ბრძანება N 20768

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.09.2025
№ დოკუმენტი 20768
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20768

24 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.:---) 2025 წლის პირველი აგვისტოს

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 აგვისტოს და 4 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები: №71 და №72) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის პირველი აგვისტოს №97296/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №002-96 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ქონების გადასახადის დარიცხვას (ბუღალტერიაში ქონების საბალანსო ღირებულებასა და შეფასებულ საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე). მიუთითებს შემდეგ არგუმენტებზე:

● ქონების შეფასების დასკვნა მომზადებულია 2025 წლის 12 ივნისს, ხოლო უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება კი შეფასებულია 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. გარდა ამისა, როგორც დასკვნიდან ირკვევა, უძრავი ქონების ფასები მოიცავს მიწის ნაკვეთის ღირებულებას. შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ არარელევანტურია 2022, 2023 წლების ქონების გადასახადის დარიცხვა 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განსაზღვრულ აქტივების საბაზრო ღირებულებაზე, ვინაიდან აღნიშნულ წლებში (2022-2024 წწ.) ფიქსირდებოდა უძრავი ქონებების ფასების ზრდის ტენდენცია, ამავეს მოწმობს უძრავი ქონების შეფასების დასკვნა. ასევე, გადამხდელი უთითებს, რომ პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. შესაბამისად, დაუშვებელია საბაზრო ფასის გამოყენება წინა წლების ქონების გადასახადით დასაბეგრ საბაზრო ქონებასთან მიმართებით, ვინაიდან კანონმდებელი გადასახადის გადამხდელს ავალდებულებს საბაზრო ფასი გამოიყენოს მომდევნო 3 წლის განმავლობაში.

● კომპანია წარსულში წარმოადგენდა დეველოპერულ საწარმოს, შესაბამისად იგი ახორციელებდა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შესაბამისად კომპანიისთვის მიწისქვეშა ავტოსადგომების ნაწილი წარმოადგენს სარეალიზაციოდ განკუთვნილ აქტივებს და არა ძირითად საშუალებებს, ვინაიდან კომპანია ახდენდა მობინადრეებზე როგორც საცხოვრებელი ფართების ასევე, მიწისქვეშა პარკინგების მიწოდებას. შესაბამისად, არამართლზომიერია საქონლად განკუთვნილი აქტივების ქონების გადასახადით დაბეგვრა.

2. არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი ავანსის თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. მიუთითებს, რომ თანხა გადახდილია ბანკის საშუალებით 2020 წელს და აღნიშნულ წელს არ მოიცავს შესამოწმებელი პერიოდი, აგრეთვე 2020 წელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.

რაც შეეხება აუდიტორების მიერ მოყვანილი მეთოდური მითითების მაგალითს, აღნიშნულის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია არარეზიდენტისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით და არა საბანკო გადარიცხვის მეშვეობით გადახდილი ავანსის თანხები.

3. გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს სანქციის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 მაისის №10447 და 26 ივნისის №13687 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველი აპრილის საანგარიშო პერიოდები, ხოლო დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის მიზნებისთვის 2022, 2023, 2024 წლების საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 4 ივლისის №15095 ბრძანება და ამავე თარიღის №002-96 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 128 875 ლარი, მათ შორის, გადასახადი 100 743 ლარი, ჯარიმა 25 638 ლარი, საურავი 2 494 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

● შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა ორისი, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს ქონების გადასახადის დეკლარაციაში ქონების საშუალო წლიური ღირებულება აღებული აქვს თვითღირებულებით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ შეფასებულ იქნა აღნიშნული ქონება, წარმოდგენილია დასკვნა, სადაც ქონების ჯამური ღირებულება შეადგენს 2 651 331 ლარს, ხოლო გადამხდელს საშუალო წლიური ღირებულება აღებული აქვს 2023-2024 წელს 819 380 ლარი, ხოლო 2022 წელს 456 364,51 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ქონების გადასახადი.

● შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც 1480 ანგარიშზე უცხოურ მომწოდებელზე საწყის ნაშთად ასახულია ავანსად გადახდილი თანხა 205 102 ლარი, გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით, ეს თანხა გადახდილია 2021 წელს ავანსად და ჯერ საქონელი მიღებული არაა, არც ფიქსირდება თანხის უკან დაბრუნება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების N11 დანართის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტიც არ არის დადასტურებული საგადასახადო შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება.

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას.

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს ქონების გადასახადის დეკლარაციაში ქონების საშუალო წლიური ღირებულება აღებული აქვს თვითღირებულებით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ შეფასებულ იქნა აღნიშნული ქონება, წარმოდგენილია დასკვნა, სადაც ქონების ჯამური ღირებულება შეადგენს 2 651 331 ლარს, ხოლო გადამხდელს საშუალო წლიური ღირებულება აღებული აქვს 2023-2024 წელს 819 380 ლარი, ხოლო 2022 წელს 456 364,51 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, ქონების საბალანსო ღირებულებასა და შეფასებულ საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ქონების გადასახადი.

ამასთან, ავტოსადგომების ძირითად საშუალებად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიის ამჟამინდელი საქმიანობა არის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემა. შემოწმების პროცესში კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ქონება უნდა ყოფილიყო აღრიცხული, როგორც ძირითადი საშუალება. ასევე, გადამხდელის მიერ გაშიფრულ იქნა იჯარით გაცემული ავტოსადგომების შესახებ ინფორმაცია.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, ქონების შეფასების დასკვნა მომზადებულია 2025 წლის 12 ივნისს, ხოლო უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება კი შეფასებულია 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. გადამხდელი მიიჩნევს, რომ არარელევანტურია 2022-2023 წლების ქონების გადასახადის დარიცხვა 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განსაზღვრულ აქტივების საბაზრო ღირებულებაზე, ვინაიდან აღნიშნულ წლებში (2022-2024 წწ.) ფიქსირდებოდა უძრავი ქონებების ფასების ზრდის ტენდენცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2022-2023 წლებში ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის (ქონების შეფასების) დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ პროგრამაში უცხოურ მომწოდებელზე საწყის ნაშთად ასახულია ავანსად გადახდილი თანხა 205 102 ლარი, გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით, ეს თანხა გადახდილია 2021 წელს ავანსად და ჯერ საქონელი მიღებული არაა, არც თანხის უკან დაბრუნება ფიქსირდება.

შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური ყურდღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საწარმოს არარეზიდენტ მომწოდებელზე გადარიცხული ავანსის თანხა ბუღალტრულად აღრიცხული ჰქონდა როგორც დებიტორული დავალიანება და ეს თანხა უძრავ ნაშთად მოყვებოდა მთელი შესამოწმებელი პერიოდი.

იმის გათვალისწინებით, რომ მომწოდებლისგან თანხის/საქონლის მიღება არ ფიქსირდება, ასევე გასულია გონივრული ვადა, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არარეზიდენტზე გადარიცხული თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თნახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2022-2023 წლებში ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის (ქონების შეფასების) დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ქონების გადასახადის დარიცხვას (ბუღალტერიაში ქონების საბალანსო ღირებულებასა და შეფასებულ საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე).

2. არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი ავანსის თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

3. გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს სანქციის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა ორისი, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს ქონების გადასახადის დეკლარაციაში ქონების საშუალო წლიური ღირებულება აღებული აქვს თვითღირებულებით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ შეფასებულ იქნა აღნიშნული ქონება, წარმოდგენილია დასკვნა, სადაც ქონების ჯამური ღირებულება შეადგენს 2 651 331 ლარს, ხოლო გადამხდელს საშუალო წლიური ღირებულება აღებული აქვს 2023-2024 წელს 819 380 ლარი, ხოლო 2022 წელს 456 364,51 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ქონების გადასახადი.

შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც 1480 ანგარიშზე უცხოურ მომწოდებელზე საწყის ნაშთად ასახულია ავანსად გადახდილი თანხა 205 102 ლარი, გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით, ეს თანხა გადახდილია 2021 წელს ავანსად და ჯერ საქონელი მიღებული არაა, არც ფიქსირდება თანხის უკან დაბრუნება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების N11 დანართის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტიც არ არის დადასტურებული საგადასახადო შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2022- 2023 წლებში ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის (ქონების შეფასების) დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

მე-2 და მე-3 სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 201 (1); 202 41; 205 (3); 101 (1); 154 (1); 269 (7).