ბრძანება N 3599

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.03.2023
№ დოკუმენტი 3599
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3599

24.02.2023

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ---------- ;

იურ. მის.:------------)

2022 წლის 20 დეკემბრის და 2023 წლის 16 თებერვლის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ---------) №77425/1/2022, №28786/21 და №28787/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №081-234 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე უძრავი ქონებების რეალიზაციის ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლას და აღნიშნული უძრავი ქონებების ღირებულების თანხის მიუღებელი ნაწილის დამფუძნებელზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. აცხადებს, რომ მყიდველმა კომპანიას სრულად გადაუხადა უძრავი ქონებების ნასყიდობის ღირებულება (წარმოდგენილია გადახდის ქვითრები). ამასთან, აღნიშნავს, რომ სასესხო ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებს ადგენს სამოქალაქო კოდექსი. დამფუძნებელ ფიზიკურ პირს კომპანიის მიმართ ფულადი ვალდებულება წარმოეშვა გაფორმებული უძრავი ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესაბამისად, სახეზეა არა სასესხო ურთიერთობა, არამედ ნასყიდობა. გარდა ამისა, კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად მითითებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს, რომ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია სახეზე იყოს თანხის გაცემა, რასაც შპს „--------“ მიერ ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ოპერაციის უპროცენტო სესხად კვალიფიკაცია არამართლზომიერია.

2. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ კომპანია გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 5 აგვისტოს №25727 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ --------- ) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრულ იქნა 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 16 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2022 წლის 29 ნოემბრის №29827 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 30 ნოემბრის №081-234 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 1 607 653 ლარით, მათ შორის: გადასახადი 799 534 ლარი, ჯარიმა 394 313 ლარი, საურავი 413 806 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დამფუძნებლებზე არ აქვს განაწილებული დივიდენდი. ასევე, დამფუძნებელი ფიზიკური პირები არ წარმოადგენენ საწარმოს დაქირავებით მომუშავე პირებს და, შესაბამისად, საწარმოდან არ აქვთ მიღებული სახელფასო შემოსავალი. შემოწმებით დამუშავდა როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და მესამე პირებისაგან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2019 წლის 26 ივლისსა და 2019 წლის 26 აგვისტოს დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე, "--------" , რეალიზებული აქვს უძრავი ქონებები (ძირითადად, კომერციული ფართები და ანტრესოლები). ხელშეკრულებების მიხედვით, რეალიზებული უძრავი ქონების ჯამურ ღირებულებად განისაზღვრა 3 276 008 ლარი (პირს დაბეგრილი აქვს აღნიშნული ოპერაცია დამატებული ღირებულების გადასახადით). "--------" აღნიშნული ქონების საკომპენსაციო თანხის ნაწილი, 552 554 ლარი, დაფარული აქვს საწარმოსათვის (დავალიანების შემცირების ბოლო თარიღია 2019 წლის 28 ოქტომბერი), ხოლო 2 723 453 ლარი შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე უფიქსირდება დავალიანების ნაშთში. აღნიშნული დასტურდება ურთიერთშედარების აქტის მიხედვითაც. მას შემდეგ, რაც ფ/პ "--------" შეიძინა ხსენებული უძრავი ქონებები, 2019 წლის 27 აგვისტოს (ნაწილი ქონებების შეძენიდან 1 თვეში, ხოლო ნაწილი ქონებების შეძენის მომდევნო დღეს) იგივე ფართები მიჰყიდა შპს „-------“ (ს/ნ ---------) იმავე ფასად (3 276 008 ლარად). აღსანიშნავია, რომ შპს „------“ და ფ/პ "---------" შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, საკონპენსაციო თანხის, 3 276 008 ლარის, დაფარვა მოხდებოდა შემდეგი პრინციპით: 1 280 000 ლარი პირს უნდა გადაეხადა საწარმოსათვის 2019 წლის 26 ივლისიდან 1 კვირის ვადაში, ხოლო 1 996 008 ლარი უნდა დაფარულიყო 10 წლის ვადაში. ფ/პ "--------" და შპს „-------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 წლის ვადაში. შესაბამისად, შედგენილი ხელშეკრულებებითვე დგინდება, რომ აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შედეგად თანხა წლების განმავლობაში უნდა დარჩენილიყო ფ/პ "-------- -თან". შემოწმებით გადამოწმდა და დადგინდა, რომ ფ/პ "---------" შპს „----------“ სრულად აქვს მიღებული ქონების რეალიზაციის საკონპენსაციო თანხები.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმებამ მიიჩნია, რომ ფ/პ "--------" უძრავი ქონებების რეალიზაცია წარმოადგენდა ფორმალურ ოპერაციას, რის შედეგადაც, გადასახადის გადამხდელმა თავიდან აირიდა აღნიშნული ფართების პირდაპირი რეალიზაციის შემდგომ მიღებული ფულის დამფუძნებელზე გადაცემით წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, შემოწმებით ფ/პ "------ - ის " მიერ განხორციელებული რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ჩაითვალა შპს „---------“ მიერ მიღებულად და თანხის ის ნაწილი, რომელიც დღემდე არ მიუღია შპს „--------“ (2 723 453 ლარი) ჩაითვალა ფ/პ "-------- -ზე " : გაცემულ უპროცენტო სესხად. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო სესხის გაცემა უპროცენტოდ განიხილება მოგების გადასახადით დაბეგვრის ცალკე ობიექტად, როგორც მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა საბაზრო ფასის შესაბამისად (2019 წლის ოქტომბერი - 17.57%) და დაიბეგრა ყოველთვიურად შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

 პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 28 ნოემბრიდან, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად 2014 წლის 11 მაისს. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების მშენებლობა და რეალიზაცია, ასევე, სხვადასხვა სამშენებლო/სარემონტო და მასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება. პირი აღრიცხვას აწარმოებს ელექტრონულად, ბუღალტრულ პროგრამა ორისში. შემოწმებამ 2021 წლის 15 ივლისის N-------- შეტყობინების საფუძველზე გადასახადის გადამხდელისაგან გამოითხოვა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმებით დამუშავდა როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, ასევე გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და მესამე პირებისაგან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ზემოხსენებული ინფორმაციისა და მონაცემების დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობა პირის მიერ განხორციელებულ, სააღრიცხვო პროგრამაში აღრიცხულ და დეკლარირებულ დამატებული ღირებულების გადასახდით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს დეკლარირებული უძრავი ქონების რეალიზაციები, მიღებული ავანსები და ასევე მომსახურებების გაწევები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ოპერაციები გადასახადის გადამხდელს აღრიცხული აქვს სააღრიცხვო პროგრამაში, რომელიც თანხვედრაშია სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან და საბანკო ამონაწერებთან.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა პირის მიერ განხორციელებულ და დეკლარირებულ დამატებული ღირებულების გადასახდით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, "--------" უძრავი ქონების მიწოდების ოპერაცია გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ქ."-------" ქ. N--ში. აღნიშნულ მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ პირს 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის "---------" (ს/ნ ---------), რომლის მიხედვითაც მიწის სანაცვლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცა 1 714 კვ.მ. საცხოვრებელი ფართები. ამასთან, 2016 წლის 11 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, პირს ქალაქ "------- - ის " მერიისათვის უნდა გადაეცა 2 665 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინები. 2019 წლის 19 აპრილს გაფორმდა შეთანხმება საცხოვრებელი ბინების "-------- - ის" მერიისათვის გადაცემასთან დაკავშირებით. ასევე, 2020 წლის 29 ივლისს გაფორმდა.

შეთანხმება ამხანაგობისათვის კუთვნილი ბინების გადაცემასთან დაკავშირებით. პირს აღნიშნული ბარტერული ოპერაციები განხილული აქვს გრძელვადიან კონტრაქტად. აღნიშნულ ნაწილში, წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით, პირს დაბეგრილი აქვს 46 849 ლარი 2020 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნულ მიწაზე აშენებული შენობის საერთო ფართობი შეადგენს 26 492 კვ.მ.-ს. შემოწმებით დგინდება, რომ აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში შევიდა 2019 წლის თებერვლის თვეში, თუმცა პირის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებისა და დოკუმენტაციის მიხედვით, ბინების გადაცემა ვერ ხდებოდა (ამხანაგობისათვის ბინები გადაცემულია 2020 წლის ივლისის თვეში), რადგან გადასაცემი ფართების ხელშეკრულებით განსაზღვრულ კონდიციამდე მისაყვანად საჭირო იყო დამატებითი ხარჯები, კერძოდ, ბინები უნდა ყოფილიყო სრულად აღჭურვილი საკომუნიკაციო სისტემებით, მათ შორის, ელექტროენერგიით. ხოლო, ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება განხორციელდა 2020 წლის 29 ივნისს, რაც დასტურდება დოკუმენტურად.

ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის, 309-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, შპს „----------“, "-------- - ის " მერიასა და ამხანაგობას შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის განხორციელებისას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა საწარმოს მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი. თავის მხრივ, აღნიშნული მომსახურების საბაზრო ფასი დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, მათ შორის, ბაზარზე ამ მომსახურების მიწოდების მომენტისათვის იდენტური (მსგავსი) მახასიათებლების მქონე მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. შემოწმებით, შენობის საერთო ფართობისა და პირებისათვის გადასაცემი ფართების პროპორციის ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებთან შეპირისპირებით განისაზღვრა გრძელვადიან კონტრაქტის ნაწილში წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს გრძელვადიანი კონტრაქტის ნაწილში 2019 წლის აპრილის თვეში ბრუნვა განესაზღვრა 80 094 ლარის ოდენობით, 2019 წლის დეკემბერში - 51 534 ლარის ოდენობით და 2020 წლის ივლისის თვეში - 14 265 ლარის ოდენობით. პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა 2019 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხოლო სხვა პერიოდებზე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 -ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 -ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შპს „---------“ 2019 წლის 26 ივლისსა და 26 აგვისტოს დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე რეალიზებული აქვს უძრავი ქონებები 3 276 008 ლარად შემდეგი პირობით: 1 280 000 ლარი პირს უნდა გადაეხადა საწარმოსათვის 2019 წლის 26 ივლისიდან 1 კვირის ვადაში, ხოლო 1 996 008 ლარი უნდა დაფარულიყო 10 წლის ვადაში. აღნიშნული პირის მიერ იგივე ფართები სრულად, იმავე ფასად რეალიზებულია შეძენიდან ერთი თვის ვადაში იმ პირობით, რომ თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 წლის ვადაში. ნასყიდობის ფასი ფიზიკურ პირს მიღებული აქვს სრულად, ხოლო აღნიშნული ქონების საკომპენსაციო თანხის ნაწილი, 2 723 453 ლარი, შპს „---------“ შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე უფიქსირდება დავალიანების ნაშთში.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან, აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შედეგად თანხა წლების განმავლობაში უნდა დარჩენილიყო დამფუძნებელ ფიზიკურ პირთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შინაარსის გათვალისწინებით, ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა და შპს „---------“ მიერ მიუღებელი თანხის დამფუძნებელზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა მართლზომიერია. შესაბამისად, კვალიფიკაციის შეცვლის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის მომსახურების მიწოდებას არ მიეკუთვნება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც გულისხმობს ფულზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;

ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;

გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);

დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;

ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;

ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.

ამავე მუხლის მე-80 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 14 დეკემბრის №1082-VIმს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთერთ შემდეგ პირობას:

ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;

ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;

ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;“.

ამასთან, ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ქალაქ "-------- " მერიიდან. ქალაქ "--------" მერიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, „ქ. "--------" ქ. N5-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ --------) შპს „----------“ (ს/ნ ---------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათებით არ სარგებლობს და აღნიშნული ობიექტი არ იმყოფება ქ. "--------" მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ნუსხაში.“

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, ქ. "------ ში ", მის.: "--------" N 5-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ---------) შპს „----------“ (ს/ნ --------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათებით არ სარგებლობს და აღნიშნული ობიექტი არ იმყოფება ქ. "--------" მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ნუსხაში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს "--------“ (ს/ნ --------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე უძრავი ქონებების რეალიზაციის ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლას და აღნიშნული უძრავი ქონებების ღირებულების თანხის მიუღებელი ნაწილის დამფუძნებელზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ოპერაციის უპროცენტო სესხად კვალიფიკაცია არამართლზომიერია.

2. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 5 აგვისტოს №25727 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანი საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრულ იქნა 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 16 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2022 წლის 29 ნოემბრის №29827 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 30 ნოემბრის №081-234 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 1 607 653 ლარით.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია,აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),161,309(79),