გადაწყვეტილება №18590/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.03.2023
№ დოკუმენტი 18590/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18590/2/2022

17.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს მომჩივანს 30.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18590/2/2022).

 

დავის საგანი:

1. დირექტორზე უძრავი ქონების მიწოდების შედეგად მიღებული სარგებლის ხელფასის სახით

მიღებულ შემოსავლად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;

2. ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

3. დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7

ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №006-302 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 259 399 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 152 391

დღგ - 55 831

მიწა-არასასოფლო - 20

საშემოსავლო გადასახადი - 91 500

ქონების გადასახადი - 5 040

ჯარიმა - 63 789

საურავი - 43 219

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №18849 ბრძანება და №006-302 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის საჩივარზე თანდართული გამოყოფის გეგმა და პარტნიორთა საერთო კრების ოქმი) შესწავლა/გამოკვლევა. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ ფიზიკურმა პირმა „-------“ -მ შპს „-------“ წილის სანაცვლოდ მიიღო 96 216.8 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული უძრავი ქონება იგივე ღირებულებით ჩათვალოს მომჩივანის კაპიტალში „-------“ -ს მიერ განხორციელებულ შენატანად, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის გაითვალისწინოს აღნიშნული შენატანი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ბ) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება;

გ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა

შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დირექტორზე უძრავი ქონების მიწოდების შედეგად მიღებული სარგებლის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 2 ნოემბერს, არ არის დღგის გადამხდელი. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი არ აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კომპანია საკუთრებაში ფლობდა 266.93 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს (ს/კ: „-------“ , მდებარე ქალაქი „-------“ ), რომელიც რეალიზებულ იქნა 2020 წლის 17 დეკემბერს დირექტორზე „-------“ -ზე 53 200 ლარად. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის 7.04.2022 წლის №54946/03/22 დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება, 2020 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, განისაზღვრა 366 000 ლარით. შესაბამისად, ქონების რეალიზაციით დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა 100 000 ლარს. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის თანხა 53 200 ლარის ოდენობით სრულად არის გადახდილი მყიდველის მიერ, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერში თანხის მიღება არ ფიქსირდება. ამასთან, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ გააჩნია სალაროს ბრუნვა და არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ დირექტორზე - „-------“ -ზე უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციის შედეგად მიღებული სარგებელი შეადგენს ამ ქონების საბაზრო ღირებულებას 366 000 ლარს, რაც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, ვინაიდან კომპანიამ ზემოაღნიშნული ქონების რეალიზაცია მოახდინა დირექტორზე, რომელიც საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად ითვლება ურთიერთდამოკიდებულ პირად, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ღირებულება განსხვავდება (დაბალია) საბაზრო ფასისგან, შემოწმებით, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში აისახა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განსაზღვრული ღირებულება დღგ-ის გარეშე (310 169 ლარი). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსი 160-ე მუხლზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე19 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ ნასყიდობის თანხა 53 200 ლარის ოდენობით მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი არ შეესაბამება სიმართლეს.დირექტორს მომჩივანისთვის თანხა არ გადაუხდია და აღნიშნული თანხა უნდა ასახულიყო დებიტორულ დავალიანებაში, რომელიც დაიფარება დირექტორის მიერ ვალდებულების დაფარვის შემთხვევაში. 2011 წლის 3 ოქტომბრამდე დირექტორის საკუთრებაში არსებული ფართი ბალანსზე ერიცხებოდა შპს „-------“ -ს , რომლის ერთ-ერთი აქტიური მეწილე იყო დირექტორი და მას ეკუთვნოდა საერთო აქციების 8.58%. 2011 წლის 3 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ოქმიდან ირკვევა, რომ ყველა აქციონერმა ჩამოაყალიბა იურიდიული პირი, რათა თავისი წილი აქციის ღირებულება შეეტანა კაპიტალში. მომჩივანს დამფუძნებელი არის დირექტორი „-------“ . გაყოფის შედეგად აქციონერს დირექტორს ერგო 96 216 ლარის ღირებულების აქტივი (266.93 კვ.მ შენობა და მიწის ნაკვეთი), რომლის ღირებულება თავის დროზე აღნიშნულ ფიზიკურ პირს გადახდილი ჰქონდა. აღნიშნულს ადასტურებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები. თვლის, რომ აღნიშნული თანხა საშემოსავლო გადასახადის დაანგარიშებისას შემოსავლიდან უნდა გამოიქვითოს. არ ეთანხმება ასევე, იმას, რომ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მოხდა ქონების საბაზრო ფასსზე დღგ-ის გამოქვითვის გარეშე და საშემოსავლო გადასახადი დაანგარიშდა დარიცხულ თანხაზე. მიუთითებს, რომ შემოწმებას საბაზრო ფასიდან უნდა ამოეღო დღგ-ის თანხა, შემდეგ აღნიშნული თანხისთვის უნდა გამოეკლო დირექტორის მიერ გადახდილი აქტივების ღირებულება 96 216 ლარის ოდენობით და მიღებულ სხვაობაზე (213 952 ლარი) უნდა დარიცხულიყო საშემოსავლო გადასახადი. საჩივარზე თანდართული აქვს შპს „-------“ -დან გამოყოფის გეგმა და პარტნიორთა კრების ოქმი. ასევე, შემოწმების მიერ გამოყენებული საბაზრო ფასი არ არის გონივრული, შემოწმებას მათთვის არ წარუდგენია ქონების შეფასების მეთოდი. შენობა, სადაც ფართის გარკვეულ ნაწილზე განისაზღვრა საბაზრო ფასი, აშენებულია 1970 წელს. შეფასებული ფართის შიდა ინტერიერი მთლიანად მოშლილია. საბაზრო ფასის დადგენის მიზნით მიზანშეწონილია დანახარჯების მეთოდის გამოყენება, რა დროსაც გამოყენებული იქნება ჩანაცვლებითი ღირებულების მეთოდი. თბილისში მსგავსი ახალი მშენებლობის ხარჯი მოგების გათვალისწინებით 1 კვ.მ-ზე მერყეობს 250-300 აშშ დოლარის ფარგლებში, მიზანშეწონილად მიაჩნია, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული საბაზრო ფასის (300 აშშ დოლარის) გამოყენება, რომელიც 2020 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით არსებული კურსით შეადგენს 984.33 ლარს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული გამოყოფის გეგმა და პარტნიორთა საერთო კრების ოქმი). შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ ფიზიკურმა პირმა დირექტორმა შპს „-------“ -დან წილის სანაცვლოდ მიიღო 96 216.8 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული უძრავი ქონება იგივე ღირებულებით ჩათვალოს შპს მომჩივანს კაპიტალში დირექტორის მიერ განხორციელებულ შენატანად, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის გაითვალისწინოს აღნიშნული შენატანი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 დეკემბრის №31420 ბრძანებით გათვალისწინებული მე2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით მიღებული გადაწყვეტილება სრულად ვერ აღმოფხვრის იმ შეცდომებს, რომელიც დაშვებულია შემმოწმებლების მიერ. კერძოდ, გადაწყვეტილების „ა“ პუნქტში მითითებულია, რომ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის გამოიქვითოს 96 216.8 ლარი, რომელიც არის 19 434 აქციის ღირებულება. მაგრამ, არაფერი არ არის მითითებული ამავე გადაწყვეტილებაში, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მთავარი შეცდომის აღმოფხვრაზე. შემოწმება საბაზრო ფასს დღგ-ის გამოქვითვის გარეშე არიცხავს საშემოსავლო გადასახადს, რომელიც ყოვლად დაუშვებელია. ვალის მართვის დეპარტამენტისგან მიღებული ვირტუალური საბაზრო ღირებულება 366 000 ლარი დირექტორს ჩაუთვალეს მიღებულ სარგებლად და 366 000 ლარი გაყვეს 80%-ზე, რითაც ამავე საბაზრო ფასს დაამატეს საშემოსავლო გადასახადის თანხა 91 500 ლარი და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა (366 000 + 91 500) 457 500 ლარით. აღნიშნული მეთოდით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა ცდება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ დღგ-ის დარიცხვის შემთხვევაში, შემმოწმებლებმა იმოქმედეს სწორად, 366 000 ლარი გაყვეს 1.18 ზე და გასაზღვრეს დასაბეგრი ბრუნვა დღგ-ის გარეშე, რაც საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის შემთხვევაში არ გააკეთეს. აღნიშნულ შემთხვევაში დღგ-ის თანხა, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის, რომ გადაიხადოს ბიუჯეტში, შემმოწმებლების მიერ კიდევ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ზემოთ მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე, ნაწილობრივ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანების მე 2 ნაწილის „ა და „ბ“ პუნქტების მოთხოვნას, მაგრამ ამ ბრძანებაში არ არის გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მეთოდთან დაკავშირებული შეცდომების გასწორება.

აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს:

1. დღგ-ის დარიცხვა განხორციელდეს იმ პრინციპით, როგორც ეს შემმოწმებლებს აქვთ განხორციელებული შემოწმების აქტში. კერძოდ, მოწვეული ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასი გაიყოს 1.18-ზე და განისაზღვროს დასაბეგრი ბრუნვა დღგ-ის გარეშე, რომელსაც დაერიცხება კუთვნილი გადასახადი;

2. შემმოწმებლები ადგენენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხა 53 200 ლარი სრულად გადახდილია მყიდველის, დირექტორის მიერ. აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი და ვერც იარსებებს, რადგან დირექტორს თანხა ფირმის ანგარიშზე, (სალაროში) არ შეუტანია. შემოწმებამ ზუსტად იცის, რომ თანხის გადახდა არ მომხდარა, მაგრამ ჯიუტად თვლის, რომ 53 200 ლარი გადახდილია მყიდველის, „-------“ -ს მიერ და საბაზრო ფასს 366 000 ლარს, არარსებულ ვირტუალურ თანხას თვლის ფირმის მიერ მიღებულად, მას ზევით ამატებს საშემოსავლო გადასახადს 91 300 ლარს და საშემოსავლოთი დასაბეგრ ბრუნვას განსაზღვრავს 457 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული წესით გადასახადის დარიცხვა არის საგადასახადო კოდექსის უხეში დარღვევა

ითხოვს, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვროს მოწვეული ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასიდან - დღგ-ის გარეშე. საბაზრო ფასს დღგ-ის გარეშე გამოაკლდეს 13 434 აქციის ღირებულება 96 216.8 ლარი, რომელიც დირექტორს აქვს გადახდილი და შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანებაშია დაფიქსირებული. მიღებულ თანხას დაერიცხოს საშემოსავლო გადასახადი, რომელიც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნება დარიცხული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:

ბ) ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და მე-5 ნაწილის შესაბამისად:

2. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს.

5. ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას, სარგებლის ღირებულებად ითვლება ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებით დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კომპანია საკუთრებაში ფლობდა 266.93 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს, რომელიც რეალიზებულ იქნა 2020 წლის 17 დეკემბერს დირექტორზე 53 200 ლარად. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის 7.04.2022 წლის №54946/03/22 დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება, 2020 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით განისაზღვრა 366 000 ლარით. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის თანხა 53 200 ლარი სრულად არის გადახდილი მყიდველის მიერ, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერში თანხის მიღება არ ფიქსირდება. ამასთან, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ გააჩნია სალაროს ბრუნვა და არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით ჩაითვალა, რომ კომპანიის მიერ დირექტორზე უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციის შედეგად მიღებული სარგებელი შეადგენს ამ ქონების საბაზრო ღირებულებას 366 000 ლარს, რაც დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, ვინაიდან ზემოაღნიშნული ქონების რეალიზაცია მოხდა დირექტორზე, რომელიც საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად ითვლება ურთიერთდამოკიდებულ პირად, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ღირებულება განსხვავდება (დაბალია) საბაზრო ფასისგან, შემოწმებით, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში აისახა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განსაზღვრული ღირებულება დღგ-ის გარეშე (310 169 ლარი).

ასევე დადგენილია, რომ მომჩივნის განმარტებების და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის საჩივარზე თანდართული გამოყოფის გეგმა და პარტნიორთა საერთო კრების ოქმი) შესწავლა, შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ ფიზიკურმა პირმა დირექტორმა შპს „-------“ -დან წილის სანაცვლოდ მიიღო 96 216.8 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული უძრავი ქონება იგივე ღირებულებით ჩათვალოს მომჩივანს კაპიტალში დირექტორის მიერ განხორციელებულ შენატანად, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის გაითვალისწინოს აღნიშნული შენატანი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი ნაწილობრივ არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაში არაფერია მითითებული საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მთავარი შეცდომის აღმოფხვრაზე. შემოწმება საბაზრო ფასს დღგ-ის გამოქვითვის გარეშე არიცხავს საშემოსავლო გადასახადს, რაც დაუშვებლად მიაჩნია. ვალის მართვის დეპარტამენტისგან მიღებული საბაზრო ღირებულება 366 000 ლარი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად, 366 000 ლარი გაიყო 80%-ზე, ამავე საბაზრო ფასს დაემატა საშემოსავლო გადასახადის თანხა 91 500 ლარი და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 457 500 ლარით. აღნიშნული მეთოდით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა ცდება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. დღგ-ის დარიცხვის შემთხვევაში შემმოწმებლებმა იმოქმედეს სწორად, 366 000 ლარი გაიყო 1.18-ზე და განისაზღვრა დასაბეგრი ბრუნვა დღგ-ის გარეშე, რაც საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის შემთხვევაში არ გაკეთებულა. აღნიშნულ შემთხვევაში დღგ-ის თანხა, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის, რომ გადაიხადოს ბიუჯეტში, შემოწმების მიერ კიდევ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ზემოთ მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე, ნაწილობრივ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანების მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების მოთხოვნას, მაგრამ ბრძანებაში არ არის გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მეთოდთან დაკავშირებული შეცდომების გასწორება. ითხოვს, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვროს მოწვეული ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასიდან - დღგის გარეშე.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღგ-ის ნაწილში დარიცხვის პრინციპს სრულად ეთანხმება და არ არის სადავო, მაგრამ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მეთოდს და დარიცხვას არ ეთანხმება, რადგან შემოწმების მიერ საბაზრო ფასს, ვირტუალურ თანხას 366 000 ლარს, დღგ-ის გამოქვითვის გარეშე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. საბაზრო ღირებულება 366 000 ლარი გაიყო 80%-ზე, ამავე საბაზრო ფასს დაემატა საშემოსავლო გადასახადის თანხა 91 500 ლარი და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 457 500 ლარით. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებას და საერთოდ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას არ ეთანხმება. ამასთან, კომპანიას მიუღებელი თანხა 53 200 ლარი ჩაეთვალა მიღებულად,დირექტორს არაფერი არ აქვს გადახდილი კომპანიაზე, საერთოდ თანხის მოძრაობას ადგილი არ ქონია და გაუგებარია საიდან გაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. პარტნიორთა კრების ოქმიდან ირკვევა, რომ ყველა აქციონერმა ჩამოაყალიბა იურიდიული პირი, რათა თავისი წილი აქციის ღირებულება შეეტანა კაპიტალში. მომჩივანს დამფუძნებელი არის დირექტორი „-------“ . გაყოფის შედეგად დირექტორს ერგო 96 216 ლარის ღირებულების აქტივი, თვლის, რომ აღნიშნული თანხა საშემოსავლო გადასახადის დაანგარიშებისას შემოსავლიდან უნდა გამოიქვითოს. საბაზრო ფასიდან უნდა ამოღებულიყო დღგ-ის თანხა, შემდეგ აღნიშნული თანხას უნდა გამოაკლდეს დირექტორს მიერ გადახდილი აქტივების ღირებულება 96 216 ლარის ოდენობით, რომელიც არის კაპიტალში შენატანი და მიღებული სხვაობა უნდა ჩაითვალოს დივიდენდად. დღგ-ში დარიცხვა და გაანგარიშება სწორია, ამასთან ითხოვს წარდგენილი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით მოხდეს გაანგარიშება და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე, საშემოსავლო გადასახადში დღგ-იანი თანხის ხელფასად ჩათვლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ქონების ღირებულება დღგ-ის გარეშე არის 310 169 ლარი, ხოლო დღგ-ის ჩათვლით 366 000 ლარი, ვინაიდან ამ ქონების გადაცემას კვალიფიკაცია მიენიჭა უსასყიდლოდ გადაცემა დაქირავებულ პირზე, დირექტორზე, შესაბამისად ეს მიწოდება წარმოადგენდა ხელფასით დასაბეგრ ოპერაციას. ამგვარად, განხორციელებული ოპერაცია უსასყიდლოდ მიწოდებად დაკვალიფიცირდა. შემოსავლების სამსახურში გასაჩივრების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა განაცხადა, რომ აქციის ღირებულება 96 216 ლარი კაპიტალში შენატანს წარმოადგენდა. კერძოდ, წარადგინა დოკუმენტები, რომლითაც დგინდებოდა, რომ წილის დათმობის სანაცლოდ მიიღო ქონება დირექტორმა და ამდენად, ამ შენატანის ღირებულების (96 216 ლარის) გამოკლებით დარჩენილი თანხა დაიბეგრა. შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით დაევალათ უძრავი ქონება იგივე ღირებულებით ჩაითვალოს მომჩივანს კაპიტალში დირექტორს მიერ განხორციელებულ შენატანად, აღნიშნული შენატანის ოდენობით შემცირდეს დარიცხული საშემოსავლო გადასახადი,სხვა დავალება შემოსავლების სამსახურს არ მიუცია და არც მომჩივანს არ განუცხადებია თანხმობა, დასტური სხვაობის თანხის დივიდენდად ჩათვლაზე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადაო საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსზე, რომლის მიხედვითაც, ფიზიკური პირის დირექტორ „-------“ -ის მიერ შპს „-------“ -დან წილის სანაცვლოდ 96 216.8 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მიღების დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული უძრავი ქონება იგივე ღირებულებით უნდა ჩაითვალოს მომჩივანს კაპიტალში დირექტორის მიერ განხორციელებულ შენატანად.

ამგვარად, აღნიშნულიდან გამომდინარე და მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216.8 ლარი) შორის სხვაობის დივიდენდად დაკვალიფიცირების ნაწილში, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს საჩივარი სამსჯელოდ დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი არ აქვს ქონების გადასახადის დეკლარაციები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გადასახადის გადამხდელი 2019 და 2020 წლებში ფლობდა 266.93 კვ.მ. უძრავ ქონებას (მის: ქალაქი „-------“ ). აღნიშნული უძრავი ქონება რეალიზებულ იქნა 2020 წლის 17 დეკემბერს დირექტორზე „-------“ -ზე . შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციით მომჩივანის სახელზე, 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მარტამდე პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი არ ყოფილა. გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავი ქონების რეალური ღირებულების შესახებ ინფორმაცია და შედეგად, საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 7 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომლის მიხედვით 266.93 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ: „-------“ , მდებარე ქ. „-------“ ) საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 2019 წლის 31 დეკემბრისთვის 321 000 ლარი, ხოლო 2020 წლის 22 დეკემბრისთვის 366 000 ლარი. აღნიშნული ღირებულება ჩაითვალა საბალანსო ღირებულებად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის 41 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ქონების გადასახადისთვის ნარჩენი ღირებულების დადგენა შემოწმების აქტში გაურკვეველი იყო და ითხოვდა განმარტებას. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 დეკემბრის №31420 ბრძანებაში მიეთითა საბაზრო ღირებულებები 2019 წლის 31 დეკემბრის და 2020 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით, რომელიც არის ქონების გადასახადის დარიცხვის ძირითადი საფუძველი.

თუ, საფუძვლად აღებული იქნება შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში დაფიქსირებული ქონების გადასახადის დარიცხვის საბაზრო ფასის პრინციპი, ითხოვს ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდეს მოწვეული ექსპერტის მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასიდან დღგ-ის გარეშე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

ამავე კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

ამავე მუხლის 41 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:

1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში – წესი).

2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადა სახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.

3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

5. ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში, გარდა ამ ინსტრუქციის 922 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, წესი არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე;

გ) იმ შემთხვევაზე, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის შესაძლებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილში მითითებული საფუძვლის გარეშე (მაგალითად: ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონების ღირებულება; ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის აღურიცხველობის გამოვლენა; გადამხდელთან არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის შეუძლებლობა და ა. შ.).

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი არ აქვს ქონების გადასახადის დეკლარაციები. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გადასახადის გადამხდელი 2019 და 2020 წლებში ფლობდა 266.93 კვ.მ. უძრავ ქონებას, რომელიც რეალიზებულ იქნა 2020 წლის 17 დეკემბერს დირექტორზე. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია უძრავი ქონების რეალური ღირებულების შესახებ ინფორმაცია, შედეგად დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 7 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომლის მიხედვით 266.93 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 2019 წლის 31 დეკემბრისთვის 321 000 ლარი, ხოლო 2020 წლის 22 დეკემბრისთვის 366 000 ლარი. აღნიშნული ღირებულება ჩაითვალა საბალანსო ღირებულებად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თანახმანი არიან გადაიხადონ ქონების გადასახადი, მაგრამ ითხოვენ გამოყენებული იქნეს ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც წარადგენენ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილების საფუძველზე.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

3. დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახადებთან ერთად დაეკისრა ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების საფუძველზე სულ 63 789 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველი ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად, დარიცხული ჯარიმების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის დაფუძნების ერთადერთი მიზანი იყო შპს „-------“ -დან დირექტორსმიეღო თავისი აქციების შესაბამისი კუთვნილი ქონების ღირებულება და შეეტანა კაპიტალში. აღნიშნულ შემთხვევაში, აქციონერები ასრულებდნენ იურიდიული სამსახურის მითითებებს. დირექტორს არასდროს არ უწარმოებია კომერციული საქმიანობა და არ იცოდა გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით. გულწრფელად შეიძლება ითქვას, რომ მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამართალდარღვევის შესახებ. ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ დირექტორი „-------“ მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შეგნებულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. საქმის ვითარებიდან გამომდინარე, გადასახადების გადაუხდელობა გამოწვეულია პენსიონერი დირექტორის საგადასახადო საქმიანობის არცოდნით.

მომჩივანი ითხოვს, მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენებას და გადასახადის გადამხდელის გათავისუფლებას შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.

მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები. საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანება;

3. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინებით,შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას

(96 216.8 ლარი) შორის სხვაობის დივიდენდად დაკვალიფიცირების ნაწილში, საჩივარი

სამსჯელოდ დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით

აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20

კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვროს მოწვეული ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასიდან - დღგ-ის გარეშე.

2.მომჩივანი ითხოვს ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდეს მოწვეული ექსპერტის მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასიდან დღგ-ის გარეშე.

3.მომჩივანი ითხოვს, მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებას, სსკ-ის 269-ე მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენებას და გადამხდელის გათავისუფლებას შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმებისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.კომპანიის მიერ დირექტორზე უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციის შედეგად მიღებული სარგებელი შეადგენს ამ ქონების საბაზრო ღირებულებას , რაც სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, ვინაიდან კომპანიამ ზემოაღნიშნული ქონების რეალიზაცია მოახდინა დირექტორზე, რომელიც საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად ითვლება ურთიერთდამოკიდებულ პირად, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ღირებულება განსხვავდება საბაზრო ფასისგან, შემოწმებით, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის 3 გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში აისახა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განსაზღვრული ღირებულება დღგ-ის გარეშე.გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა.

2. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

3.შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახადებთან ერთად დაეკისრა ჯარიმები სსკ-ის 282-ე და 275-ე მუხლების საფუძველზე .

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს საჩივარი სამსჯელოდ დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

2.საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თანახმანი არიან გადაიხადონ ქონების გადასახადი, მაგრამ ითხოვენ გამოყენებული იქნეს ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც წარადგენენ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილების საფუძველზე. საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

3.საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,201,269.