ბრძანება N 25866

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.10.2023
№ დოკუმენტი 25866
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25866

19 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------ (ს/ნ -----)

(მის.: -------)

2023 წლის 22 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა ი/მ ------ს (ს/ნ -----) №20048/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №002-76 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ პროფესიით არის ისტორიკოსი, ვაჭრობა დაიწყო მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ბუღალტერიას აწარმოებდა ორისის პროგრამაში. სალაროს გამოუყენებლობაზე დაჯარიმება მოხდა მოლარის გაუფრთხილებლობით. ამასთან, შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული ქურდობის, პროდუქციის დაზიანების ან თანამშრომელთა გულგრილობით გამოწვეული დანაკარგები. ითხოვს არცოდნის გამო დაშვებული შეცდომების პატიებას და საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 20 მაისის №13933 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------ს (ს/ნ -----) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2012 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 აპრილამდე, ხოლო წლიური საშემოსავლო და ქონების გადასახადების ნაწილში - 2012, 2013, 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა 2016 წლის 14 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2016 წლის 19 სექტემბრის №26686 ბრძანება და №005-281 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 160 246 ლარი, მათ შორის, გადასახადი 93 722 ლარი, ჯარიმა 41 585 ლარი და საურავი 24 938 ლარი.

ზემოაღნიშნული „საგადასახადო მოთხოვნა“ გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2016 წლის 13 ოქტომბრის №28357 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ:

„1. ი/მ ------ს (ს/ნ ------) 2016 წლის 26 სექტემბრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტში წარადგინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფასნამატის განსაზღვრისთვის საჭირო არგუმენტაცია/მტკიცებულება; ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს მის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულება და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დადგენილი ფასნამატისა და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაანგარიშება და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა, ხოლო, დოკუმენტურად დაუდასტურებელი გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრისას იმსჯელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების შესაძლებლობაზე და, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 13 ოქტომბრის №28357 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების თანახმად:

„1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.10.2016 წლის №28357 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2016 წლის №005-281 საგადასახადო მოთხოვნა;

3. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს შემოწმებით დარიცხული (გადაანგარიშების შემდგომ დარჩენილი) ჯარიმისაგან;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 სექტემბრის №005-281 საგადასახადო მოთხოვნა და მასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 სექტემბრის №26686 ბრძანება, №005-281 საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელშიც -----ს არ შეუმცირდა დამატებით დარიცხული თანხები. შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. ხოლო, ------ს სასარჩელო მოთხოვნაზე - ნაწილობრივ ბათილად გამოცხადებულიყო შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 13 ოქტომბრის №28357 ბრძანება, შეწყდა წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებაში მითითებულია:

„პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც საუბარია სასამართლო სხდომაზე შემმოწმებლის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე. კერძოდ, შემმოწმებელმა მიუთითა, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოს მიერ ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ შემმოწმებლის მიერ ვერ იქნა დასახელებული 2012 წლის საანგარიშო პერიოდის მიმართ მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რომელი ქვეპუნქტი არსებობდა დამატებით (2012 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით). ამდენად, პალატის მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ 2012 წლის საანგარიშო პერიოდის მიმართ არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ხოლო რაც შეეხება 2013 წლის საანგარიშო პერიოდს და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შემმოწმებლის მიერ გაკეთებულ იმ განმარტებას, რომ გადასახადის გადამხდელი 2013 წელს დაჯარიმებული იყო სასაქონლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისა და საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, აღნიშნულზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ი/მ ------ს მიერ აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ 2013 წლის საანგარიშო პერიოდის მიმართ არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერად გამოყენების საკითხის შესწავლის მიზნით საგადასახადო ორგანომ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევის 2 ან მეტი ფაქტი. აღნიშნული საკითხის დადგენის შემდეგ არის საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი არაპირდაპირი მეთოდით განუსაზღვროს ი/მ ------ს საგადასახადო დავალიანება 2013 წლის საანგარიშო პერიოდის მიმართ.

... პალატა მიიჩნევს, რომ 2013 წლის საანგარიშო პერიოდისათვის საგადასახადო ორგანო ვალდებულია დაადგინოს, ჰქონდა თუ არა გადასახადის გადამხდელის მხრიდან მიმდინარე კონტროლის პროცედურების დარღვევის ორ ან მეტ ფაქტს ადგილი და მხოლოდ აღნიშნული გარემოების გამოკვლევის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესახებ. ასევე, მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია ქურდობისა და დაყაჩაღების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, გამოქვითოს გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავლიდან და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ განსაზღვროს მოსარჩელის დასაბეგრი შემოსავალი.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განჩინებებით, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.

სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2023 წლის 28 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადის თანხა სულ 467 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა 2023 წლის 19 მაისის №002-76 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არასრულყოფილად ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტერია, ასევე, ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლებოდა საგადასახადო პერიოდების მიხედვით (12.2% - 2012 წელს, 10.2% - 2013 წელს, 5,9% - 2014 წელს, 6% - 2015 წელს). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის სამი შემთხვევა. კერძოდ, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის შედგენილია ოქმი №051558 და საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევისათვის ოქმი №040144 და №CB628547. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი არ ექვემდებარება გადაანგარიშებას. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2012 წელს არაპირდაპირი მეთოდი არ იქნა გამოყენებული.

გადასახადის გადამხდელის მიერ სასამართლო განხილვებზე წარდგენილი იქნა ქურდობისა და ყაჩაღობის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, შსს ქ. ------ს პოლიციის დეპარტამენტის ------ს სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგენილი ყაჩაღობისა და ქურდობის ფაქტები: 2012 წლის 6 აპრილის (1 100 ლარი), 2013 წლის 25 იანვრის (400 ლარი) და 2014 წლის (835 ლარი), რომლებიც შემოწმების აქტის შედგენამდე არ იქნა მოწოდებული, არც გადაანგარიშების ეტაპზე. შესაბამისად, მიმდინარე გადაანგარიშებით გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული და შემცირდა საშემოსავლო გადასახადი შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით: საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე:

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლებოდა საგადასახადო პერიოდების მიხედვით (12.2% - 2012 წელს, 10.2% - 2013 წელს, 5,9% - 2014 წელს, 6% - 2015 წელს), ასევე, მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის სამი შემთხვევა. კერძოდ, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის 2014 წლის 22 თებერვალს შედგენილია ოქმი №051558 და საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევისათვის - ოქმები 07.08.2013 წელს №040144 და 18.03.2016 წელს №CB628547. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია და აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი არ ექვემდებარება კორექტირებას. ამასთან, 2012 წლის საანგარიშო პერიოდზე არაპირდაპირი მეთოდი არ არის გამოყენებული.

რაც შეეხება ქურდობისა და დაყაჩაღების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ქურდობისა და ყაჩაღობის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, შსს ქ. -----ს პოლიციის დეპარტამენტის ------ს სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგენილი ყაჩაღობისა და ქურდობის ფაქტები (2012 წლის 6 აპრილის (1 100 ლარი), 2013 წლის 25 იანვრის (400 ლარი) და 2014 წლის (835 ლარი)), რისი გათვალისწინებითაც შემცირდა საშემოსავლო გადასახადი შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არასრულყოფილად ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტერია, ასევე, ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლებოდა საგადასახადო პერიოდების მიხედვით (12.2% - 2012 წელს, 10.2% - 2013 წელს, 5,9% - 2014 წელს, 6% - 2015 წელს). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის სამი შემთხვევა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი არ ექვემდებარება გადაანგარიშებას. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2012 წელს არაპირდაპირი მეთოდი არ იქნა გამოყენებული. გადასახადის გადამხდელის მიერ სასამართლო განხილვებზე წარდგენილი იქნა ქურდობისა და ყაჩაღობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შემოწმების აქტის შედგენამდე არ იქნა მოწოდებული, არც გადაანგარიშების ეტაპზე. შესაბამისად, მიმდინარე გადაანგარიშებით გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული და შემცირდა საშემოსავლო გადასახადი შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 8(22), 49(1"ე"), 61(3), 73(5), 43(4).