ბრძანება N 17531

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.07.2024
№ დოკუმენტი 17531
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17531

26 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 17 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ---------) 2024 წლის 17 ივლისის №90780/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №001-134 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლას და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ დავალიანება 435 287 ლარი, გამოწვეულია დირექტორის მიერ საკუთარი კომპანიის დახმარების მიზნით, ფულადი დეფიციტის დროს ვალდებულებების დასაფარად და აღნიშნული თანხა იფარება 31.03.2021-ში (შემოწმების დაწყების პერიოდიდან 3 თვეში). შემოწმებისათვის წარდგენილია ყველა შედარების აქტი, როგორც ვალდებულელების, ასევე, მოთხოვნების და აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებითაც ახსნა განმარტება. აღნიშნული თანხა მაქსიმუმ შეიძლებოდა დაკვალიფიცირებულიყო როგორც უპროცენტო სესხი დირექტორისგან/დამფუძნებლისგან. ვინაიდან, დებიტორების მხრიდან ყოველთვის ვერ ხდებოდა დავალიანების დაფარვა, კომპანია ხშირად საჭიროებდა სესხით დახმარებას, თვეში რამდენიმეჯერ, ამ სიხშირის გამო რთული იყო დოკუმენტური სახით სესხის ხელშეკრულების გაფორმება. იგივე პრინციპით მუშაობა და თანხების შემოტანა ასახულია შემდგომ, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაშიც, რაც დასტურია იმისა, რომ ეს იყო და არის სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილი. შემოწმებისათვის, შესამოწმებელ პერიოდზე მიწოდებულია სრულყოფილი დოკუმენტაცია. ასევე, მოთხოვნილ იქნა სრული ინფორმაცია არაშესამოწმებელ (ხანდახზმულ) პერიოდზე, რაზეც განემარტა, რომ ინფორმაციას წარადგენდა ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. თუმცა, არანაირი დამატებითი მოთხოვნა წინა პერიოდების შემოწმებასთან დაკავშირებით არ მომხდარა. შემოწმებისათვის წარდგენილია მომწოდებლის მიერ შედარების სახით დადასტურებული ინფორმაცია, რითაც დასტურდება რომ კომპანიას ნამდვილად გააჩნდა დავალიანება კრედიტორის მიმართ, რომელიც შემდგომ დაიფარა დირექტორის მიერ დროებით ჩარიცხული თანხებით. წარდგენილია, მყიდველის მიერ შედარების სახით დადასტურებული და აღიარებული დავალიანება შპს „-----------“ მიმართ 277 055 ლარის ოდენობით, რაც ადასტურებს კომპანიის თანხებით დახმარების საჭიროებას. იმავე საჭიროებას ადასტურებს კომპანიის მიერ 01.01.2022-ში დირექტორისგან მიღებული 13,5%-იანი სესხი, რომელიც მიწოდებულია შემოწმებისათვის დოკუმენტურად ხელშეკრულების სახით და ასევე, ასახულია დეკლარაციებში. ასევე, 03.2021-ში პროკრედიტ ბანკში აღებულია კრედიტი 100 000 ლარის ოდენობით, რომელიც ასევე ვალდებულებების დაფარვის საჭიროებისთვის იქნა აღებული.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №8906 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 3 ივლისის №15653 ბრძანება და ამავე თარიღის №001-134 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 171 921 ლარი, მათ შორის, გადასახადი 109 942 ლარი, ჯარიმა 54 971 ლარი, საურავი 7 008 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ძირითადად სიმინდი/ხორბლის ადგილობრივი შეძენა/იმპორტი და საბითუმო რეალიზაცია. საწარმო ასევე ახორციელებს ბალანსზე არსებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის მომსახურებას. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, საბანკო ანგარიშების ამონაწერი, მომწოდებლებთან შედარების აქტები და ახსნა-განმარტება. საწარმოს მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ (დამფუძნებელი/დირექტორი) ვალდებულება 435 287 ლარი (ურთიერთდამოკიდებული პირი). გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული იყო გამოწვეული დამფუძნებლის მიერ ზედმეტად შემოტანილი თანხით, რომლითაც ხდებოდა ფულის დეფიციტის დროს ვალდებულებების დაფარვა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აღნიშნულ თანხას უხდის/უბრუნებს ფიზიკურ პირს მთლიანად.

შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და კვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, საწარმოს დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად. შესაბამისად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ (დამფუძნებელი/დირექტორი) ვალდებულება 435 287 ლარი (ურთიერთდამოკიდებული პირი). გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული იყო გამოწვეული დამფუძნებლის მიერ ზედმეტად შემოტანილი თანხით, რომლითაც ხდებოდა ფულის დეფიციტის დროს ვალდებულებების დაფარვა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აღნიშნულ თანხას უხდის/უბრუნებს ფიზიკურ პირს მთლიანად. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და კვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, საწარმოს დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლას და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ძირითადად სიმინდი/ხორბლის ადგილობრივი შეძენა/იმპორტი და საბითუმო რეალიზაცია. საწარმო ასევე ახორციელებს ბალანსზე არსებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის მომსახურებას.

ჩატარდა შპს-ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საწარმოს მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ (დამფუძნებელი/დირექტორი) ვალდებულება 435 287 ლარი (ურთიერთდამოკიდებული პირი) გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული იყო გამოწვეული დამფუძნებლის მიერ ზედმეტად შემოტანილი თანხით, რომლითაც ხდებოდა ფულის დეფიციტის დროს ვალდებულებების დაფარვა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აღნიშნულ თანხას უხდის/უბრუნებს ფიზიკურ პირს მთლიანად.

შემოწმების მიერ ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და კვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, საწარმოს დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად. შესაბამისად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9);101(1);154(1)