ბრძანება N 16843
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16843
12 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.:„-------“ )
2023 წლის 13 იანვრის და 27 თებერვლის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „-------“) 2023 წლის 13 იანვრის №78036/1/2023 და 27 თებერვლის №79360/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №074-31 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი შეიცავს უზუსტობებს. აცხადებს, რომ აუდიტორების მიერ გაანგარიშებული ფასნამატი არაპირდაპირი დარიცხვის მეთოდისთვისაც ზედმეტად დიდია. ასევე თვითნებურადაა გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი. მიუთითებს, რომ არსებული გადასახადი დეკლარირებული და შესაბამისად აღიარებულიც იყო. გადამხდელი ითხოვს საკითხის ხელახლა შესწავლას და შემოწმებით დარიცხული გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივლისის №19470 და 24 ნოემბრის №29414 ბრძანებების საფუძველზე შპს „------ -ის “ (ს/ნ „-------“) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №30922 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №074-31 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 171 894 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 113 487 ლარი, ჯარიმა 56 801 ლარი და საურავი 1 606 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელი პერიოდის დასაბეგრ ბრუნვებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. კერძოდ, კომპანიის დოკუმენტაციის შესწავლისას განისაზღვრა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, რომელიც გადამხდელს უნდა უფიქსირდებოდეს. ამასთან, შპს „----- -ში “ ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შემოწმების მიერ გაანგარიშდა საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი. კერძოდ, შერეულ პროდუქციაზე - 10,9% და სიგარეტზე აუდირებული ფასნამატი 2%. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დასაბეგრი ბრუნვები და დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმებით გაანგარიშებულ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალს შორის მიღებული სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად ირკევა, რომ შპს „------ ის “ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სრულად არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმებით გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელი პერიოდის დასაბეგრ ბრუნვებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. კერძოდ, კომპანიის დოკუმენტაციის შესწავლისას საგადასახადო შემოწმებით განისაზღვრა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, რომელიც გადამხდელს უნდა უფიქსირდებოდეს. ასევე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია. ასევე მართლზომიერია შემოწმებით გაანგარიშებულ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალს შორის მიღებული სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
აგრეთვე გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სრულად არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ -ის “ (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანმხება შემოწმების აქტის შედეგად დარიცხულ და გამოანგარიშებულ გადასახადებს.
მოჩივანი ითხოვს საკითხის ხელახლა შესწავლას და შემოწმებით დარიცხული გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელი პერიოდის დასაბეგრ ბრუნვებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის.
კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შემოწმების მიერ გაანგარიშდა საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი. კერძოდ, შერეულ პროდუქციაზე - 10,9% და სიგარეტზე აუდირებული ფასნამატი 2%. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დასაბეგრი ბრუნვები და დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმებით გაანგარიშებულ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალს შორის მიღებული სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შედეგად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ასევე,გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სრულად არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.
საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5 „ა“) 2(2),160( ,,ა“) 161(1 ,,ა“ )163(1,2), 164(1),73(9,,ბ"),101,154,136