გადაწყვეტილება №22528/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.04.2024
№ დოკუმენტი 22528/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22528/2/2024

29 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ს 11.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22528/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №002-305 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3344 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 19 913.88 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 15 572

ჯარიმა - 3 609

საურავი - 732.88

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა კაკლითა და თხილით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს როგორც ადგილობრივად შესყიდული, ისე იმპორტირებული ნაწარმით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით პერიოდები.

შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაში ფიქსირდება უზუსტობები. ბუღალტრულად ჩამოწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში არ იმიჯნება დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. ასევე, ბუღალტრული მონაცემებით დოკუმენტური ფასნამატი მკვეთრად აღემატება საცალო რეალიზაციის შედეგად დაფიქსირებულ ფასნამატს.

შემოწმებით, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25569 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი, კონკრეტული სახეობების მიხედვით (საცალოდ ჩამოწერილ საქონელზე დოკუმენტური რეალიზაცია ფაქტობრივად არ ფიქსირდება).

შემოწმების შედეგად მიღებული სხვაობით გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა და გადანაწილდა საანგარიშო პერიოდებზე შესაბამისის პროპორციის გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №32873 ბრძანება და ამავე თარიღის №002-305 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.02.2024 წლის №3344 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-22 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველი ნაწილზე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწარმოს მხრიდან წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაში ფიქსირდება უზუსტობები. კერძოდ, ბუღალტრულად ჩამოწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში არ იმიჯნება დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. ასევე, ბუღალტრული მონაცემებით დოკუმენტური ფასნამატი მკვეთრად აღემატება საცალო რეალიზაციის შედეგად დაფიქსირებულ ფასნამატს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ის დარიცხვას. განმარტავს, რომ საწარმოს საქმიანობის სახეა ნიგოზით ვაჭრობა, გადასახადის გადამხდელი ძირითადად იმპორტს ახორციელებს უკრაინიდან. აღნიშნავს, რომ საწარმო შესყიდული საქონლის ღირებულების გადახდას გამყიდველის მოთხოვნით (ხორციელდება გამყიდველისთვის მისაღები ნებისმიერი ფორმით), არ ახორციელებს საბანკო სისტემის მეშვეობით, თუმცა მუდმივად დგება შედარების აქტები გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად.

შემმოწმებლის კანონიერი მოთხოვნის პასუხად გაგზავნილ შედარების აქტში გაიპარა ხარვეზი, კონკრეტულად თარიღი არ იყო სწორად მითითებული და ამის გამო გაჩნდა ჩანაწერი შპს „----- -თან“ გადასახადის დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობის შესახებ, ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით უზუსტობის გასწორებას. მიუთითებს, რომ შემოწმების დროს აღნიშნული დავალიანება არ არსებობდა.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების აუცილებლობა არ იყო, კომპანია აწარმოებს უწყვეტ ბუღალტრულ აღრიცხვას და პროგრამის ასლი მიეწოდა შემმოწმებლებს. მიუთითებს, რომ ამ პოზიციის მართებულობას ადასტურებს მონაცემები, რომელიც ატვირთულია გადამხდელის გვერდზე შემოსავლების სამსახურში. აცხადებს, რომ დეტალური განხილვისას წარმოადგენს მტკიცებულებებს. გადასახადის გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ წონის ბუნებრივ დანაკარგს აქვს ადგილი, უცხოური გამოცდილება და მოპოვებული მასალები ცხადყოფს, რომ 2-2.2% დანაკარგი აბსოლუტურად მისაღებია ასეთი სახის პროდუქციისთვის. აღნიშნავს, რომ საწარმომ განახორციელა 2023 წლის 16 ოქტომბრამდე 969 530 კ.გ. ნიგოზის რეალიზაცია და დაფიქსირებული დანაკლისი წარმოადგენს 0.62%-ს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №32873 ბრძანების და №002-305 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და “ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. გადასახადის გადამხდელი ძირითადად იმპორტს ახორციელებს უკრაინიდან. აღნიშნავს, რომ საწარმო შესყიდული საქონლის ღირებულების გადახდას არ ახორციელებს საბანკო სისტემის მეშვეობით გამყიდველის მოთხოვნით (ხორციელდება გამყიდველისთვის მისაღები ნებისმიერი ფორმით), თუმცა მუდმივად დგება შედარების აქტები გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად.

აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის კანონიერი მოთხოვნის პასუხად გაგზავნილ შედარების აქტში გაიპარა ხარვეზი, კონკრეტულად თარიღი არ იყო სწორად მითითებული და ამის გამო გაჩნდა ჩანაწერი შპს „----- თან “ გადასახადის დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობის შესახებ, ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით უზუსტობის გასწორებას. მიუთითებს, რომ შემოწმების დროს აღნიშნული დავალიანება არ არსებობდა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების აუცილებლობა არ იყო, კომპანია აწარმოებს უწყვეტ ბუღალტრულ აღრიცხვას და პროგრამის ასლი მიეწოდა შემმოწმებლებს. მიუთითებს, რომ ამ პოზიციის მართებულობას ადასტურებს მონაცემები, რომელიც ატვირთულია გადამხდელის გვერდზე შემოსავლების სამსახურში. აცხადებს, რომ დეტალური განხილვისას წარმოადგენს მტკიცებულებებს. გადასახადის გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ წონის ბუნებრივ დანაკარგს აქვს ადგილი, უცხოური გამოცდილება და მოპოვებული მასალები ცხადყოფს რომ 2-2.2% დანაკარგი აბსოლუტურად მისაღებია ასეთი სახის პროდუქციისთვის. აღნიშნავს, რომ საწარმომ განახორციელა 2023 წლის 16 ოქტომბრამდე 969 530 კგ ნიგოზის რეალიზაცია და დაფიქსირებული დანაკლისი წარმოადგენს 0.62%-ს.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაში ფიქსირდებოდა უზუსტობები. ბუღალტრულად ჩამოწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში არ იმიჯნებოდა დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. ასევე, ბუღალტრული მონაცემებით დოკუმენტური ფასნამატი მკვეთრად აღემატებოდა საცალო რეალიზაციის შედეგად დაფიქსირებულ ფასნამატს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი კონკრეტული სახეობების მიხედვით (საცალოდ ჩამოწერილ საქონელზე დოკუმენტური რეალიზაცია ფაქტობრივად არ ფიქსირდება). შემოწმების შედეგად მიღებული სხვაობით გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა და გადანაწილდა საანგარიშო პერიოდებზე შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით.

ამგვარად, ვინაიდან შემოწმებით დადგინდა, რომ ბუღალტრული მონაცემებით დოკუმენტური ფასნამატი მკვეთრად აღემატებოდა საცალო რეალიზაციის შედეგად დაფიქსირებულ ფასნამატს, კონკრეტული სახეობების მიხედვით, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ის დარიცხვას.მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №32873 ბრძანების და №002-305 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი ვაჭრობს როგორც ადგილობრივად შესყიდული, ისე იმპორტირებული ნაწარმით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ბუღალტრულად ჩამოწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში არ იმიჯნება დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. ასევე, ბუღალტრული მონაცემებით დოკუმენტური ფასნამატი მკვეთრად აღემატება საცალო რეალიზაციის შედეგად დაფიქსირებულ ფასნამატს. შემოწმებით, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25569 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი, კონკრეტული სახეობების მიხედვით.შემოწმების შედეგად მიღებული სხვაობით გაიზარდა გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა და გადანაწილდა საანგარიშო პერიოდებზე შესაბამისის პროპორციის გათვალისწინებით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),159,163,164.