გადაწყვეტილება №25652/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.09.2025
№ დოკუმენტი 25652/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25652/2/2025

17 სექტემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 15.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25652/2/2025).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივნისის №037-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის №16495 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 166 338.34 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 104 389.76

დღგ - 27 378.69

საშემოსავლო გადასახადი - 77 011.07

ჯარიმა - 52 194.90

საურავი - 9 753.68

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა იმპორტის გზით შეძენილი საქონლის (წინდები, საშინაო ფეხსაცმელი) რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე,---ს ტერიტორიაზე. საწარმო გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2023 წლის 13 ივლისიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2023 წლის 22 სექტემბრიდან. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 აპრილის №8009 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2023 წლის 13 ივლისიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 5 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ საბანკო ამონაწერი, ხოლო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია. მომჩივნის ინფორმაციით, შეძენილი საქონელი რეალიზებულია სრულად, დებიტორ/კრედიტორები არ ჰყავს და კომპანიას საქონლის ნაშთი არ გააჩნია.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ დეკლარირებულმა ბრუნვამ შეადგინა 560 960 ლარი, რომლის საინვოისო ღირებულებამ შეადგინა 426 170 ლარი, ხოლო დეკლარირებულ ფასნამატს აფიქსირებს 31,6%-ს. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია არ ახორციელებდა დოკუმენტურ რეალიზაციას და არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შეუძლებელი იყო ერთეული საქონლის სარეალიზაციო ფასის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საცალო აუდირებული ფასნამატი საქონლის კატეგორიის მიხედვით, საშინაო ფეხსაცმელზე - 67.8%, ხოლო წინდაზე - 63,6%. გამოყენებული საცალო აუდირებული ფასნამატით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ასევე, შემოწმებით მიღებული შემოსავალის და კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით დარჩენილი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივნისის №12093 ბრძანება და №037-1 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 166 338.34 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 8 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 23 ივლისის №16495 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მხრიდან საცალო აუდირებული ფასნამატი გავრცელდა საქონლის საინვოისო ღირებულებიდან და არა საბაჟო ღირებულებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე კატეგორიების მიხედვით აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობისას გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება დარიცხულ თანხებს. სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისთვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისთვის.

შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. მომჩივნისთვის დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული საწარმოს საქმიანობა მომჩივნის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ, არც შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მომჩივნისთვის არ მიუწოდებიათ იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.

მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მომჩივნის დოკუმენტური ფასნამატი. ასევე, არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული.

მაგალითად, შპს „---“-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა, თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასნამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება, სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი - ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. როგორც აღნიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე, არასწორია ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „გროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის №16495 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საცალო აუდირებული ფასნამატი საქონლის კატეგორიის მიხედვით. შესაბამისად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, შემოწმებით მიღებული შემოსავალის და კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით დარჩენილი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 10.09.2025 წლის №80294-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლით და ფეხსაცმლით საცალო ვაჭრობა ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე. კომპანია იმპორტს ახორციელებს ჩინეთიდან. ვინაიდან საწარმოს არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, საგადასახადო ორგანომ გამოიყენა მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების საცალო აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 67.3%. იმპორტი გზით შეძენილი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 560 867 ლარს, ხოლო საინვოისო ღირებულება - 426 169 ლარს.

საგადასახადო ორგანოს მიერ საცალო აუდირებული ფასნამატი გავრცელდა საქონლის საინვოისო ღირებულებიდან და არა საბაჟო ღირებულებიდან, რის მიხედვითაც მთლიანმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 713 056 ლარი.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტში არსებული მონაცემების მიხედვით, შპს „----“-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფეხსაცმელებით (საშინაო, რეზინის, სპორტული), ჩანთებით და ქუდებით ბითუმად ვაჭრობა. იმპორტს ახორციელებს ჩინეთიდან და ირანიდან. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საბუღალტრო პროგრამა ფინა. შემოწმების შედეგად გამოყენებულ იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატი 26%. შპს „---“ და შპს „---“ ვაჭრობას ახორციელებენ ერთმანეთისგან განსხვავებული საქონლით. კერძოდ, შპს „---“ ვაჭრობს წინდებით და საშინაო ფეხსაცმლით, ხოლო შპს „---“ ფეხსაცმლით (საშინაო, რეზინის, სპორტული).

გარდა ამისა, შპს „---“-ის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა, ხოლო შპს „---“-ის საქმიანობა შემოწმებით განხილულ იქნა საბითუმო ვაჭრობად.

ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე, ეს ორი პირი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის რეალიზაციას (საცალო და საბითუმო). შესაბამისად, ორივე კომპანიაზე განხორციელდა განსხვავებული ინდივიდუალური აუდირებული ფასნამატის გავრცელება.

ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს.

საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საცალო აუდირებული ფასნამატი საქონლის კატეგორიის მიხედვით, საშინაო ფეხსაცმელზე - 67.8%, ხოლო წინდაზე - 63,6%. გამოყენებული საცალო აუდირებული ფასნამატით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ასევე, შემოწმებით მიღებული შემოსავალის და კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით დარჩენილი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1).