გადაწყვეტილება №20449/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20449/2/2023
26 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 1.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20449/2/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;
2. შემოწმებით დადგენილ ფულის ნაშთსა და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაღდი ფულის ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №081-58 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16950 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 213 281 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 128 723
დღგ - 69 928
მოგების გადასახადი - 3 269
საშემოსავლო გადასახადი - 55 518
ქონების გადასახადი - 8
ჯარიმა - 75 651
საურავი - 8 907
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ცხოველის და ფრინველის საკვებით, ასევე მათი აქსესუარებით საცალო ვაჭრობა (ზოომაღაზია).
აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 15.01.2021 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №081-58 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16950 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებული ფასნამატის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ბუღალტრული პროგრამა, ასევე გაანგარიშება რეალიზებული პროდუქციის სახეობების და რაოდენობების მიხედვით (კონკრეტული პროდუქცია რა რაოდენობით და ფასად იქნა რეალიზებული), შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.03.2023 წლის №4817 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (აღწერა), რომლის მასალებიც გადაგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში საბოლოო შედეგის დასადგენად, სულ აღწერის შედეგად საბაზრო ფასებით არსებული პროდუქციის ღირებულება შეადგენს 83 383 ლარს, ასევე გადასახადის გადამხდელთან 16.03.2022 წელს, 10.06.2022 წელს, 29.09.2022 წელს და 6.03.2023 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული იქნა საკონტროლო შესყიდვები, რაზედაც 16.03.2022 წელს და 10.06.2022 წელს გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილია ორი სამართალდარღვევის ოქმი საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევის ფაქტზე. აღნიშნული საკონტროლო შესყიდვების შედეგად დადგენილი საშუალო ფასნამატი 50%-ია, რომელიც სრულ თანხვედრაშია სხვა აუდირებული, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების ფასნამატებთან.
შესაბამისად, აღწერის შედეგად არსებული სასაქონლო მარაგების თვითღირებულება დღგ-ის გარეშე, 50%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით, შეადგენს 47 030 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შეძენების და საბოლოო (ფაქტობრივი) ნაშთის გათვალისწინებით, დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (650 299 ლარი), რომელზეც გავრცელდა 50%-იანი ფასნამატი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას ვერ წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა, ასევე ვერ წარადგინა გაანგარიშება რეალიზებული პროდუქციის სახეობების და რაოდენობების მიხედვით (კონკრეტული პროდუქცია რა რაოდენობით და ფასად იქნა რეალიზებული), რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სიგარეტზე ფასნამატის გაანგარიშების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, სიგარეტზე ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტის ანალიზიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტი და თანდართული მასალები შინაარსობრივად საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტების კონსტატაციის საფუძველზე საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის განსაზღვრის დასასაბუთებლად არ პასუხობს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტობრივად საკითხების ირგვლივ აუდიტორი შემოიფარგლა ზოგადი ინფორმაციით, კერძოდ, სამართლებრივი და ეკონომიკური მოვლენების ზოგადი აღწერით და საერთო ციფრობრივი მასალებით, საიდანაც სურვილის შემთხვევაშიც კი, რთულდება საკითხების ირგვლივ სამართლებრივი და ეკონომიკური დასაბუთებების წარდგენა, უფრო მეტიც აქტს საერთოდ არ ახლავს შედეგების ცხრილებიც კი, რაც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების უგულვებელყოფაა.
რეალიზებული საქონლის ფასნამატის მოცულობა განსაზღვრულია 50%-ით, რაც ძალიან მაღალია ცხოველებისა და ფრინველის საკვებითა და აქსესუარებით ვაჭრობის სფეროში. ბოლო პერიოდში მოცემული სახის ობიექტების რიცხვის ზრდამ ბაზარზე მაღალი კონკურენტული გარემოს შექმნა, რამაც არსებითი ზეგავლენა იქონია მოცემულ სფეროში ფასნამატის სიდიდეზე და იგი შეადგენს საშუალოდ 25%-30%-ს და არა 50%-ს.
საწარმოს საქმიანობის სფეროს შემოწმების აქტის მიხედვით წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ყვავილებით, მცენარეებით, თესლით, სასუქებით, შინაური ცხოველებით და შინაური ცხოველების საკვებით სპეციალიზებულ მაღაზიებში. შემოწმების აქტში არ არის მითითებული, მაგრამ მოცემულ ობიექტში ხდებოდა სიგარეტებით და სხვა საქონლითაც ვაჭრობა. აუდიტორმა კი, ყველა პროდუქტის მიმართ 50%-იანი ფასანამატი, რაც აბსურდია. თავად აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტებშია დაფიქსირებული 8%-იანი ფასნამატი სიგარეტებით ვაჭრობაში, აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ. თუმცა, მაღაზიაში გარდა ძირითადი პროდუქციისა სხვა პროდუქციითაც ხდებოდა ვაჭრობა, რაზეც ავტომატურად არის გავრცელებული 50%-იანი ფასნამატი.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივნის კუთვნილ ობიექტებში სხვადასხვა დროს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები, რასაც არ უარყოფს, მაგრამ არც ოქმი და არც გადასახადის გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვის აქტები არ ინახება, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. კომპანიის სავაჭრო ქსელში ძირითადად განთავსებულია იმპორტირებული საქონელი, რომლის ღირებულებაც მიბმულია აშშ დოლარის კურსზე. ლარის ეტაპობრივმა გამყარებამ და მოცემულ სფეროში კონკურენციის ზრდამ განაპირობა ფასნამატების შემცირება, რაც აუდიტორის მიერ საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული. საგადასახადო შემოწმება ჩატარდა ზედაპირულად და არა საფუძვლიანად, მოცემულ სფეროში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით.
აუდიტორი მიუთითებს, რომ კომპანიაში ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია. სულ ინვენტარიზაციის შედეგად საბაზრო ფასებით არსებული პროდუქციის ღირებულება შეადგენს 83 383 ლარს. რა იყო სმფ-ების ჩატარების მიზანი, ნაშთის მოცულობის დაფიქსირება თუ ზედმეტობის ან დანაკლისის გამოვლენა, თეორიულად მეორე ნაწილი უნდა იყოს. ინვენტარიზაციის მასალები გადასახადის გადამხდელს არც ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ მიწოდებია და არც შემოწმების აქტის დანართად არის წარმოდგენილი.
უცნობია, როგორ იქნა მიღებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 650 299 ლარი, გადმოგზავნილი მასალებით ამის განსაზღვრა ვერ მოხერხდა. სულ კომპანიის მიერ 1.03.2023 წლისთვის შეძენილ იქნა 854 766 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, დღგ-ის ჩათვლით. დღგ-ის გარეშე 724 378 ლარი, საიდანაც დაუდასტურებელია (გაუქმებულია) 15 816 ლარის სასაქონლო ზედნადებები. შეძენილია სარემონტო მასალები, სარეალიზაციოდ სიგარეტი და სხვა თამბაქოს ნაწარმი. ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლენილია საბაზრო ფასებით 83 383 ლარის საქონელი (ალბათ 50% -იანი ფასნამატის შემთხვევაში). ნაშთად ტექსტში ფიქსირდება 47 050 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა (50% ფასნამატი კი უნდა შეადგენდეს 55 533 ლარს - 83 299:1,5). ინვენტარიზაცია ჩატარდა 14.03.2023 წელს, ინვენტარიზაციის მასალები გადასახადის გადამხდელს არ მიუღია, საიდან არის დადგენილი 650 259 ლარი გაუგებარია. აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აუდიტორის მიერ გაგზავნილი მასალების აუდიტორთან ერთად შესწავლა/გავლა არა მომხდარა და აღნიშნული საკითხი იგნორირებულია.
ფასნამატის ცნება, მაშინ როდესაც სისტემატურად იცვლება ეროვნული ვალუტის კურსი აბსურდულია. ფასნამატის განსაზღვრა ბიზნესის პრეროგატივაა და არა მაკონტროლებლის. ეკონომიკაში არსებობს ფასების ინდექსის ცნება, რომელსაც სტატისტიკური ორგანოები განსაზღვრავენ და იგი საჯაროა, ამასთან, არსებობს ფასების ინდექსის განსაზღვრის მეთოდოლოგიაც, წარმოებისთვის კი არსებობს რენტაბელობის ცნება, რომელსაც ზემოდან ვერავინ ვერ დაარეგულირებს. ეს ბიზნესში უხეში ჩარევის მცდელობაა, ანუ ბიზნესმენის დასჯის ირიბი მექანიზმია.
საგადასახადო მოთხოვნით გადასახადის გადამხდელს ეკისრება 69 928 ლარი დღგ, საგადასახადო შემოწმების აქტზე თანდართული გადასახდელი დღგ-ის ცხრილით კი ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის სვეტში მითითებულია 46 107 ლარი. რაც შეეხება 69 928 ლარს, ეს არის საგადასახადო დეკლარაციებში დარიცხული (და არა გადასახდელი) თანხის შემცირება, რაზეც უნდა დაჯარიმებულიყო საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამდენად, საგადასახადო მოთხოვნა მოცემულ პარამეტრში უნდა დაზუსტდეს. აღნიშნული საკითხიც განხილვის მიღმა არის დარჩენილი, რითაც ირღვევა გადასახადის გადამხდელის უფლებები, კერძოდ, მას ერთმევა მომწოდებელზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლის უფლების მიღება დასაბუთების გარეშე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლი პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16950 ბრძანებით, სიგარეტზე ფასნამატის გაანგარიშების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, სიგარეტზე ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16950 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. შემოწმებით დადგენილ ფულის ნაშთსა და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაღდი ფულის ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი და განისაზღვრა ფულის ნაშთის ოდენობა 1.03.2023 წლის მდგომარეობით, რომელმაც შეადგინა 222 078 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №2415 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად, ნაღდი ფულის სახით სალაროში ნაშთი დაფიქსირდა 197,6 ლარი. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დადგენილ ფულის ნაშთსა და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაღდი ფულის ნაშთს შორის სხვაობის თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდების ბოლოს დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ხოლო განაცემთა შესახებ ინფორმაციის არასწორად დეკლარირებისთვის პირი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და შემოწმებით დადგენილ იმ ფაქტზე, რომ შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი და განისაზღვრა ფულის ნაშთის ოდენობა 1.03.2023 წლის მდგომარეობით, რამაც შეადგინა 222 078 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №2415 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით, ნაღდი ფულის სახით სალაროში ნაშთი დაფიქსირდა 197,6 ლარი. შემოწმებით დადგენილ ფულის ნაშთსა და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაღდი ფულის ნაშთს შორის სხვაობის თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესამოწმებელი პერიოდების ბოლოს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
გაუგებარია, რატომ ხდება სალაროს ნაშთის ხელფასად აღიარების დროს მისი აგროსვა. სალაროს ნაშთი წარმოშობილია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების სხვაობით. ფაქტობრივ მოვლენებში განმარტებულია ხელფასის, როგორც ეკონომიკური მაჩვენებლის საგადასახადო ნორმების შესაბამისად განმარტება.
აუდიტორი აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს გადასახადი დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნული მუხლებით განმარტებულია ხელფასი და განსაზღვრულია საგადასახადო აგენტის ფუნქცია, დაბეგვრის მექანიზმი კი მოცემულია საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველ ნაწილში.
შემოწმების აქტით იკვეთება მხოლოდ 277 590 ლარის გაცემა, საიდან მოდის ეს ციფრი უცნობია. აუდიტორის მიერ გადმოგზავნილ მასალებში სალაროს ბრუნვა მოცემული არ არის, შესაბამისად მსჯელობაც რთულია. ზემოთ დღგ-ის ნაწილში მოყვანილი მსჯელობიდან ამ ციფრამდე ვერ მიდის. ამდენად, აღნიშნული საკითხი აუდიტორთან ერთად გავლას საჭიროებს.
საგადასახადო შემოწმებების დროს გავრცელებული პრაქტიკაა სალაროს ნაშთის აგროსვა. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების საფუძველზე, რაც არასამართლიანია და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და თავისი შინაარსით წარმოადგენს გადასახადების ფარული ზრდის საფუძვლებს, რადგან ფიზიკურ პირს ეკისრება დამატებით გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის მოძიება, რომელიც რატომღაც უნდა გადაიხადოს საგადასახადო აგენტმა. გადასახდელი თანხა წარმოდგენილია, როგორც განყენებული დამატებით მოსაძიებელი სიდიდე, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის ფუნდამენტურ დებულებებს.
იურიდიულმა პირმა, რომელსაც სალაროში დარჩენილი აქვს ნაშთი, გადასახადის გადამხდელისთვის ნაშთის ზემოთ დარიცხული საშემოსავლო გადასახადი როგორ უნდა აღრიცხოს, როცა მისი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, ანუ გამოდის, რომ ის უნდა ჩამოიწეროს საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან (მოცემული ხარჯების ბუღალტრულად ჩამოწერის სხვა მექანიზმი არ არსებობს), ანუ გამოდის, რომ გადასახადის გადამხდელი ბიუჯეტში იხდის იმაზე მეტ გადასახადს, რაც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებით არის განსაზღვრული. იგივე შემთხვევაში სალაროში ნაშთად დარჩენილი თანხა მეწარმე სუბიექტზე რომ გაიცეს, როგორ უნდა აისახოს სუბიექტის ერთობლივ შემოსავალში, აგროსილი თუ ნაშთად ფიქსირებული? მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლზე და იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საბიუჯეტო გადასახადების განსაზღვრული ნორმების ფარული ზრდის მაგალითს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
ზემოთმოყვანილი საკითხებიდან იკვეთება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი საპროექტო შედეგები დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დაირღვა საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლება-ვალდებულებების ნაწილში). ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16950 ბრძანებით, სიგარეტზე ფასნამატის გაანგარიშების საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16950 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;
2. შემოწმებით დადგენილ ფულის ნაშთსა და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაღდი ფულის ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ბუღალტრული პროგრამა, ასევე გაანგარიშება რეალიზებული პროდუქციის სახეობების და რაოდენობების მიხედვით (კონკრეტული პროდუქცია რა რაოდენობით და ფასად იქნა რეალიზებული), შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. აღწერის შედეგად არსებული სასაქონლო მარაგების თვითღირებულება დღგ-ის გარეშე, 50%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით, შეადგენს 47 030 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შეძენების და საბოლოო (ფაქტობრივი) ნაშთის გათვალისწინებით, დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (650 299 ლარი), რომელზეც გავრცელდა 50%-იანი ფასნამატი. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი და განისაზღვრა ფულის ნაშთის ოდენობა 1.03.2023 წლის მდგომარეობით, რომელმაც შეადგინა 222 078 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №2415 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად, ნაღდი ფულის სახით სალაროში ნაშთი დაფიქსირდა 197,6 ლარი. შემოწმებით დადგენილ ფულის ნაშთსა და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაღდი ფულის ნაშთს შორის სხვაობის თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდების ბოლოს დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ხოლო განაცემთა შესახებ ინფორმაციის არასწორად დეკლარირებისთვის პირი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(1)(3), 73(5"ა")(9"ბ"), 159(1"ა""ბ"), 101(1), 154(1"ა").