გადაწყვეტილება №19312/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19312/2/2023
11.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 4.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19312/2/2023).
დავის საგანი:
1. სალაროდან გატანილი თანხის საწარმოს დირექტორის სარგებლად განხილვა;
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №006-536 საგადასახადო მოთხოვნა;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №006-64923 შეტყობინება;
3. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5293 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 240 026 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 116 446
ჯარიმა - 97 446
საურავი - 26 134
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტკბილეულის წარმოება, შეძენა და რეალიზაცია. საწარმო საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9721 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №30398 ბრძანება და №006-536 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 240 026 ლარი.
ამასთან, ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №006-64923 შეტყობინების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა და შეტყობინება 2022 წლის 22 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 მარტის №5293 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სალაროდან გატანილი თანხის საწარმოს დირექტორის სარგებლად განხილვა
ფაქტების აღწერა
თავდაპირველად საწარმო ახორციელებდა საკონდიტრო ნაწარმის შეძენა-რეალიზაციას, ხოლო წარმოება დაიწყო 2020 წლის ოქტომბრის თვიდან. კომპანია აწარმოებს 25-მდე დასახელების პროდუქციას, როგორიცაა: შოკოლადის ჭიქური, საიუბილეო, ორცხობილები და სხვა. 2021 წლის 9 დეკემბერს შპს „----------“ ---------- კომპანია „----------“-სგან (ს/ნ ----------) შეიძინა რეცეპტურა და ტექნოლოგიური ინსტრუქცია შემდეგ საკვებ პროდუქტებზე: 1. პურის ჩხირი; 2. პურის სნეკი; 3. საღეჭი მარმელადი; 4. მარშმელოუ, რომელთა ღირებულებამაც შეადგინა 140 000 აშშ დოლარი. ანგარიშსწორება განხორციელდა ნაღდი ფულით, სალაროდან თანხის გატანის შედეგად.
საწარმოს დირექტორმა 433 874 ლარი (140 000 აშშ დოლარის ექვივალენტი) გადაუხადა ---------- კომპანიის წარმომადგენელს ----------. აღნიშნული პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი საწარმოს არ გააჩნია. ასევე, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა რეცეპტების დამადასტურებელი სერთიფიკატები და პატენტი. რეცეპტებში ხსენებული პროდუქციის წარმოება კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში არ დაუწყია, მომჩივნის განმარტებით, მომავალში იგეგმება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული წარდგენილი დოკუმენტები და სალაროდან გატანილი თანხა განიხილა საწარმოს დირექტორის სარგებლად და დაბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ 2021 წლის 9 დეკემბერს შპს „----------“ ---------- კომპანიისგან შეიძინა რეცეპტურა და ტექნოლოგიური ინსტრუქცია, რომელთა ღირებულებამაც შეადგინა 140 000 აშშ დოლარი. ანგარიშსწორება განხორციელდა ნაღდით, სალაროდან თანხის გატანის შედეგად. საწარმოს დირექტორმა 433 874 ლარი (140 000 დოლარის ექვივალენტი) გადაუხადა ---------- კომპანიის წარმომადგენელს ----------. თუმცა, შემოწმებით გაირკვა, რომ აღნიშნული პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი საწარმოს არ გააჩნდა. ასევე, გადამხდელმა ვერ წარადგინა რეცეპტების დამადასტურებელი სერთიფიკატები და პატენტი. რეცეპტებში ხსენებული პროდუქციის წარმოება კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში არც დაუწყია, მათი ახსნა-განმარტებით, მომავალში იგეგმებოდა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ---------- საზღვრის კვეთა არ ფიქსირდება. ---------- კომპანია „----------“-ს (სნ ----------) მოძებნა საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხთა შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) სამმართველოს არსებული წყაროების მიხედვით შეუძლებელი გახდა. ინტერნეტში არსებული ინფორმაციით კი ---------- კომპანია „----------“-ს საქმიანობას წარმოადგენს მძიმე ტექნიკის წარმოება და რეალიზაცია.
ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
1. შემმოწმებელს გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარედგინა ---------- კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, ინვოისი, ფაქტურა, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და პროდუქტის რეცეპტურა/ტექნოლოგიური ინსტრუქციები, თუმცა შემმოწმებელმა დაუსაბუთებლად არ ჩათვალა აღნიშნული ნასყიდობა რელევანტურად.
2. დაუსაბუთებელია პოზიცია, რომ გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაცია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება როგორც საწარმოს, ასევე თანხის მიმღები პირის იდენტიფიკაცია.
3. დაუსაბუთებელია პოზიცია, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია რეცეპტების დამადასტურებელი სერთიფიკატები და პატენტი, მაშინ როცა აღნიშნულ რეცეპტურას/ტექნოლოგიურ პროცესს არ სჭირდება არანაირი სერთიფიკატი და არც პატენტი.
4. შემმოწმებელი უთითებს, რომ რეცეპტებში ხსენებული პროდუქციის წარმოება საზოგადოებას დღემდე არ დაუწყია. ამასთან, აქტში მითითებულია, რომ მომჩივანს წერილობითი პოზიცია არ წარუდგენია. გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებელს წარუდგინა წერილობითი ახსნა-განმარტება და დოკუმენტაცია. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პროდუქციის გამოშვება დაწყებულია და ხდება მისი რეალიზაცია.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა ---------- კომპანიისგან შეიძინა რეცეპტურა და ტექნოლოგიური ინსტრუქცია. ანგარიშსწორება განხორციელდა სალაროდან გატანილი თანხით. საწარმოს დირექტორმა 433 874 ლარი გადაუხადა ---------- კომპანიის წარმომადგენელს ----------, თუმცა შემოწმებით გაირკვა, რომ აღნიშნული პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი საწარმოს არ გააჩნდა. ასევე, მომჩივანმა ვერ წარადგინა რეცეპტების დამადასტურებელი სერთიფიკატები და პატენტი. რეცეპტებში ხსენებული პროდუქციის წარმოება კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში არც დაუწყია. ამასთან, ---------- მიერ საზღვრის კვეთა არ ფიქსირდება. ---------- კომპანიის მოძებნა საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხთა შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) სამმართველოს არსებული წყაროების მიხედვით შეუძლებელი გახდა. ინტერნეტში არსებული ინფორმაციით კი თურქული კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მძიმე ტექნიკის წარმოება და რეალიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სალაროდან გატანილი თანხის საწარმოს დირექტორის სარგებლად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართებულია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება
ფაქტების აღწერა
ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №006-64923 შეტყობინების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8, 238-ე, 239-ე მუხლებზე და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №006-64923 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს 2022 წლის 6 დეკემბრის №006-64923 შეტყობინება, როგორც კანონსაწინააღმდეგოდ გამოცემული აქტი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
ამავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს, 2022 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და დღესაც ერიცხება საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის გათვალისწინებით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელებულია მართებულად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სალაროდან გატანილი თანხის საწარმოს დირექტორის სარგებლად განხილვა;
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელმა უცხოური კომპანიისგან შეიძინა რეცეპტურა და ტექნოლოგიური ინსტრუქცია. ანგარიშსწორება განხორციელდა სალაროდან გატანილი თანხით. საწარმოს დირექტორმა 433 874 ლარი გადაუხადა უცხოური კომპანიის წარმომადგენელს, თუმცა შემოწმებით გაირკვა, რომ აღნიშნული პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი საწარმოს არ გააჩნდა. ასევე, მომჩივანმა ვერ წარადგინა 4 რეცეპტების დამადასტურებელი სერთიფიკატები და პატენტი. რეცეპტებში ხსენებული პროდუქციის წარმოება კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში არც დაუწყია. ამასთან, უცხოური კომპანიის წარმომადგენლის მიერ საზღვრის კვეთა არ ფიქსირდება. კომპანიის მოძებნა საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხთა შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) სამმართველოს არსებული წყაროების მიხედვით შეუძლებელი გახდა. ინტერნეტში არსებული ინფორმაციით კი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მძიმე ტექნიკის წარმოება და რეალიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სალაროდან გატანილი თანხის საწარმოს დირექტორის სარგებლად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართებულია.
2. გადასახადის გადამხდელს, 2022 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და დღესაც ერიცხება საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის გათვალისწინებით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელებულია მართებულად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მეორე სადავო საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 238(1„ა“); 239(1); 275