გადაწყვეტილება №24909/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.04.2025
№ დოკუმენტი 24909/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24909/2/2025

23 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 14.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24909/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის №024-81 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.03.2025 წლის №4055 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 359 267,16 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 786 479

დღგ - 304 564

საშემოსავლო გადასახადი - 481 915

ჯარიმა - 391 728

საურავი - 181 060,16

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა საცალო-საბითუმო ვაჭრობა ფეხსაცმელებით, ტანსაცმელით და საწოლის თეთრეულით, კომპანია საქონლის იმპორტს ახორციელებს ------ან და ------დან, ხოლო საქმიანობის ადგილია სავაჭრო ცენტრ ------ს ტერიტორია. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 20.10.2021 წელს, ამავე პერიოდიდან არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.

აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 20.10.2021 წლიდან 1.07.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 779 329 ლარს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა, რომ შეძენილი საქონლის საინვოისო ღირებულება არის 2 329 105 ლარი. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით კომპანიას საქონლის ნაშთი არ გააჩნია. კომპანიის მიერ არასრულყოფილად არის აღრიცხული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. შემოწმების პროცესში არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, შესაბამისად შედგენილია 2 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ინფორმაციის არასრულყოფილად წარმოდგენისთვის.

მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-ის ნაწილში განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი (იმპორტული) საქონლის თვითღირებულება საქონლის ჯგუფების მიხედვით. ასევე, განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, ხოლო დარჩენილი საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი, აღნიშნული ფასნამატები შერჩეულ იქნა საქმიანობის სპეციფიკისა და ტერიტორიული ნიშნის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 60%-ს. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის №024-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.03.2025 წლის №4055 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 27 თებერვალს, --:00 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 779 329 ლარს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა, რომ შეძენილი საქონლის საინვოისო ღირებულებაა 2 329 105 ლარი. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით კომპანიას საქონლის ნაშთი არ გააჩნია. კომპანიის მიერ არასრულყოფილად არის აღრიცხული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. შემოწმების პროცესში არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, შესაბამისად შედგენილია ორი სამართალდარღვევის ოქმი ინფორმაციის არასრულყოფილად წარმოდგენისთვის. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგინდა, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი (იმპორტული) საქონლის თვითღირებულება საქონლის ჯგუფების მიხედვით. ასევე, განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, ხოლო დარჩენილი საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი, აღნიშნული ფასნამატები შერჩეულ იქნა საქმიანობის სპეციფიკისა და ტერიტორიული ნიშნის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 60%-ს. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მომჩივნის საქმიანობის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია კომპანიისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არარის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

შემოწმებით არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, იმ პირობებში, როცა კომპანია საქონელს არ ყიდის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში, შესაბამისად აღრიცხვა აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე, შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება არაპირდაპირი მეთოდებით განესაზღვრა შემოსავალი. ასევე პარალელურად ჩატარდა შპს „--. ----“-ის საგადასახადო შემოწმება, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით და შემოწმებაც ჩატარებულია მსგავს პერიოდზე. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე განსხვავებული ფასნამატი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა, ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 779 329 ლარს, ხოლო შეძენილი საქონლის საინვოისო ღირებულება არის 2 329 105 ლარი. კომპანიას საქონლის ნაშთი არ გააჩნია. არასრულყოფილად არის აღრიცხული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, შესაბამისად შედგენილია 2 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ინფორმაციის არასრულყოფილად წარმოდგენისთვის.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შპს „-----ის“ (ს/ნ -------------) მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი (იმპორტირებული) საქონელიდან გამოყოფილია 8 ჯგუფი (ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ქალის ტანსაცმელი, ჩანთა საფულე, ბავშვის ტანსაცმელი, ბავშვის ფეხსაცმელი, თეთრეული და სხვა ქვეჯგუფები), ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული კომპანია ძირითადად ვაჭრობდა ფეხსაცმლით, კერძოდ საშინაო ფეხსაცმლით. ამასთან, შპს ---ის შემთხვევაში დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა საცალო რეალიზაციის ფასნამატი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიების აუდირებული ფასნამატის გავრცელება მართებულია. ამასთან, ვინაიდან დგინდება, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გადაწყვეტილება მიღებულია განსხვავებული გარემოებების არსებობის პირობებში, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 20.10.2021 წლიდან 1.07.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 779 329 ლარს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა, რომ შეძენილი საქონლის საინვოისო ღირებულება არის 2 329 105 ლარი. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით კომპანიას საქონლის ნაშთი არ გააჩნია. კომპანიის მიერ არასრულყოფილად არის აღრიცხული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. შემოწმების პროცესში არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, შესაბამისად შედგენილია 2 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ინფორმაციის არასრულყოფილად წარმოდგენისთვის.

მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-ის ნაწილში განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი (იმპორტული) საქონლის თვითღირებულება საქონლის ჯგუფების მიხედვით. ასევე, განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, ხოლო დარჩენილი საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი, აღნიშნული ფასნამატები შერჩეულ იქნა საქმიანობის სპეციფიკისა და ტერიტორიული ნიშნის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 60%-ს. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №024-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №4055 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიების აუდირებული ფასნამატის გავრცელება მართებულია. ამასთან, ვინაიდან დგინდება, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გადაწყვეტილება მიღებულია განსხვავებული გარემოებების არსებობის პირობებში, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 159(1 „ა“);