გადაწყვეტილება №26834/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.05.2026
№ დოკუმენტი 26834/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26834/2/2026

13 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----ი“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 5.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26834/2/2026).

 

დავის საგანი:

1. რეალიზებული საქონლის დღგ-ით დაბეგვრა;

2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. ჯართის შესაძენად განსაზღვრული თანხების ფიზიკური პირებისათვის გადახდილ თანხად მიჩნევა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა 3%-იანი განაკვეთით;

4. არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გაცემული მომსახურების ანაზღაურების, ასევე გაცემული ხელფასების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2025 წლის №042-31 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.02.2026 წლის №3195 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 608 144.48 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 941 759.14

დღგ - 132 889.09

საშემოსავლო გადასახადი - 808 870.05

ჯარიმა - 458 007

საურავი - 208 378.34

 

პროცედურული გარემოებები

კომპანია ახორციელებს შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდებას. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 16 ნოემბერს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2025 წლის №27734 ბრძანება და №042-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.02.2026 წლის №3195 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. რეალიზებული საქონლის დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან და არ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, რის შედეგადაც გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში ასახული ბრუნვები განსხვავდება დოკუმენტური რეალიზაციისგან. საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ვინაიდან დღგ-ისგან გათავისუფლებული დოკუმენტური რეალიზაცია ნაკლებია, ვიდრე გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული გათავისუფლებული ბრუნვა და არ ხდება საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება, სხვაობა განხილული იქნა 18%-ით დასაბეგრ ოპერაციად. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვა, შეძენილი იქნა შავი ლითონის ჯართი, რა დროსაც გამოვლინდა სამართალდარღვევა და პირი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 5 თებერვალს --:-- სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი პირველ სადავო საკითხის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს შემოწმების აქტით, სადავო საკითხების ნაწილში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ოთხივე სადაო საკითხზე, აუდიტორმა ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა და შეაფასა გადასახადის გადამხდელის პოზიციის გათვალისწინების გარეშე. არ ეთანხმება აუდიტორის მსჯელობას სადავო არცერთ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტების/მტკიცებულებების დამუშავება, შესაბამისად არგუმენტირებულ და დასაბუთებულ პოზიციის წარმოსადგენად ესაჭიროება გარკვეული დრო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან და არ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით. კერძოდ გაირკვა, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებული დოკუმენტური რეალიზაცია ნაკლებია გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ გათავისუფლებულ ბრუნვაზე და არ ხდება საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. შესაბამისად, აღნიშნული სხვაობა განხილული იქნა დასაბეგრ ოპერაციად და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში, შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურად, აღნიშნავს, რომ ოთხივე სადავო საკითხზე, აუდიტორმა ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა და შეაფასა გადასახადის გადამხდელის პოზიციის გათვალისწინების გარეშე. არ ეთანხმება აუდიტორის მსჯელობას სადავო არცერთ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტების/მტკიცებულებების დამუშავება, შესაბამისად არგუმენტირებულ და დასაბუთებულ პოზიციის წარმოსადგენად ესაჭიროება გარკვეული დრო. მაგრამ, არ წარმოადგენს და შესაბამისად არ ირკვევა რა არგუმენტის/პოზიციის და სამართლებრივ საფუძველზე მიიჩნევს სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას არამართლზომიერად.

2026 წლის 20 მარტის საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა მომჩივნის (დირექტორის --. -----ის) მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა პოზიციები სადავო საკითხების, მათ შორის დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში, რომ არ ეთანხმება დარიცხვას და აღნიშნა, რომ მუშაობენ და წარმოადგენს მტკიცებულებებს, გართულებულია მტკიცებულებების წარმოდგენა, რადგან ზოგი კომპანია გაკოტრებულია, ზოგი ძიებაშია, მაგრამ არსებული დოკუმენტების წარმოსადგენად სჭირდება გარკვეული დრო, რომ მოძიებული დაალაგოს და წარმოადგინოს, მათ შორის -------------დან რა ვალი აქვს და კიდევ სხვა კომპანიებიდან, ჩამონათვალიც აქვს ყველა დოკუმენტის, მაგრამ დასალაგებლად და წარმოსადგენად დრო სჭირდება 5 აპრილამდე.

მომჩივნის თხოვნის საფუძველზე, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია საჩივრის განხილვის შეჩერება გონივრული ვადით და მომჩივანს წინადადება მიეცა, სადავო საკითხების ნაწილში წარმოედგინა არგუმენტები და მისი შესაბამისი დოკუმენტები/მტკიცებულებები, მაგრამ საბჭოზე საჩივრის განხილვის ეტაპზე მომჩივანს არც საბჭოს და არც აუდიტის დეპარტამენტის სახელზე არანაირი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და არც რაიმე განცხადება არ წარმოუდგენია და არც სატელეფონო ზარი არ განხორციელებულა მისი მხრიდან.

ამგვარად, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ სადავო საკითხის რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის ეტაპზე არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად წარმოადგენს მისი პოზიციის შესაბამის დოკუმენტაცია/მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებულიო მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში ჩატარდა, შესამოწმებელი პერიოდის, კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა წარდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და სხვა ინფორმაციებით (მათ შორის მესამე პირ(ებ)ისგან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე). ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები). ხოლო, შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის შეძენის ფასის დასადგენად, გამოყენებულ იქნა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გამოყენებულ იქნა დოკუმენტურად შეძენილი საქონლის მინიმალური ფასი, ხოლო საქონელზე, რომელიც კომპანიას ჰქონდა მხოლოდ რეალიზებული და არ არსებობდა იდენტურ/მსგავს საქონელზე შესყიდვის დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მინიმალური ფასის გამოყენება, შეძენის თანხის განსაზღვრა მოხდა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიის განკარგვადმა თანხამ შეადგინა 2 493 690 ლარი. საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე, 2025 წლის 31 აგვისტოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 1333 მუხლზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არგუმენტები დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.

 

3. ჯართის შესაძენად განსაზღვრული თანხების ფიზიკური პირებისათვის გადახდილ თანხად მიჩნევა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა 3%-იანი განაკვეთით

ფაქტების აღწერა

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, შესამოწმებელი პერიოდში, ფიზიკური პირებისგან უდოკუმენტოდ შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ღირებულება. საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 393 მუხლის პირველი პუნქტის, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, უდოკუმენტოდ შეძენილი საქონლის ღირებულება დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი საფუძვლები მითითებულია მე-2 სადავო საკითხის ნაწილში. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არგუმენტები დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.

 

4. არამეწარმე ფიზიკური პირებზე გაცემული მომსახურების ანაზღაურების, ასევე გაცემული ხელფასების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიას უნაღდო ანგარიშსწორებით უფიქსირდება მომსახურების ანაზღაურება არამეწარმე ფიზიკურ პირებზე, ასევე ხელფასის გაცემა. გადახდილი თანხები განსხვავდება კომპანიის მიერ დეკლარირებულ, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადისგან. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი საფუძვლები მითითებულია მე-2 სადავო საკითხის ნაწილში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არგუმენტები დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხების ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დგინდება, რომ შემოწმების მიერ ჩატარდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებული იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები). შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის შეძენის ფასის დასადგენად, გამოყენებული იქნა დოკუმენტურად შეძენილი საქონლის მინიმალური ფასი, ხოლო საქონელზე, რომელიც კომპანიას ჰქონდა რეალიზებული და არ არსებობდა იდენტურ/მსგავს საქონელზე შესყიდვის დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მინიმალური ფასის გამოყენება, შეძენის თანხის განსაზღვრა მოხდა 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიის განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დგინდება, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდში ფიზიკური პირებისგან დოკუმენტის გარეშე შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდოკუმენტოდ შეძენილი საქონლის ღირებულება დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უნაღდო ანგარიშსწორებით უფიქსირდება მომსახურების ანაზღაურება არამეწარმე ფიზიკურ პირებზე, ასევე ხელფასის გაცემა. გადახდილი თანხები განსხვავდება კომპანიის მიერ დეკლარირებულ, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში, შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურად, აღნიშნავს, რომ ოთხივე სადავო საკითხზე, აუდიტორმა ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა და შეაფასა გადასახადის გადამხდელის პოზიციის გათვალისწინების გარეშე. არ ეთანხმება აუდიტორის მსჯელობას სადავო არცერთ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტების/მტკიცებულებების დამუშავება, შესაბამისად არგუმენტირებულ და დასაბუთებულ პოზიციის წარმოსადგენად ესაჭიროება გარკვეული დრო. მაგრამ, არ წარმოადგენს და შესაბამისად არ ირკვევა რა არგუმენტის/პოზიციის და სამართლებრივ საფუძველზე მიიჩნევს სადავო საკითხების ნაწილში დარიცხვას არამართლზომიერად.

2026 წლის 20 მარტის საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა მომჩივნის (დირექტორის --.-----ის) მონაწილეობით, რომელმაც სადავო საკითხების, კერძოდ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ნაწილში წარმოადგინა პოზიციები, რომ არ ეთანხმება დარიცხვას და აღნიშნა, რომ მუშაობენ და წარმოადგენს მტკიცებულებებს, გართულებულია მტკიცებულებების წარმოდგენა, რადგან ზოგი კომპანია გაკოტრებულია, ზოგი ძიებაშია, მაგრამ არსებული დოკუმენტების წარმოსადგენად სჭირდება გარკვეული დრო, რომ მოძიებული დაალაგოს და წარმოადგინოს, მათ შორის --------დან რა ვალი აქვს და კიდევ სხვა კომპანიებიდან, ჩამონათვალიც აქვს ყველა დოკუმენტის, მაგრამ დასალაგებლად და წარმოსადგენად დრო სჭირდება 5 აპრილამდე.

მომჩივნის თხოვნის საფუძველზე, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია საჩივრის განხილვის შეჩერება გონივრული ვადით და მომჩივანს წინადადება მიეცა სადავო საკითხების ნაწილში არგუმენტების და მისი შესაბამისი დოკუმენტების/მტკიცებულებების წარმოდგენა, მაგრამ საბჭოზე საჩივრის განხილვის ეტაპზე, მომჩივანს არც საბჭოს და არც აუდიტის დეპარტამენტის სახელზე არანაირი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და არც რაიმე განცხადება არ წარმოუდგენია და არც სატელეფონო ზარი არ განხორციელებულა მისი მხრიდან.

ამგვარად, მომჩივანი მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის ეტაპზე არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად წარმოადგენს მისი პოზიციის შესაბამის დოკუმენტაცია/მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებულიო მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. რეალიზებული საქონლის დღგ-ით დაბეგვრა;

2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. ჯართის შესაძენად განსაზღვრული თანხების ფიზიკური პირებისათვის გადახდილ თანხად მიჩნევა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა 3%-იანი განაკვეთით;

4. არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გაცემული მომსახურების ანაზღაურების, ასევე გაცემული ხელფასების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №27734 ბრძანება და №042-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №3195 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ პირველ,მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება პირველ,მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“, „დ“, „პ“.2.3„ა“); 1333; 159(1„ა“); 163(1.2); 164(1); 172(4 „ძ“);