გადაწყვეტილება №21016/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21016/2/2023
22 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 9.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21016/2/2023).
დავის საგანი:
1. ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული ნაშთის რეალიზებულად მიჩნევა;
2. აუდირებული ფასნამატის გამოყენება;
3. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №074-22 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №24090 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 165 737 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 734 682
დღგ - 355 580
საშემოსავლო გადასახადი - 379 102
ჯარიმა - 367 341
საურავი - 63 714
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ტანსაცმლის შეძენა/რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ეწევა ----------- ტერიტორიაზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მარტის №5150 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16297 ბრძანება და 7 ივლისის №074-22 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 165 737 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 სექტემბრის №24090 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული ნაშთის რეალიზებულად მიჩნევა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება 1 192 553 ლარის თვითღირებულების (დღგ-ის გარეშე) სმფ-ის ნაშთი. საწარმოში 2023 წლის აპრილის თვეში ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით 6 აპრილის მდგომარეობით კომპანიას სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად (სმფ-ის ნაშთზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი), ხოლო მიღებული თანხით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, მე-8, 61-ე, 73-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფასნამატის განსაზღვრას, თუმცა საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტის თანახმად, 2023 წლის აპრილის თვეში საწარმოში ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია (რომლის მიხედვით 6 აპრილის მდგომარეობით კომპანიას სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა), რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. 5.04.2023 წლის №7379 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადასახადის გადამხდელის სმფ-ების ინვენტარიზაცია, თუმცა საწარმოში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების თანახმად (მუხლი 28-2), ფაქტობრივი აღრიცხვისა და სმფ-ების ნაშთის სააღრიცხვო დოკუმენტების შემოწმების დაწყებამდე, საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია: სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირისგან მიიღოს ხელწერილი, რომ ფაქტობრივი აღრიცხვის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ამავე ბრძანების შესაბამისად (მუხლი 28-5), საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების (სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და მათი ნაშთების სააღრიცხვო მონაცემების დადგენა) შესრულების შემდეგ, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია თვითონ მოახდინოს სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის და სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების შედეგების გამოყვანა და შეჯამება.
2. აუდირებული ფასნამატის გამოყენება
ფაქტების აღწერა
საწარმოს სააღრიცხვო პროგრამის ანალიზით დადგინდა, რომ დოკუმენტურად გაყიდული საქონლის ფასნამატი 18%-ს შეადგენდა, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატი შეადგენდა 11%-ს. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რამაც გამოიწვია დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (გაზრდა). მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს სააღრიცხვო პროგრამის ანალიზით დადგინდა, რომ დოკუმენტურად გაყიდული საქონლის ფასნამატი შეადგენდა 18%-ს, ხოლო უდოკუმენტოდ რეალიზებული საქონლის ფასნამატი - 11%-ს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის მიხედვით დოკუმენტის გარეშე რეალიზებული სმფ-ების ფასნამატი შეადგენს 19%-ს. აღნიშნული გარემოების საფუძველზე, შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული ფასნამატი (19%) და რეალიზებულ საქონელზე გაავრცელა მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელის ფასნამატი, რომლის ოდენობაც კი არ არის დაფიქსირებული საგადასახადო შემოწმების აქტში, თუმცა გაზრდილი დღგ-ის ბრუნვის გათვალისწინებით სავარაუდოდ გავრცელებულია 50-60%-იანი ფასნამატი.
3. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
საწარმოში 2023 წლის 6 აპრილს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სმფ-ების ნაშთი ჰქონდა 0 ლარი, ხოლო წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით სმფ-ების ნაშთი პერიოდის ბოლოს იყო 1 192 553 ლარის თვითღირებულების. შედეგად, 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ს ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად. ნამეტი შემოსავალი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატის დაკორექტირების შედეგად გაზრდილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
კომპანიას სააღრიცხვო პროგრამით უფიქსირდება კრედიტორებზე ნაღდი ფულით თანხების გადახდები. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ მოხდა აღნიშნულ კრედიტორებზე ურთიერთშედარების აქტების წარდგენა. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) შესაბამისად, აღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხის 25% ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტის თანახმად, კრედიტორებზე გადახდილი თანხის 25% ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც არასწორია, რადგან უცხოელი მომწოდებლებისთვის სრულად არის მოწოდებული საქონლის თანხა გადახდილი, რომლის დამადასტურებელ დოკუმენტაციას მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგენს გონივრულ ვადაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ კომპანიაში ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით 2023 წლის 6 აპრილის მდგომარეობით საწარმოს სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა. ამასთან,გადასახადის გადამხდელს წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება 1 192 553 ლარის თვითღირებულების (დღგ-ის გარეშე) სმფ-ის ნაშთი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად და სმფ-ის ნაშთზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი.
გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტურად გაყიდული საქონლის ფასნამატი შეადგენდა 18%-ს, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატი - 11%-ს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი.
საგადასახადო ორგანოს მიერ 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ფაქტობრივმა ნაშთმა 2023 წლის 6 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 0 ლარი. შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატის დაკორექტირების შედეგად გაზრდილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, კომპანიას სააღრიცხვო პროგრამით უფიქსირდებოდა კრედიტორებზე ნაღდი ფულით თანხების გადახდა, თუმცა შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია. შედეგად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) შესაბამისად, აღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხის 25% ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საქონელს ყიდდნენ საბითუმოდ და უფიქსირდებათ დოკუმენტური რეალიზაცია. შესაბამისად, ითხოვს აუდირებული ფასნამატის ნაცვლად გავრცელდეს დოკუმენტური ფასნამატი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ გავრცელებული ფასნამატი შეადგენს 59%-ს, თუმცა ვერ დაასახელა რომელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატია გამოყენებული და არის თუ არა აღნიშნული გადამხდელი შესადარისი მოცემულ შემთხვევაში. „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. შედეგად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №24090 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული ნაშთის რეალიზებულად მიჩნევა;
2. აუდირებული ფასნამატის გამოყენება;
3. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტურად გაყიდული საქონლის ფასნამატი შეადგენდა 18%-ს, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატი - 11%-ს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი.
საგადასახადო ორგანოს მიერ 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად. შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5,9);158;159;163;164;101;154;