გადაწყვეტილება №19644/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19644/2/2023
19 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --ს 10.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19644/2/2023).
დავის საგანი:
1.დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და დადგენილი ფასნამატი;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32179 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №007-355 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8582 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 252 010 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 139 098
დღგ - 68 114
საშემოსავლო გადასახადი - 69 904
ქონების გადასახადი - 1 380
ჯარიმა - 68 287
საურავი - 44 625
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათით, თამბაქოს ნაწარმით, მცირე რაოდენობით საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო და სხვა მსგავსი პროდუქტებით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 19 ივლისი 2023 N 03/58322 2 29.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32179 ბრძანება და ამავე თარიღის №007-355 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 14.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.04.2023 წლის №8582 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და დადგენილი ფასნამატი
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით შეადგენს საშუალოდ 0.2%-ს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით, საწარმოს შეძენები უფიქსირდება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. საგადასახადო შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას. დეკლარირებული ფასნამატი 2019-2022 წლების პერიოდების მიხედვით შეადგენს საშუალოდ 9%-ს.
გადამხდელის მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტების მიხედვით სმფ-ის ნაშთი 1.04.2022 წლის მდგომარეობით შეადგენს 358 664 ლარს. იქიდან გამომდინარე, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით შეუძლებელია ოპერაციების მიმდინარეობაზე (დაწყებაზე/დასრულებაზე) კონტროლი და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით და საწარმოს შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმებით კომპანიის მიერ შეძენილი პროდუქცია დაჯგუფდა ცალკეულ კატეგორიებად, მთლიან შეძენაში თითოეული კატეგორიის პროპორციული წილის მიხედვით დაყოფილ იქნა პირის მიერ წარდგენილი სმფ-ების ნაშთების ჯამური მონაცემები. ცალკეულ კატეგორიასთან მიმართებით მსგავსი საქმიანობის აუდირებული ფასნამატის (საშუალოდ ფასნამატმა შეადგინა 13%) გამოყენებით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
ამასთან, შემოწმებით განხორციელდა კომპანიის ფულადი სახსრების ანალიზი. ანალიზისას გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გათვალისწინებულია კომპანიის დირექტორის მიერ წარდგენილი ინფორმაცია კომპანიის დებიტორულ/კრედიტორული დავალიანების და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის და საწყისი კაპიტალის შესახებ. შედეგად, საწარმოს გამოუვლინდა ფულადი სახსრების განკარგვადი ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ნოემბრის №39866 ბრძანების შესაბამისად, დაექვემდებარა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირებას. აღნიშნული განაცემი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილია შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო სმფ-ების ჯამური თანხობრივი მონაცემები. შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით შეუძლებელი იყო ოპერაციების მიმდინარეობაზე კონტროლი და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შეძენილი პროდუქცია დაჯგუფდა ცალკეულ კატეგორიებად, მთლიან შეძენაში თითოეული კატეგორიის პროპორციული წილის მიხედვით დაყოფილია ასევე პირის მიერ წარდგენილი სმფ-ების ნაშთების ჯამური მონაცემები, რაზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, რის საფუძველზეც გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შემოწმების პროცესში განხორციელდა კომპანიის ფულადი სახსრების ანალიზი, გათვალისწინებულია ინფორმაცია კომპანიის დებიტორულ/კრედიტორული დავალიანების, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის და საწყისი კაპიტალის შესახებ, რის შედეგადაც პირს გამოუვლინდა ფულადი სახსრების განკარგვადი ნაშთი, რომელიც განხილულია საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელის საჩივრის დანართად წარდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ წარდგენილი მტკიცებულებები შესწავლილია შემმოწმებლის მიერ და აღნიშნული გავლენას ვერ ახდენს შემოწმების შედეგებზე, შესაბამისად ვერ განხორციელდება დარიცხული თანხების კორექტირება.
ზემოაღნიშნულზე მითითებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შეძენილ საქონელზე შესაბამისი კატეგორიის მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების ანალიზისას განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია წარმოადგენს ღია საწყობის სახის სავაჭრო სივრცეს, სადაც: იდენტიფიცირებულია მომხმარებელთა შესასვლელ-გასასვლელი, გასაყიდად განკუთვნილი საქონელი (სურსათი) განთავსებულია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას - თაროებზე, დახლ-მაცივრებში და სხვა სათავსოებში, მომხმარებელი დამოუკიდებლად ან/და მოლარე-კონსულტანტის დახმარებით ირჩევს სასურველ საქონელს (სურსათს), საქონლის (სურსათის) შეძენა-რეალიზაცია აღირიცხება შტრიხკოდებითა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და ამ აღრიცხვით, იდენტიფიცირებადია როგორც შეძენილი საქონლის (სურსათის
) თვითღირებულება, ისე ამავე საქონლის (სურსათის) რეალიზაციიდან მიღებული თანხა.
კომპანიას აქვს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას. კომპანია სარგებლობს მაღაზიის აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფით, რომლის მეშვეობითაც ხდება როგორც საქონლის მიღების ასევე რეალიზაციის დეტალური აღრიცხვა. კერძოდ, ყველა სახის საქონელს კომპანია ყიდულობს ადგილობრივი მომწოდებლებისგან ზედნადებების საფუძველზე. ზედნადებებში დაფიქსირებული თითოეული საქონელი ყველა საჭირო მონაცემის (ფასი, რაოდენობა, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი და ა.შ) მიხედვით მიღებისთანავე პროგრამაში შესაბამისი შტრიხკოდების მეშვეობით აისახება. ასევე თითოეულ პროდუქტს ეთითება გასაყიდი ფასის ოდენობა (რომელიც პერიოდულად შეიძლება გადაიხედოს თვითღირებულების ანალიზის საფუძველზე და შეიცვალოს). გაყიდვის შემთხვევაში, ხდება საქონლის პროგრამაში „გატარება“ შტრიხკოდის მეშვეობით, რომლის საფუძველზეც ფიქსირდება რეალიზაციის ფაქტი იმ მომენტში დაფიქსირებული გასაყიდი ფასის მიხედვით, და ამასთანავე თვითღირებულებაში ჩამოიწერება შესაბამისი საქონლის შეძენის ღირებულება საშუალო შეწონილი მეთოდის გამოყენებით. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფიდან ამოღებულ მონაცემებს მთელი შესამოწმებელი პერიოდისთვის თვის ჭრილში, სადაც მოცემულია თითოეული გაყიდული პროდუქტიდან მიღებული შემოსავალი და თვითღირებულებაში ჩამოწერილი შესაბამისი ღირებულება.
აქედან გამომდინარე, შემმოწმებლის მტკიცება რომ გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას, არასწორია და შესაბამისად შემოწმებას არ ჰქონდა უფლება რომ გამოეყენებინა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და კომპანიის შემოსავლები გაეანგარიშებინა არაპირდაპირი მეთოდით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 16.04.2021 და 11.02.2022 წელს გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია ორი საკონტროლო შესყიდვა. საკონტროლო შესყიდვის მიხედვით შედგენილია №727225 და №748595 ოქმები, რომელთა მიხედვითაც არცერთი საკონტროლო შესყიდვის შემთხვევაში არ გამოვლენილა სამართალდარღვევა, რაც დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი არ აქვს შემოსავლების დამალვას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი საფუძველი რომელიც შეიძლება ყოფილიყო საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების დამადასტურებლად არ არსებობს.
ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული შემოსავლების მიხედვით კომპანიის ფასნამატი შეადგენს 12.5%, რაც 4%-მდე დასაშვები ცდომილების გათვალისწინებით შესაბამისობაშია 13%-იან საშუალო მაჩვენებელთან. კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების სისწორის დასადასტურებლად ასევე მეტყველებს ის გარემოება, რომ მასში მოცემული მონაცემების მიხედვით კომპანიის მოგების მარჟა შეადგენს 12.5%. რაც შემოწმების მიერ მოყვანილი საბაზრო მარჟისგან - 13%- ისგან არაარსებითი გადახრით (4%-ზე ნაკლები ოდენობით) განსხვავდება.
კერძოდ, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით კომპანიის შემოსავლები და თვითღირებულება დღგ-ის ჩათვლით შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით გამოიყურება შემდეგნაირად: 2019 წელი შემოსავალი 2 127 492, თვითღირებულება 1 904 996, მოგების მარჟა 11.7%; 2020 წელი შემოსავალი 2 845 179, თვითღირებულება 2 526 668, მოგების მარჟა 12.6%; 2021 წელი შემოსავალი 3 374 571, თვითღირებულება 2 986 325, მოგების მარჟა 13.0%; 2022 წელი (მოიცავს პირველ სამ თვეს) შემოსავალი 868 618; თვითღირებულება 773 446, მოგების მარჟა 12.3%; სულ შემოსავალი 9 215 860, თვითღირებულება 8 191 434, მოგების მარჟა 12.5%.
უნდა აღინიშნოს რომ მოცემული შემოსავალი 9 215 860 იყოფა ორ ნაწილად, პირველი ეს არის მაღაზიის აღრიცხვის პროგრამიდან საქონლის რეალიზაციის საფუძველზე მიღებული საკომპენსაციო თანხის ჯამი 9 089 282 ლარის ოდენობით და მეორე 126 577 ლარი არის დისტრიბუტორებისგან (საქონლის მომწოდებლებისგან) მიღებული ფასდაკლებები (შემოსავალი) შეძენილი საქონლის მოცულობიდან და მარკეტინგული შინაარსის მომსახურებებიდან გამომდინარე.
დეკლარირებული თანხების მიხედვით დათვლილი დაბალი - 9% ფასნამატი გამოწვეულია მექანიკური შეცდომით, კერძოდ 6 თვის განმავლობაში ნაცვლად მთლიანი ბრუნვისა, დეკლარირება ხდებოდა მხოლოდ ნაღდი ფულის ბრუნვის მიხედვით. შემოწმების მიერ დათვლილი ფასნამატი 9%-ის ოდენობით გამოწვეული არა იმ გარემოების გამო რომ შემოსავლების დამალვა ხდებოდა, არამედ იმის გამო რომ 2019 წლის ბოლო სამი თვის და 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კომპანიის მიერ არასწორი მონაცემების დეკლარირება ხდებოდა. კერძოდ, მოცემულ თვეებში სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული მთლიანი შემოსავლის ნაცვლად დღგ-ის დეკლარაციებში შეცდომით ჩაიწერა მხოლოდ ნაღდი ფულის სახით მიღებული ბრუნვა, ხოლო უნაღდო სახით მიღებული შემოსავლები გამორჩენილია. შესაბამისად, როდესაც შემოწმებამ მოახდინა დეკლარირებული შემოსავლების თვითღირებულებასთან შედარება, მოგების მარჟა განისაზღვრა 9%-ით ნაცვლად ფაქტობრივად მიღებული 12.5%-ისა. თვალსაჩინოებისთვის წარმოადგენს ცხრილს, საცად კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში მოცემული მონაცემები და დეკლარირებული მონაცემებია შედარებული. მოცემული მონაცემების ანალიზის საფუძველზე ნათლად ჩანს, რომ მარჟაზე გავლენას ახდენს 2019 წლის სექტემბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2020 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის მექანიკური შეცდომა, რომლის დროსაც დასაბეგრ ბრუნვაში ჩაწერილია სალარო აპარატების ფისკალური მონაცემები, ნაცვლად მთლიანი ბრუნვისა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ შეცდომით მოხდა დღგ-ის ბრუნვის შემცირება დღგ-ის ჩათვლით 266 933 ლარის ოდენობით, რომლის მიხედვითაც დამატებით გადასახდელი დღგ-ის ოდენობა უნდა შეადგენდეს 40 719 ლარს (266 933/1.18*18%) და არა 68 114 ლარს, როგორც ეს შემოწმების მიერ არის დარიცხული. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას იგი სრულად უნდა გაუქმდეს, რადგან არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დაბეგვრის ობიექტის გამოანგარიშების საფუძველი. კერძოდ სააღრიცხვო მონაცემები, მათ შორის სალაროში თანხის მოძრაობა, კანონმდებლობის შესაბამისად არის აღრიცხული და მასზე დაკვირვებით შესაძლებელია ნაღდი ფულით განხორციელებული ოპერაციების და მისი დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების შესწავლა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია, რომ შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილია შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო სმფ-ების ჯამური თანხობრივი მონაცემები. შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით შეუძლებელი იყო ოპერაციების მიმდინარეობაზე კონტროლი და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. გადაწყვეტილებაში მოცემული მოსაზრება არასწორია რადგან, კომპანიას გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის ორი პროგრამა, ძირთადი სადაც ასახულია ყველა სამეურნეო ოპერაცია მარაგების მოძრაობის ჯამურ მონაცემებთან ერთად და მეორე მარაგების დეტალური აღრიცხვის პროგრამა რომელიც აღწერილია არგუმენტების პირველ თავში. როგორც აღინიშნა კომპანია სრულად აღრიცხავს ყველა სამეურნეო ოპერაციას, რომლის დასადასტურებლადაც წარმოდგენილია ბუღალტრული ბაზიდან ამოღებული მონაცემები. მოცემულ მონაცმებით წარმოდგენილია მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გაყიდული ყველა საქონელი გასაყიდი ფასის და თვითღირებულების მითითებით. ასევე, წარმოდგენილი ბუღალტრული მონაცემების მიხედვით ნათლად ჩანს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები ყოველი წლის საწყისი და საბოლოო თარიღების, ასევე შესამოწმებელი პერიოდის მდგომარეობით.
გარდა ამისა, კომპანიის მიერ საქონლის ყველა შეძენაზე მიღებული აქვს შესაბამისი სასაქონლო ზედნადები, საქონლის რეალიზაციისას კი მიღებულ თანხები სრულად აღირიცხება საკონტროლოსალარო აპარატების და საბანკო ტერმინალების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, შემოწმებას აქვს შესაძლებლობა, შეამოწმოს კომპანიის ყველა ოპერაცია, მათ შორის საქონლის საწყისი ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რომელი და რა რაოდენობის საქონლის შეძენა მოხდა, რომელი და რა რაოდენობის საქონლის გაყიდვა მოხდა, და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო მდგომარეობით რომელი საქონელი რა რაოდენობით დარჩა. აქედან გამომდინარე, გაუგებარია თუ რატომ იყო შემოწმებისთვის წარდგენილი მონაცემებით ოპერაციების მიმდინარეობაზე კონტროლი შეუძლებელი.
ასევე შემოსავლების სამსახურის უარყოფითი გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში ვკითხულობთ: გადასახადის გადამხდელის საჩივრის დანართად წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები შესწავლილ იქნა შემმოწმებლის მიერ და აღნიშნული გავლენას ვერ ახდენს შემოწმების შედეგებზე, შესაბამისად ვერ განხორციელდება დარიცხული თანხების კორექტირება. აქედან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახური დაეყრდნო მხოლოდ შემმოწმებლის განმარტებას, მაშინ როდესაც საბჭოს სხდომაზე გადამხდელი დაბარებული არ ყოფილა საპასუხო პოზიციის დასაფიქსირებლად. უფრო მეტიც, გადაწყვეტილებაში არ არის წარმოდგენილი შემმოწმებლის არგუმენტები თუ რატომ არ არის მისაღები კომპანიის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
აქედან გამომდინარე დაუსაბუთებელია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების აუცილებლობა შემოწმებისას, ვინაიდან კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაცია იძლევა ყველა დასაბეგრი ოპერაციის სწორად განსაზღვრის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე თვლის რომ სადავო აქტები შეიცავს არსებით ხარვეზებს, ასევე შემოსავლების სამსახურის ბრძანება არ ითვალისწინებს გადამხდელის მიერ წარდგენილ არგუმენტებს. ამდენად, უნდა მოხდეს შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმება და დამატებით დარიცხული გადასახადის თანხისა და შესაბამისი ფინანსური სანქციების შემცირება ზემოთ აღწერილი ფაქტებისა და არგუმენტების გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, შემმოწმებლის მტკიცება, რომ გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას, არასწორია, რადგან კომპანიას გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის ორი პროგრამა, ძირთადი სადაც ასახულია ყველა სამეურნეო ოპერაცია მარაგების მოძრაობის ჯამურ მონაცემებთან ერთად და მეორე მარაგების დეტალური აღრიცხვის პროგრამა. ამასთან, ჩატარებული ორი საკონტროლო შესყიდვის შემთხვევაში არ გამოვლენილა სამართალდარღვევა, რაც დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი არ აქვს შემოსავლების დამალვას. დეკლარირებული თანხების მიხედვით დათვლილი დაბალი (9%) ფასნამატი გამოწვეულია მექანიკური შეცდომით, კერძოდ 6 თვის განმავლობაში ნაცვლად მთლიანი ბრუნვისა, დეკლარირება ხდებოდა მხოლოდ ნაღდი ფულის ბრუნვის მიხედვით. თვალსაჩინოებისთვის წარმოადგენს ცხრილს, სადაც კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში მოცემული მონაცემები და დეკლარირებული მონაცემებია შედარებული. ნათლად ჩანს, რომ მარჟაზე გავლენას ახდენს 2019 წლის სექტემბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2020 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის მექანიკური შეცდომა, რომლის დროსაც დასაბეგრ ბრუნვაში ჩაწერილია საკონტროლო-სალარო აპარატების ფისკალური მონაცემები, ნაცვლად მთლიანი ბრუნვისა.
აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფიდან ამოღებულ მონაცემებს მთელი შესამოწმებელი პერიოდისთვის თვის ჭრილში, სადაც მოცემულია თითოეული გაყიდული პროდუქტიდან მიღებული შემოსავალი და თვითღირებულებაში ჩამოწერილი შესაბამისი ღირებულება.
ებულება.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ შემოწმების პროცესში თანამშრომლობდა ბუღალტერი, რომლის მიერ წარდგენილი იყო ექსელის ცხრილი, სადაც ასახული იყო საქონლის მოძრაობა თუმცა არასრულად (არ იყო ჩაშლილი სახეობრივად, რაოდენობრივად, თვეებში ან წლებში, იყო მხოლოდ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო მარაგების თანხობრივი ჯამი) საბუღალტრო პროგრამა ორისი შემოწმების პროცესში არ იყო წარდგენილი. აღნიშნული საფუძველი გახდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულიყო არაპირდაპირი მეთოდით.
აღნიშნულიდან გამომდინარე და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ინფორმაცია მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციაზე იმგვარად, რომ გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, მისი მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დაეკისრა ჯარიმა 68 287 ლარი, მათ შორის დღგ-ში 33 107 ლარი, საშემოსავლო გადასახადში 34 802 ლარი და ქონების გადასახადში 468 ლარი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №007- 355 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 44 625 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ კომპანია არ აპირებდა მიზანმიმართულად გადასახადების დამალვას, ტექნიკური ხარვეზი და შეცდომა (6 თვის განმავლობაში ნაცვლად მთლიანი ბრუნვისა დეკლარირებული მხოლო ნაღდი ფულის რეალიზაცია), რომლის გამოც სათანადოდ ვერ მოხდა შემოსავლის დეკლარირება და შესაბამისი დღგ-ის გადახდა, კომპანიისთვის შემოწმების დასრულების შემდგომ გახდა ცნობილი. აქედან გამომდინარე ითხოვს გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილით საგადასახადო ორგანოსთვის მონიჭებული უფლება და გათავისუფლდეს საგადასახადო სანქციისგან, მითუმეტეს რომ კომპანიას შემოწმებამდე პერიოდში რაიმე სახის საგადასახადო სამართალდარღვევა არ უფიქსირდებოდა
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8582 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ინფორმაცია მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციაზე იმგვარად, რომ გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, მისი მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს პირველი სადავო საკითხის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და დადგენილი ფასნამატი;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 19 ივლისი 2023 N 03/58322 2 29.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32179 ბრძანება და ამავე თარიღის №007-355 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 14.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.04.2023 წლის №8582 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
მეორე სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 49; 61 (3); 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1); 159; 164; 163; 272; 275 (2, 21 და 22); 269 (7).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160;161.