ბრძანება N 12449

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2026
№ დოკუმენტი 12449
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12449

05 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 7 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 ივნისის სხდომაზე (ოქმი №47) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ------) 2026 წლის 7 მაისის №102256/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №056-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, ასევე შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არ არის გონივრული და კანონიერი, ვინაიდან არ არსებობდა კანონმდებლობით დადგენილი პირობები, რა დროსაც შემმოწმებელი უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი. ამასთან, მხოლოდ ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამომდინარე დაუსაბუთებელია აღნიშნული მეთოდის გამოყენება. გადამხდელი ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 და 160-ე მუხლზე, რა დროსაც, გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლომატერიალური ფასეულობები იბეგრება დღგ-ით მისი გამოვლენის მომენტში.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ შემმოწმებელი ვალდებული იყო მოეხდინა ფულის ნაშთთან დაკავშირებული ინფორმაციის სისწორის შემოწმება სააღრიცხვო დოკუმენტაციების საფუძველზე, დაედგინა მისი ზუსტი ოდენობა და აქტში მიეთითებინა შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამასთან, არ ჩატარებულა სალაროში ფულის ნაშთის შემოწმება (ინვენტარიზაცია), შესაბამისად გაურკევველია როგორ დადგინდა ნაღდი ფულის არსებობა/არ არსებობის ფაქტი. გადამხდელი მიუთითებს, რომ თუ გაიზიარებს ინვენტარიზაციის შედეგებს, საწარმოს გააჩნია დანაკლისი, შესაბამისად აღნიშნული იბეგრება მოგების გადასახადით, ვინაიდან სალაროში არ შემოსულა თანხა, რაც თავის მხრივ უკანონოს ხდის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 თებერვლის №2489 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 20 იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 3 აპრილის №7763 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 531 335 ლარი, მათ შორის გადასახადი 334 904 ლარი, ჯარიმა 167 452 ლარი და საურავი 28 978 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „------“ დაფუძნებულია 2025 წლის 20 იანვარს და იმავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული (არაკვალიფიციურის სტატუსი). გადამხდელის საქმიანობის სფეროა საყოფაცხოვრებო ნივთების და წვრილმანი ელექტრო ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია. გადამხდელს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები, აგრეთვე არ აქვს ფიქსირებული საკონტროლო სალარო აპარატი და პოს-ტერმინალი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ოდენობის დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 17 თებერვლის №3397 ბრძანების საფუძველზე, გადამხდელს ჩაუტარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სმფ-ის ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. 2025 წლის აგვისტოს შემდეგ იმპორტი/შეძენა აღარ უფიქსირდება. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩაითვალა ნულის ტოლად. შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, მას გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე ორჯერ გაეგზავნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ წერილი, რომელსაც გადამხდელი გაეცნო, მაგრამ შემოწმებისთვის წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია (ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ამონაწერები კომერციული ბანკებიდან, დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია) არ წარმოუდგენია. აღნიშნულ სამართალდარღვევებზე შედგენილ იქნა №----- და №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების, ასევე ცალკეულ შემთხვევებში „პირის საგადასხადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად შედგა საქონლის სახეობების მიხედვით ჯგუფები, რაზედაც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატი (60%), ხოლო შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა შესამოწმებელ თვეებზე შეძენების პროპორციულად. შემოწმების მონაცემებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილ სხვაობებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების თანახმად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 6 თებერვლის №2635 ბრძანების შესაბამისად, 2026 წლის 10 თებერვალს განხორციელდა შპს „------“-ის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც, ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული/მისაღები შემოსავლები, რაც ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება) შესაბამისად, ჩაითვალა საკასო შემოსავლად. გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხა. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. გაანგარიშების შედეგად დარჩენილი განკარგვადი თანხა, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, არ წარუდგენია ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ამონაწერები კომერციული ბანკებიდან, დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ოდენობის დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 17 თებერვლის №3397 ბრძანების საფუძველზე, შპს ,,-----“-ს ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა (ინვენტარიზაცია), სადაც გადასახადის გადამხდელის მინდობილმა პირმა, კომისიას წარუდგინა წერილობითი ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ 17.02.2026 წლის მდგომარეობით, კომპანიას სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნია. ამასთან, საწარმოს 2025 წლის აგვისტოს შემდეგ იმპორტი/შეძენა აღარ უფიქსირდება.

არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩაითვალა ნულის ტოლად. შედგა საქონლის სახეობების მიხედვით ჯგუფები, რაზედაც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატი (60%), ხოლო შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა შესამოწმებელ თვეებზე შეძენების პროპორციულად. შედეგად, შემოწმების მონაცემებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილ სხვაობებზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 6 თებერვლის №2635 ბრძანების შესაბამისად, 2026 წლის 10 თებერვალს გადასახადის გადამხდელის ნდობით აღჭურვილი პირის მონაწილეობით, ჩატარდა შპს ,,-----“-ის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც, ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. გაანგარიშების შედეგად დარჩენილი განკარგვადი თანხა, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, ასევე შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობის სფეროა საყოფაცხოვრებო ნივთების და წვრილმანი ელექტრო ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია. გადამხდელს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები, აგრეთვე არ აქვს ფიქსირებული საკონტროლო სალარო აპარატი და პოს-ტერმინალი. გადამხდელს ჩაუტარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სმფ-ის ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. 2025 წლის აგვისტოს შემდეგ იმპორტი/შეძენა აღარ უფიქსირდება. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩაითვალა ნულის ტოლად. შემოწმების მონაცემებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილ სხვაობებზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

განკარგვადი თანხა, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);159(1);163(1,2);164(1);101(1);154(1);