ბრძანება N 23357
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23357
22 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის პირველი, 4 და 5 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 სექტემბრის და 9 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №81; №85) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის პირველი აგვისტოს №97365/1/2025, №97288/1/2025, 4 აგვისტოს №570758 (რეგ. №122514/21) და 5 აგვისტოს №97355/1/2025, №570884 (რეგ.: 123340/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №005-96 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. აცხადებს, რომ საწარმოს გაწერილი აქვს ზედნადებები, სადაც ფიქსირდება ფასი და თანხა, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტაციით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდება არცერთი სამართალდარღვევა და საგადასახადო კოდექსში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმების დროს მოხდა ნაშთის დალუქვაც და შემდგომში აღწერაც, სადაც საწარმოს მიერ განხორციელდა ნაშთის წარდგენა და მასზე სარეალიზაციო ფასების მითითება, ამასთან, თუ შემოწმების მიერ განხორციელდა შემოტანილი პროდუქციის მთლიანი რეალიზაცია, შემოწმების შემდგომ ზედნადებებით გაყიდულ პროდუქციაზე ხელმეორედ მოხდება დარიცხვა 2025 წლის ივნისის თვეში. ასევე, საწარმოს დირექტორს შემოწმების ბოლოს გადარიცხული აქვს თანხა მომწოდებელთან, თუმცა გაურკვეველია შემოწმებამ გაითვალისწინა თუ არა აღნიშნული გარემოება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არსებითადაა დარღვეული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე აღნიშნული აქტის ბათილობის საფუძველია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №8973 და 18 ივნისის №12833 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 16 იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 27 ივნისის №13821 ბრძანება და ამავე თარიღის №005-96 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 391 481 ლარი, მათ შორის გადასახადი 250 776 ლარი, ჯარიმა 133 176 ლარი და საურავი 7 529 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად და ასევე დღგ-ის გადამხდელდ რეგისტრირებულია 16.01.2024 წელს. პირის საქმიანობას წარმოადგენს იმპორტით შეძენილი, სხვადასხვა დანიშნულების საქონლის (ძირითადად ტანსაცმელი ფეხსაცმელი და აქსესუარები) რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. იმპორტი განხორციელებულია -------. გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, არ წარმოადგინა შემოწმებისთვის საჭირო პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომლის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ სმფების რეალიზაციის 99.9% ხორციელდება დოკუმენტის გარეშე. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი ჩამორჩება 2024-2025 წლების ანალოგიური საქონლის რეალიზაციისას გამოყენებულ სხვა აუდირებულ ფასნამატს. გადამხდელს არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის ჩამოწერაზე. ასევე, არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის მიერ დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ვინაიდან საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი. კერძოდ, შემოწმების მიერ განხორციელდა დოკუმენტური და საცალო რეალიზაციის თვითღირებულების გამიჯვნა და საცალო რეალიზაციის თვითღირებულებაზე (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახეობებისა და ჯგუფების მიხედვით) გავრცელებულ იქნა აუდირებული კომპანიის ფასნამატი. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი სმფ-ების ნაშთი განისაზღვრა ნული ლარით, ხოლო საბოლოო ნაშთის განსაზღვრა განხორციელდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მაისის №10314 ბრძანების შესაბამისად ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი ფაქტიური ნაშთის მიხედვით. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები და დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა შეძენილი სმფ-ების პროპორციულად. შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ იქნა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვები, რაც შედარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან. გამოვლენილ სხვაობაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ.
შემოწმებით ასევე შესწავლილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი ნაკადების მოძრაობა, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების და ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით. შედეგად, განისაზღვრა საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული თავისუფალი განკარგვადი თანხა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრების განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 25 სექტემბერს და 9 ოქტომბერს გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საწარმოს სმფ-ების განთავსების ფაქტობრივ მისამართზე (-------, -------) კომისიის წევრებთან ერთად აღწერილ იქნა სმფ-ები, რომელიც დალუქულ იქნა 2025 წლის 29 მაისს. პროცედურის სრულყოფილად ჩატარებისათვის, ზემოაღნიშნული სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიის მიერ ასევე აღწერილ იქნა 2025 წლის 4 ივნისს დალუქული სმფ-ები, რათა როგორც მატერიალურად, ასევე დოკუმენტურადაც გამიჯნული და იდენტიფიცირებული ყოფილიყო 2025 წლის 23 მაისს განბაჟებული (დეკლარაცია -------) სმფ-ები, 2025 წლის 29 მაისის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი ნაშთისგან. სმფ-ების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შემდგომ, საწარმოს დირექტორის მინდობილ პირს ჩამოერთვა ხელწერილი მასზედ, რომ კომისიამ ფაქტობრივი ნაშთი აღწერა სწორად და პრეტენზია არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განხორციელდა დოკუმენტური და საცალო რეალიზაციის თვითღირებულების გამიჯვნა და საცალო რეალიზაციის თვითღირებულებაზე (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახეობებისა და ჯგუფების მიხედვით) გავრცელებულ იქნა აუდირებული კომპანიის ფასნამატი, ამასთან, განისაზღვრა საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული თავისუფალი განკარგვადი თანხა, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, არ წარადგინა შემოწმებისთვის საჭირო პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომლის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ სმფების რეალიზაციის 99.9% ხორციელდება დოკუმენტის გარეშე. გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, არ წარმოადგინა შემოწმებისთვის საჭირო პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი. კერძოდ, შემოწმების მიერ განხორციელდა დოკუმენტური და საცალო რეალიზაციის თვითღირებულების გამიჯვნა და საცალო რეალიზაციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა აუდირებული კომპანიის ფასნამატი. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი სმფ-ების ნაშთი განისაზღვრა ნული ლარით, ხოლო საბოლოო ნაშთის განსაზღვრა განხორციელდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების შესაბამისად ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი ფაქტიური ნაშთის მიხედვით. შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ იქნა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვები, რაც შედარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან. გამოვლენილ სხვაობაზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ.
შემოწმებით ასევე შესწავლილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი ნაკადების მოძრაობა, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების და ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით. შედეგად, განისაზღვრა საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული თავისუფალი განკარგვადი თანხა, რაც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164