გადაწყვეტილება №19830/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19830/2/2023
11.07.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 25.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19830/2/2023).
დავის საგანი:
1. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ხილ-ბოსტნეულის ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის №083-39 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10033 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 666 883,13 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 1 641 097
ჯარიმა - 820 649
საურავი - 205 137,13
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ხილ-ბოსტნეულის, რეალიზაცია ექსპორტის გზით.
აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 6.12.2022 წლის №083-39 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10033 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ხილ-ბოსტნეულის ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების პერიოდში მომჩივანი საექსპორტო პროდუქციის შეძენას ახორციელებდა ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური (90%) და იურიდიული პირებისგან, საქართველოს მასშტაბით, რომლის რაოდენობა ჯამურად შეადგენდა 14 282 452 კგ-ს, ხოლო ღირებულება - 30 590 381 ლარს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და დოკუმენტების მიხედვით დადგინდა, რომ შესყიდულ ხილ-ბოსტნეულზე გაფორმებული იყო შესყიდვის აქტები, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირდებოდა გამყიდველი მხარე. გადამხდელს აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე თანხები გადახდილი ჰქონდა სალაროდან, რომელიც ბუღალტერიაში ასახული იყო ჯამური გადახდებით და არა ინდივიდუალურად თითოეული ფიზიკური პირის მიხედვით. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2022 წლის პირველი აპრილისთვის, კრედიტორული დავალიანება საწარმოს არ უფიქსირდებოდა. შემოწმებამ გააანალიზა ექსპორტის დეკლარაციები, საბაჟო ინფორმაცია, CMR და შესყიდვის აქტები, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდა, რომ საშუალო შეწონილი ფასნამატი ხილბოსტნეულზე შეადგენდა 3-4%-ს. დაბალი ფასნამატიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებამ მესამე პირებისგან (ფიზიკური პირებისგან) გამოითხოვა ინფორმაცია შპს „--------თან“ არსებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც ნაწილობრივ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია, ზოგიერთ მათგანთან მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია და ადგილზე გასაუბრებაც. მათ მიერ წარმოდგენილი იყო წერილობითი ახსნა-განმარტებები, რომელთაგან: 1. ერთი მხრივ, ნაწილი საერთოდ არ ადასტურებდა და უარყოფდა შპს „--------თვის“ საქონლის მიწოდების ფაქტს, 2. ამასთან, არ ადასტურებდნენ რაიმე დოკუმენტზე (შესყიდვის აქტზე) ხელმოწერას. 3. ნაწილმა წარმოადგინა ახსნაგანმარტებები, რომლის მიხედვით დადგინდა საშუალო სარეალიზაციო ფასი თითოეული დასახელების მიხედვით შესაბამისი თვის და სეზონის გათვალისწინებით და განსხვავდებოდა შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასისგან. ამ კატეგორიის ნაწილიც არ ადასტურებდა შესყიდვის აქტზე ხელმოწერას. მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ფასები რიგ შემთხვევებში ბევრად განსხვავდებოდა (ნაკლები იყო), ვიდრე გადამხდელს ჰქონდა დაფიქსირებული შესყიდვის აქტებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და ხარჯად აღიარდა შესყიდვის აქტებში მითითებული თანხის 75% შემოსავლების სამსახურის 2.02.2012 წლის №1162 ბრძანებით დამტიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, ხოლო დარჩენილი ნაწილი დაკვალიფიცირდა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად საანგარიშო პერიოდის ბოლოს და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელი აცხადებს რომ რამდენიმე შემთხვევაში მის მიერ გადამოწმებული იქნა საქონლის მომწოდებლების ნაწილთან ინფორმაცია და რიგ შემთხვევაში მიიღო განსხვავებული პასუხები, რაც ჩათვალა საკმარისად და აღნიშნულზე მითითებით აცხადებს რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შეძენის ხარჯები უნდა შემცირდეს 25%-ით №0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე მითითებით, რაც არასწორია. მოცემულ შემთხვევაში ხარჯების გაწევის (საქონლის შესყიდვის) დოკუმენტების არ არსებობას ადგილი არ აქვს – შესაბამისად არც №0256-ის სიტუაციური სახელმძღვანელო გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
განსახილველ შემთხვევაში საქონლის ყველა მომწოდებელი იდენტიფიცირებულია და თითოეულ მათგანთან შეიძლება მოხდეს ინფორმაციის გადამოწმება და გადამხდელთან ერთად ასეთი გადამოწმების გარეშე ცალსახად იმის თქმა, რომ საქონლის შეძენის ხარჯები 25%-ით უნდა შემცირდეს – არასწორია.
შემოწმებას გადამხდელთან ერთად დეტალურად უნდა შეესწავლა საქონლის შესყიდვის საკითხი და ცალმხრივად ინფორმაციის მოძიება არასწორია. გადამხდელს დღემდე არ გააჩნია მონაცემები მასზედ, თუ ვისთან იქნა გადამოწმებული საქონლის შესყიდვის ფასების შესახებ ინფორმაცია შემმოწმებლის მიერ, და რა პასუხები იქნა მათგან მიღებული; მოთხოვნის მიუხედავად ასეთი ინფორმაცია დღემდე არ ჩაბარებია გადამხდელს; ასეულობით შესყიდვის ოპერაციების დროს ერთეული შემთხვევები – დაუზუსტებელი/გადაუმოწმებელი, არასწორი ინფორმაციები არ შეიძლება გახდეს საქონლის შესყიდვის ხარჯების 25%-ით შემცირების საფუძველი; ასეთი ფასსხავობა (მოგება) ქვეყნის შიდა ბაზარზე მალფუჭებადი საქონლის შეძენა-რეალიზაციის დროს არ გვხდება; საკითხავია ის მეწარმე სუბიექტები, რომლებიც ქვეყნის შიდა ბაზარზე მსგავს საქმიანობას ეწევიან – ასეთი მოგებით მუშაობენ თუ არა, და ასეთივე გადასახადებს იხდიან თუ არა ან ამ ოდენობით ერიცხებათ თუ არა მათ დამატებით გადასახადები საგადასახადო შემოწმების დროს?
არსებული რეგულაციების თანახმად ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული უნდა ყოფილიყო გადამხდელი და ერთობლივად უნდა მომხარიყო ამ საკითხის (საქონლის შესყიდვის ფასების) გადამოწმება/შესწავლა – რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რა სახის გამოკითხვა ჩაატარა ან საერთოდ ჩატარდა თუ არა გამოკითხვა საქონლის შესყიდვის ფასებთან დაკავშირებით – საკითხავია. ასეთი ინფორმაციის არ არსებობა – გადამხდელისათვის ასეთი ინფორმაციის წარუდგენლობა – რომ არ მოხდეს ინფორმაციის დაზუსტება/გადამოწმება – არ შეიძლება სადავო დარიცხვების საფუძველი გახდეს. ეს არის სერიოზული ბრალდება/პრეტენზიები და მეტი არგუმენტები და დოკუმენტები არის საჭირო და არა ისე, ზოგადი და არაფრის მთქმელი განცხადებები და მოსაზრებები, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია. 1 600 000-ზე მეტი ლარის ძირითადი გადასახადის დარიცხვაზე არის საუბარი – ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე და ეს საკითხი დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი.
ის, რომ შესყიდვის აქტების სანოტარო წესით დადასტურებას მოითხოვს შემოწმება, არ ნიშნავს რომ უპირობოდ ხარვეზებთან გვაქვს საქმე; უნდა დადგინდეს რა შემთხვევები ჩათვალა სადავოდ შემოწმებამ, რამდენად მნიშვნელოვანია/არსებითია ხარვეზები, როგორია ხარვეზების ხვედრითი წილი მთლიან შესყიდვებში და რა ნაწილზე უნდა მოხდეს ინფორმაციის გადამოწმება და სანოტარო დადასტურებით დოკუმენტების წარმოდგენა გადამხდელის მიერ; მასალები შემოწმებას გადამხდელისათვის დღემდე არ გადაუცია (ამ ნაწილში აუდიტის სამსახური ზეპირი განმარტებით შემოიფარგლება – მაშინ როცა ორ მილონზე მეტი ლარის სადავო დარიცხვებზე არის საუბარი) და ამ პირობებში რის წარმოდგენა უნდა მოახდინოს გადამხდელმა - გაუგებარია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ჰქონდა 30 590 381 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეული და საშუალო შეწონილი ფასნამატი ხილბოსტნეულზე შეადგენდა 3-4%-ს. დაბალი ფასნამატიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებამ მესამე პირებისგან (ფიზიკური პირებისგან) გამოითხოვა ინფორმაცია შპს „--------თან“ არსებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც ნაწილობრივ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია, ზოგიერთ მათგანთან მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია და ადგილზე გასაუბრებაც. მათ მიერ წარმოდგენილი იყო წერილობითი ახსნა-განმარტებები, რომელთაგან: 1. ერთი მხრივ, ნაწილი საერთოდ არ ადასტურებდა და უარყოფდა შპს „-------თვის“ საქონლის მიწოდების ფაქტს, 2. ამასთან, არ ადასტურებდნენ რაიმე დოკუმენტზე (შესყიდვის აქტზე) ხელმოწერას. 3. ნაწილმა წარმოადგინა ახსნა-განმარტებები, რომლის მიხედვით დადგინდა საშუალო სარეალიზაციო ფასი თითოეული დასახელების მიხედვით შესაბამისი თვის და სეზონის გათვალისწინებით და განსხვავდებოდა შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასისგან. ამ კატეგორიის ნაწილიც არ ადასტურებდა შესყიდვის აქტზე ხელმოწერას. მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ფასები რიგ შემთხვევებში ბევრად განსხვავდებოდა (ნაკლები იყო), ვიდრე გადამხდელს ჰქონდა დაფიქსირებული შესყიდვის აქტებში.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე მოხდა ადგილზე გასაუბრება შპს „-------“ დირექტორის მინდობილ პირთან (-------- - პ/ნ -------, შვილი). გასაუბრებაზე მინდობილი პირი გაეცნო გამოვლენილ საკითხს, როგორც შინაარსობრივად, ასევე თანხების ჭრილში. ამასთან, გადამხდელს დაევალა ნოტარიულად დამოწმებული შესყიდვის აქტების წარმოდგენა. საგადასახადო შემოწმების აქტი შედგა გასაუბრებიდან 2 თვის შემდგომ, თუმცა გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა დამატებით ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის №083-39 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა - 820 649 ლარი და საურავი - 205 137 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
სანქცია ძირითადში დაკისრებული იქნა იმის გამო, რომ სადავო დარიცხვები შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ ხარჯების შემცირებით არის გამოწვეული. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7-ე ნაწილის თანახმად, მომჩივანი უნდა განთავისუფლდეს ზემოაღნიშნული გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციებისაგან (ჯარიმისაგან და საურავისაგან).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ხილ-ბოსტნეულის ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების პერიოდში მომჩივანი საექსპორტო პროდუქციის შეძენას ახორციელებდა ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური (90%) და იურიდიული პირებისგან. საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და ხარჯად აღიარდა შესყიდვის აქტებში მითითებული თანხის 75% შემოსავლების სამსახურის 2.02.2012 წლის №1162 ბრძანებით დამტიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, ხოლო დარჩენილი ნაწილი დაკვალიფიცირდა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად საანგარიშო პერიოდის ბოლოს და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის №083-39 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა - 820 649 ლარი და საურავი - 205 137 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73, 154(1"ა"), 101(1), 269(1)(7), 270(1), 272(1), 275(1)(2).