ბრძანება N 23136
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23136
30 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:------)
2024 წლის 10 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №110) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ --------) 2024 წლის 10 სექტემბრის №91881/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №094-31 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება განკარგვადი თანხის გაანგარიშებას და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 აპრილის №7718 და 24 ივნისის №14771 ბრძანებების საფუძველზე შპს „---------“ (ს/ნ ---------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2024 წლის 26 აპრილის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №16186 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №094-31 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 678 596 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 433 610 ლარი, ჯარიმა 216 805 ლარი და საურავი 28 181 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი (საბანკო ამონაწერები), ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, შესწავლილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლები, რომელსაც შეუპირისპირდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ასევე ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და გაანგარიშებულ იქნა განკარგავდი თანხა, რომელიც ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 4 აპრილის №7568 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც ნაღდი ფულის ნაშთი 2024 წლის 26 აპრილის მდგომარეობით შედგენს 0 ლარს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე, კერძოდ:
საწარმომ 2021 წელს ხელშეკრულება გააფორმა შპს „---------“ მარაგების მიწოდების და არსებული დებიტორული დავალინების დათმობის შესახებ, რომელიც ასევე მოიცავდა 2021 წელს მიწოდებული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული პროდუქციის ღირებულებას. აცხადებს, რომ 2021 წელს მიწოდებული საქონლის სრული ღირებულება და ასევე შპს „---------“ მოთხოვნის დათმობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი სრულად არის დეკლარირებული დღგ-ის დეკლარაციაში, თუმცა ფულადი სახსრების გენერირება მოხდა მხოლოდ მოთხოვნის დათმობიდან (თანხა ჩარიცხულია შპს „-----------). აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან დეკლარირებული ბრუნვების განკარგვად თანხად განხილვამ გამოიწვია აღნიშნული ოპერაციიდან მიღებული ფულადი სახსრების დუბლირება.
საწარმოს პერიოდულად არარეზიდენტი მომწოდებლებისგან მიღებული აქვს ე.წ. „კრედიტ ნოტები“ ორი ფორმით. რიგ შემთხვევაში ხდებოდა არარეზიდენტი მომწოდებლებისგან თანხის ჩარიცხვა გადამხდელის საბანკო ანგარიშზე, ხოლო უმეტეს შემთხვევაში წარმოდგენილი „კრედიტ ნოტის“ საფუძველზე ხორციელდებოდა დავალინებების ურთიერთჩათვლა და მომწოდებლის მიმართ არსებული დავალიანების შემცირება. საწარმოს მიერ ხდებოდა აღნიშნული „კრედიტ ნოტებით“ მიღებული პირდაპირი და არაპირდაპირი შემოსავალის დასაბეგრ ოპერაციად განხილვა და ისინი ასახულია დღგ-ის დეკლარაციებში. შესაბამისად მიიჩნევს, რომ ის „კრედიტ ნოტები“, რომლის საფუძველზეც ხდებოდა მხოლოდ ურთიერთჩათვლა და მათი ასახვა დღგ-ის დეკლარაციაში არ წარმოდგენს მიღებულ ფულად სახსრებს და მათი ჩართვა განკარგვადი თანხის კალკულაციაში არ არის მართლზომიერი. ასევე აღნიშნავს, რომ საწარმოს არარეზიდენტი მომწოდებლებისგან მიღებული „კრედიტ ნოტები“ განხილული აქვს მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად და დაბეგრილი აქვს დღგ-ით. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ თუ აღნიშნული „კრედიტ ნოტით“ მიღებული შემოსავლები ჩაითვლება მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ შემოსავალად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით მომსახურების მიმღებებს წარმოადგენენ არარეზიდენტი იურიდული პირები და მომსახურების გაწევის ადგილად არ ჩაითვლება საქართველო. შესაბამისად მიიჩნევს, რომ დღგ-ის ნაწილში აღნიშნული დეკლარირებული თანხები ექვემდებარება შემცირებას.
საწარმოს ყოველდღიური საქმიანობის დაფინანსების და ფულადი ლიკვიდურობის გაზრდის მიზნით გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება ერთ-ერთ დამფუძნებელთან, რომლისგანაც საჭიროების შემთხვევაში იღებდა სესხს მიმდინარე ვალდებულებების მყისიერი დაფარვისთვის. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა სესხის ხელშეკრულება და სალაროში თანხის მოძრაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა შემოწმებით არ იქნა ზემოაღნიშნული გათვალისწინებული. აცხადებს, რომ დამფუძნებლისგან ნაღდი ფორმით მიღებული სახსრები მყისიერად არის ანგარიშვალდებული პირის მიერ შეტანილი საბანკო ანგარიშზე და აღნიშნული თანხებით უმეტეს შემთხვევაში დაფარულია მიმდინარე სახელფასო, საბიუჯეტო თუ სხვა დავალიანებები. განმარტავს, რომ 2021 წლის დასაწყისიდან საქმიანობის დასრულების პერიოდში სრულად არის დაფარული დამფუძნებლის წინაშე არსებული სასესხო დავალიანება (ნაღდი ანგარიშსწორებით).
საწარმოს 2021 წლის პერიოდში გაფორმებული ჰქონდა სესხის ხელშეკრულება შპს „---------“ (ს/ნ --------) და აღნიშნული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული აქვს თავისუფალი ფულადი სახსრები.
საწარმოს გადახდილი აქვს შემოსავლების სამსახურის მომსახურების სხვადასხვა თანხები, რომლებიც განკარგვადი თანხის კალკულაციაში არ არის გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება განკარგვადი თანხის გაანგარიშებას და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ, შესწავლილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლები, რომელსაც შეუპირისპირდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ასევე ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და გაანგარიშებულ იქნა განკარგავდი თანხა, რომელიც ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. . აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 4 აპრილის №7568 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც ნაღდი ფულის ნაშთი 2024 წლის 26 აპრილის მდგომარეობით შედგენს 0 ლარს.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1)