანხას და აღნიშნული საკითხი ექვემდებარება გადაანგარიშებას.
2019 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებულია ფართი ს/კ -------, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში სრულად არ არის ჩართული. კერძოდ, ფიზიკური პირის მიერ საბანკო გადარიცხვით საწარმოს ანგარიშზე ჩარიცხულია თანხა 68 872 ლარის ოდენობით, ხოლო ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება, რომ აღნიშნული თანხის ნაწილი დაბრუნებულია ქეშად და მხოლოდ 20 000 ლარი წარმოადგენს რეალიზებული თანხის მოცულობას. ზემოხსენებული ფიზიკური პირის განმარტებით, მის მიერ კომპანიიდან უკან თანხის დაბრუნებას ადგილი არ ჰქონია და აღნიშნული თანხა სრულად წარმოადგენს სარეალიზაციო ფართის ღირებულებას. საგადასახადო შემოწმებით სხვაობის თანხა მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და საგადასახადო კოდექსის 101-ედა 154-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნული სხვაობის თანხა ასევე დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციის შედეგად კომპანიას დამატებით დაერიცხა გადასახადები (საშემოსავლო გადასახადი და დღგ) და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ვინაიდან დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა (აღნიშნულ დარღვევაზე) შეადგენს 41 417 ლარს დამატებით დარიცხული დღგ შეადგენს 7 455 ლარს, აღნიშნული გაანგარიშება შესაბამისობაშია საგადასახადო კოდექსთან, ხოლო როცა აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების აქტში დააფიქსირა, რომ აღნიშნული დარღვევის შედეგად ხელფასის სახით განაცემი შეადგენს 61 091 ლარს და ამ თანხიდან გაიანგარიშა საშემოსავლო გადასახადი 12 216 ლარი, სწორედ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება არ არის შესაბამისობაში საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებთან, ვინაიდან საწარმოს შემოსავალი შეადგენს 41 417 ლარს და აღნიშნული თანხიდან უნდა გაანგარიშდეს საშემოსავლო გადასახადი (41 417X20%=8283,4) ე.ი. უნდა მოხდეს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება, როგორც ეს არის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის შევსების დროს და არა ისე, როგორც ამას ანგარიშობს აუდიტის დეპარტამენტი, რის გამოც ხელოვნურად ზრდის დასაბეგრ ბაზას, შესაბამისად ხელოვნურად გაზარდა საშემოსავლო გადასახადის ძირითადი გადასახადი და ნაცვლად 8 283,4 ლარისა დამატებით დაარიცხა 12 216 ლარი ე.ი 3 933 ლარის დარიცხვა წარმოადგენს ზედმეტად დარიცხულ თანხას და აღნიშნული საკითხი ექვემდებარება გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ ფართის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და აგრეთვე, კომპანიის მიერ ფიზიკური პირისთვის უკან დაბრუნებულად დაფიქსირებული თანხები. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
2. სალაროდან გატანილი თანხების საწარმოს დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
2019 წლის საანგარიშო პერიოდში კომპანიის სალაროდან დირექტორის მიერ გატანილია თანხები. საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში, კერძოდ, 1.01.2019 წლის მონაცემებით საწარმოს უფიქსირდება დავალიანება დირექტორის მიმართ (ბუღალტრული ანგარიში 3160/01), რომელიც შეადგენს 147 029 ლარს, რომელიც შემდგომ მცირდება სალაროდან გატანილი თანხით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს აღნიშნულ ანგარიშზე დირექტორის დავალიანება შეადგენს 885 ლარს.
გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა საწყისი ნაშთის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა კომპანიის მიერ არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ინფორმაცია. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული დავალიანების წარმოშობა განპირობებულია დირექტორის მიერ საწარმოს კრედიტორებისათვის გადახდილი თანხებით, ამასთანავე, აღნიშნულ კრედიტორების მიერ გაწეულ მომსახურებაზე და შესრულებულ სამუშაოებზე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დოკუმენტი არ არსებობს ან/და არსებული დოკუმენტში დაფიქსირებული თანხა არ შეესაბამება დირექტორის მიერ გადახდილ თანხებს. გარდა აღნიშნულისა, მოცემული პირებისთვის დირექტორის მიერ გადახდილი თანხა აღემატება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებულ დირექტორის მიმართ დავალიანების თანხის მოცულობას. შედეგად, ვერ დგინდება საწარმოში აღნიშნული თანხის შეტანის და გამოყენების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში საწარმოს სალაროში არსებული თანხის მოცულობა, რაც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ჩაითვალა დირექტორის ხელფასად. შესაბამისად, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში ფიქსირდება საწარმოს დირექტორის მიერ სალაროდან თანხების გატანა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში საწარმოს დავალიანება უფიქსირდება დირექტორის მიმართ. ასევე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული დავალიანების წარმოშობა განპირობებულია დირექტორის მიერ საწარმოს კრედიტორებისათვის გადახდილი თანხებით, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული კრედიტორების მიერ გაწეულ მომსახურებაზე და შესრულებულ სამუშაოებზე დოკუმენტი არ არსებობს ან/და არსებულ დოკუმენტში დაფიქსირებული თანხა არ შეესაბამება დირექტორის მიერ გადახდილ თანხებს. გარდა აღნიშნულისა, მოცემული პირებისთვის დირექტორის მიერ გადახდილი თანხა აღემატება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებულ დირექტორის მიმართ დავალიანების თანხის მოცულობას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით საწარმოდან დირექტორის მიმართ არსებული ვალდებულების დაფარვის საფუძვლით გატანილი თანხების, ასევე დირექტორის მიერ მიღებული იმ თანხების, რომელთა გამოყენება კრედიტორთა დავალიანების დაფარვისთვის არ დადასტურდა, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა კანონშესაბამისია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2015-2018 წლებში მიმდინარე მშენებლობის პროცესში მასალების/მომსახურების შესაძენად აუცილებელი იყო ფინანსური სახსრები, ხოლო იმ პერიოდში საწარმოს შემოსავლები არ ჰქონდა, აქედან გამომდინარე აუცილებელი იყო მასალები/მომსახურების შეძენებიდან ვალდებულებების შესრულება და საწარმოს დამფუძნებელ პარტნიორებს შემოჰქონდა თავიანთი სახსრები და ხდებოდა ვალდებულებების დაფარვა, ფაქტის დასადასტურებლად შპს --------თან (ს/ნ ------) შედგა ურთიერთშედარების აქტი, სადაც ნათლად არის დაფიქსირებული, რომ შპს -------მა უზრუნველყო 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით, შენობის საძირკვლისათვის ქვაბულის მომზადება, კერძოდ კლდოვანი მასის მოხსნა და მისი გატანა. აღნიშნული სამუშაოები ჩატარდა ქ. -------, ------- ქ. №---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ -------). შესრულებული სამუშაოების ღირებულება 286 655 ლარი გადახდილი იქნა ნაღდი ანგარიშსწორებით, რომელიც გადახდილი იქნა კომპანიის მიერ დამფუძნებლების შემოტანილი ფულადი სახსრებიდან, რის შედეგადაც საწარმოს ერიცხებოდა კრედიტორულ დავალიანებაში, ხოლო როდესაც საწარმომ მიიღო შემოსავლები ამის შემდგომ მოხდა შემონატანი თანხების დაფარვა, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა ეს გარემოება და საწარმოს მიერ თანხების გასტუმრება სრულიად უსაფუძვლოდ ჩათვალა გაცემულ ხელფასად, რის გამოც ამ მიზეზით დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი წარმოადგენს უსაფუძვლოდ უკანონოდ დარიცხულ გადასახადს და ექვემდებარება გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 2019 წლის საანგარიშო პერიოდში კომპანიის სალაროდან დირექტორის მიერ გატანილია თანხები. 1.01.2019 წლის მონაცემებით საწარმოს უფიქსირდება დავალიანება დირექტორის მიმართ (ბუღალტრული ანგარიში 3160/01) 147 029 ლარის ოდენობით. დავალიანება შემცირდა სალაროდან გატანილი თანხით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 885 ლარს. გადასახადის გადამხდელმა საწყისი ნაშთის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მომჩივანი მიუთითებს კომპანიის დამფუძნებლების მიმართ შესაძლო ვალდებულებების არსებობის თაობაზე, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგად არ დასტურდება 1.01.2019 წლის მდგომარეობით კომპანიის დირექტორის მიმართ ვალდებულების საწყისი ნაშთის რეალურობა. ასევე, აღნიშნული არ დასტურდება მომჩივნის მიერ წარმოდგენილი შპს -------თან (ს/ნ --------) გაფორმებული 24.04.2023 წლის ურთიერთშედარების აქტით.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება;
2. სალაროდან გატანილი თანხების საწარმოს დირექტორის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. გადასახადის გადამხდელს ფიზიკურ პირებზე რეალიზებული აქვს ორი ფართი, თუმცა რეალიზაციის თანხები საწარმოს მიერ სრულად არ არის დაბეგრილი, ასევე, ერთიერთი უძრავი ქონების რეალიზაციის შესაბამისი თანხა არ ფიქსირდება გადამხდელის ბუღალტრულ პროგრამაში, ხოლო მეორე ფართის რეალიზაციის თანხის ნაწილის დაბრუნება ბუღალტრული პროგრამით ფიქსირდება ქეშად. ამასთან, კომპანიის დირექტორის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, ერთ-ერთი ფართის რეალიზაციის თანხა მიღებულია მის მიერ. აღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ხოლო მიღებული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
2019 წლის საანგარიშო პერიოდში ფიქსირდება საწარმოს დირექტორის მიერ სალაროდან თანხების გატანა. რაც ჩაითვალა დირექტორის ხელფასად. შესაბამისად, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(1)(3), 73(9"ბ"), 101(1), 154(1"ა").