გადაწყვეტილება №20554/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20554/2/2023
28 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ -ის 11.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20554/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №259-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.07.2023 წლის №17799 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 187 827 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 120 841
დღგ - 92 972
საშემოსავლო გადასახადი - 27 869
ჯარიმა - 59 150
საურავი - 7 836
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა თევზების, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება, ძირითად შემთხვევაში შებოლვა და გამოყვანა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 16.11.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის და აღნიშნულთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით 2023 წლის 7 თებერვლის ჩათვლით, პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 7.04.2023 წლის №7741 ბრძანება და №259-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.07.2023 წლის №17799 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა
ფაქტების აღწერა
კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს გაყინულ თევზს, სხვადასხვა წესით ამარილებს და ბოლავს. საქონლის გამოსავლიანობა თვეების შესაბამისად შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად სეზონურობის ან პროდუქციის ხარისხის გამო, აღრიცხვას აწარმოებს ექსელის საშუალებით, ასევე, შემოწმების პროცესში წარადგინა წარმოების ცხრილები, რეალიზაციის 63% დოკუმენტურია, ძირითადად სასაქონლო-ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე.
გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან დაბრუნებული თევზი გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულია ძირითადად საცალოდ. საცალოდ რეალიზებული თევზის ღირებულება, შესაბამისობაშია სხვა აუდირებულ მონაცემებთან.
გადასახადის გადამხდელის მიერ პერიოდულად ხდება გაფუჭებული თევზის დაგროვება, შემდეგ ხდება მისი აწონვა, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი კომისიის მოწვევა და ჩამოწერის განხორციელება. 2022 წლის მარტის თვეში გაფუჭებულმა და ჩამოწერილმა თევზის რაოდენობამ შეადგინა 220 კგ.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის №2031 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და განხორციელდა თევზის ფაქტობრივი რაოდენობების აღწერა. შემოწმების პროცესში დამუშავდა წარმოების ცხრილები, შეძენის და რეალიზაციის, ჩამოწერის დოკუმენტაცია, გაანგარიშდა რაოდენობრივი ნაშთი თევზების სახეობების მიხედვით. დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი, საბაზრო ფასით 609 572 ლარი. ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური და აუდირებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების, შემოწმების მიერ დამუშავებული გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული წარმოების (გამოსავლიანობის) ცხრილების, შეძენისა და რეალიზაციის, ასევე, ჩამოწერის დოკუმენტაციის გათვალისწინებით გაანგარიშებული იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი თევზების სახეობების მიხედვით, რაც შედარდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ ნაშთთან. აღნიშნულ ნაშთებს შორის სხვაობის მიხედვით, შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური და აუდირებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს თევზების, მოლუსკების და კიბოსნაირების გადამუშავება. ყიდულობს პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე, სხვადასხვა წესით ამარილებს და ბოლავს. საქონლის გამოსავლიანობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, კერძოდ:
- შეძენილი პროდუქცია ზოგჯერ არის ისეთი დაბალი ხარისხის, რომ გალღობის პროცესშივე თევზი იშლება და მისი ხელში აღება და გაშრობა შეუძლებელია;
- სეზონების მიხედვით, პროდუქციის გამოსავლიანობა სხვადასხვაა. ზაფხულის თვეებში თევზი მარილს ძნელად იღებს და მის გულში სისხლი რჩება, რაც იწვევს მომხმარებლის უკმაყოფილებას და იზრდება უკან დაბრუნებები, ამიტომ ხდება მარილში დიდი ხნით გაჩერება, ეს კი იწვევს პროდუქციის დიდ დანაკარგებს. ამდენად, აღებული აქვს საშუალოდ გამოსავლიანობა 60%.
შემოწმების მიერ გამოყვანილი ნაშთი დაიბეგრა დღგ-ით და გადასახდელმა თანხამ შეადგინა 92 972 ლარი, რაშიც არ არის გათვალისწინებული 2023 წლის იანვარში დაზუსტებული დეკლარაციით რეალიზებული საქონელი. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით დღგ-ის თანხის კორექტირებას. ასევე, აღნიშნავს, რომ სარეალიზაციოდ უვარგისი, ჩამოსაწერი პროდუქცია არ აღწერილა ინვენტარიზაციის დროს, რომელიც 1 ტონიდან 1.5 ტონის ფარგლებშია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზაციის 63%-ი დოკუმენტურია, ძირითადად სასაქონლო-ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან დაბრუნებული თევზი გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულია ძირითადად საცალოდ. შესწავლილ იქნა საცალოდ რეალიზებული თევზის ღირებულება, რაც შესაბამისობაში აღმოჩნდა სხვა აუდირებულ მონაცემებთან. გადასახადის გადამხდელის მიერ პერიოდულად ხდება გაფუჭებული თევზის დაგროვება, შემდეგ მისი აწონვა, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი კომისიის მოწვევა და ჩამოწერის განხორციელება. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და განხორციელდა თევზის ფაქტობრივი რაოდენობების აღწერა. შემოწმების მიერ დამუშავდა წარმოების ცხრილები, შეძენის და რეალიზაციის, ჩამოწერის დოკუმენტაცია, გაანგარიშდა რაოდენობრივი ნაშთი თევზების სახეობების მიხედვით და დადგინდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ფასით, რომლიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური და აუდირებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2023 წლის № „------“ წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმების მიერ დამუშავდა წარმოების ცხრილები, შეძენის და რეალიზაციის, ჩამოწერის დოკუმენტაცია, გაანგარიშდა რაოდენობრივი ნაშთი თევზების სახეობების მიხედვით, დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ფასით 609 572 ლარი. ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატის (დოკუმენტური და აუდირებული საბაზრო ფასების) გათვალისწინებით, დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
მომჩივანს შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებას და შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერების და სხვა არსებული დოკუმენტების დამუშავების საფუძველზე და გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, რომ კომპანიას სალაროში ფულადი სახსრები არ გააჩნია, განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის მე-12, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა მიჩნეულ იქნა დამატებით შემოსავლად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განსაზღვრული 132 593 ლარი არის სრულიად საფუძველს მოკლებული და მასზე დარიცხული გადასახადი 26 519 ლარი დაკისრებულია აქვს კომპანიას რასაც არ ეთანხმება, რადგან აღნიშნული თანხა არ შესულა სალაროში და არც საბანკო ანგარიშებზე. შემოწმების მიერ, საბაზრო ფასების გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და მის საფუძველზე იქნა მიღებული აღნიშნული 26 519 ლარი. ითხოვს, წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებას და დარიცხული თანხების კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ კომპანიას ფულადი სახსრები სალაროში არ გააჩნია, შემოწმების მიერ განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა და ვინაიდან მისივე განმარტებით სალაროში ფულის ნაშთი არ გააჩნდა, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
აუდიტის დეპარტამენტი 21.08.2023 წლის №„------“ წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა, რომელიც შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა დამატებითი შემოსავალად, ჩაითვლა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანს შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს მტკიცებულებებს, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის თხოვნას შემოწმებით დაკისრებული ჯარიმის შემცირებაზე, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს და ვერ იმსჯელებს დაკისრებული ჯარიმის შემცირების საკითხზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი ითხოვს დღგ-ის თანხის კორექტირებას.
2.მომჩივანი მიიჩნევს,რომ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განსაზღვრული თანხა არის სრულიად საფუძველს მოკლებული და მასზე დარიცხული გადასახადი დაკისრებული აქვს კომპანიას რასაც არ ეთანხმება.
ითხოვს, წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებას და დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური და აუდირებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერების და სხვა არსებული დოკუმენტების დამუშავების საფუძველზე და გადამხდელის ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, რომ კომპანიას სალაროში ფულადი სახსრები არ გააჩნია, განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს.გადამხდელის მიერ წარდგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა მიჩნეულ იქნა დამატებით შემოსავლად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1. საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს და ვერ იმსჯელებს დაკისრებული ჯარიმის შემცირების საკითხზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,136,154,158,163,164.