გადაწყვეტილება №20838/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20838/2/2023
22 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 15.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20838/2/2023).
დავის საგანი:
ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (ოქროს ნაკეთობები) საქართველოში შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 29.07.2023 წლის №EL218292 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20799 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1000 ლარი.
ფაქტების აღწერა
26.07.2023 წელს "------"-ის რესპუბლიკიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „------ -ის “ კონტროლის ზონაში შემოვიდა მომჩივანი. მებაჟე-ოფიცრის მიერ მოხდა მისი შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა. დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მომჩივანმა უარი განაცხადა.
"------"-ის ფიზიკური და ხელბარგის დათვალიერების დროს აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 30,64 გრამი, 5 ცალი ოქროს სამაჯური, რომელიც მოთავსებული ჰქონდა სხეულზე (ბიუსჰალტერში), რაზეც შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“.
№006966/2023 ექსპერტის დასკვნის თანახმად, საქონლის ღირებულება განისაზღვრა 2 964,42 ლარით.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ვინაიდან "------"-ის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, 29.07.2023 წელს შედგენილი №EL218292 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები დაილუქა №0826220 საბაჟო ლუქით, შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69601089944 ოქმი“ და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „------ -ის “ ადმინისტრაციულ შენობაში.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.08.2023 წლის №20799 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე, 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 27.08.2019 წლის №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესის“ (დანართი №2) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე და სისტემატიურად ახორციელებდა სხვადასხვა დასახელების საქონლის შემოტანას და სარგებლობდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული ფორმალობები. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტით დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ "-----" საქართველოს საზღვარზე შემოჰქონდა ოქრო თავისთვის, რომელიც ჩამოართვეს და დააჯარიმეს 1000 ლარით. ითხოვს გაუუქმდეს ჯარიმა, ეს იყო მისთვის პირველი შემთხვევა, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მისი თხოვნა. არანაირი შემოსავალი არ აქვს, რომ ჯარიმა გადაიხადოს მშობლებისთვის წამალს ძლივს ყიდულობს.
ცხოვრობს "------"-ში, ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი და ავადმყოფი მშობლები, არის უმუშევარი. მიუთითებს, რომ არ აქვს ჯარიმის გადახდის საშუალება და ითხოვს გაუუქმდეს დაკისრებული ჯარიმა.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „------ -ის “ კონტროლის ზონაში მებაჟეოფიცრის მიერ მოხდა მომჩივნის შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა. დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მომჩივანმა უარი განაცხადა. "------"-ის ფიზიკური და ხელბარგის დათვალიერების დროს აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 30,64 გრამი, 5 ცალი ოქროს სამაჯური, რომელიც მოთავსებული ჰქონდა სხეულზე (ბიუსჰალტერში), რაზეც შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“. № "------" ექსპერტის დასკვნის თანახმად, საქონლის ღირებულება განისაზღვრა 2 964,42 ლარით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი ცდილობდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, საბჭოს მიაჩნია, რომ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისთვის სანქცია შეფარდებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მებაჟე-ოფიცრის მიერ მოხდა გადამხდელის შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა.დათვალიერების დროს აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი,რაზეც შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“.
შესაბამისად,მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისთვის სანქცია შეფარდებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
70,73,168(3).