ბრძანება N 5018
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5018
15.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: -----------)
2023 წლის 3 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა შპს „----- -----“ (ს/ნ ----------) №77763/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №047-41 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, არაგონივრული ნაშთი ფიქსირდება 2020 წლის მაისის თვიდან, რა დროსაც კაპიტალი სახით ჰქონდა 63 000 ლარი. მომჩივანი მიუთითებს შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი 9) მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და აცხადებს, რომ არაგონივრული ნაშთის საწესდებო კაპიტალის გატანად განხილვის შემთხვევაში სახეზე იქნებოდა სხვა რეალობა. გადასახადის გადამხდელი საჩივრის დანართად წარმოადგენს სალაროს ბრუნვას, გაანგარიშებას არაგონივრული ნაშთის აღმოჩენის შესახებ და ითხოვს საწესდებო კაპიტალში არსებული თანხის გათვალისწინებით შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 ივლისის №24219 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 20 თებერვლიდან 2021 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №47066 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 1 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 8 დეკემბრის №30998 ბრძანება და №047-41 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 52 291 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 223 ლარი, ჯარიმა 20 785 ლარი, საურავი 8 283 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „----------“ (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 22 თებერვლიდან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია იმავე დღეს. საქმიანობის საგანს წარმოადგენს საწვავის შეძენა/რეალიზაცია, რომელსაც ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში, სოფელ ---- და ----. პირს ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად.
შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 9) თანახმად, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრული იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, დაკვალიფიცირდა არაგონივრულ ნაშთად. შემოწმებით, არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება. შემოწმებით გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში, ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით. ხოლო, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, იმ პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდება, შემოწმებით დაკვალიფიცირდა სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას. გაცემული სესხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით აღწერილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითების „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი N9) გათვალისწინებით განხილულია კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმებით არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება.
გადამხდელის არგუმენტთან, არაგონივრული ნაშთის საწესდებო კაპიტალის შემცირებად განხილვასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ შპს „----------“ შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 20.02.2019-დან 01.07.2021-მდე საანგარიშო პერიოდები. გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის, კაპიტალის ნაშთი ჰქონდა 0 ლარი, ხოლო 2019 წლის 19 ივნისს უფიქსირდება საწესდებო კაპიტალის გაზრდა 3000 ლარით, სულ შესამოწმებელ პერიოდში შეტანილი ჰქონდა 584 000 ლარი, ხოლო გატანილი 458 000. აღსანიშნავია, რომ მითითებული თანხები შემოწმების მიერ გათვალისწინებული არ არის ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებაში, შესაბამისად, გადამხდელის მოთხოვნა საწესდებო კაპიტალის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, არ შეცვლის/შეამცირებს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
აქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.