ბრძანება N 20375
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20375
17 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2022 წლის 24 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 3 ნოემბრის №17270/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2022 წლის 24 იანვრის №67036/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის №040-30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება თანამშრომელთა კვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის, როგორც ხელფასთან გათანაბრებული სარგებლის დაბეგვრას;
2. არ ეთანხმება გახარჯული საწვავის კომპანიის თანამშრომელთა სარგებლად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 ივლისის №24401 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 24 დეკემბრის №40526 ბრძანება და ამავე თარიღის №040-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 79 605 ლარი, მათ შორის, გადასახადი 58 846 ლარი, ჯარიმა 18 490 ლარი და საურავი 2 268 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელიც 2022 წლის 5 ივლისის №17514 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, 2020 წლის 22 ივლისის შემდგომ საანგარიშო პერიოდზე კომპანიის მიერ თანამშრომელთა კვებით/საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის გაწეულ მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული (მათ შორის, გადამხდელის მიერ დეკლარირებული) საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 ივლისის №17514 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 3 ნოემბრის №17270/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 ივლისის №17514 ბრძანება და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხი განიხილა, გადასახადის გადამხდელის პოზიციების მოსმენის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებებით სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
„შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი გადახდის წყაროსთან დასაკავებული გადასახადის მონაცემები განსხვავდება აღნიშნულ პერიოდზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი „საანგარიშო პერიოდის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული/დასაკავებელი გადასახადის შესახებ ინფორმაციის“ მონაცემებისგან, კერძოდ, გადამხდელის მიერ არასრულად არის დაბეგრილი არამეწარმე ფიზიკურ პირებზე განაცემები, ხელფასი და ხელფასთან გათანაბრებული სარგებელი (კვება, მომსახურება, არაეკონომიკური ხარჯი). საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა და ხელფასთან გათანაბრებული სარგებლის გაანგარიშება. ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად ჩაითვალა თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა და სხვა სარგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:
გ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი;
დ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემისას – საიჯარო ქირის წლიური საბაზრო ღირებულება (შესაბამისი პერიოდის პროპორციულად). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონის პირველი მუხლის 30-ე პუნქტით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად (ამოქმედდა 2020 წლის 22 ივლისიდან) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის:
ვ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:
ვ.ა) საცხოვრებლით/საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას ან/და დაქირავებული პირის საცხოვრებელი ადგილით/საკვებით უზრუნველყოფა, დამქირავებლის უზრუნველყოფის გარეშე, საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას;
ვ.ბ) საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:
გ) საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში;
დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის მომსახურების მიწოდებას არ მიეკუთვნება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც გულისხმობს ფულზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება; ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 ივლისის №17514 ბრძანებაში მითითებული მსჯელობის მიხედვით, ვინაიდან თანამშრომლების კვებით/საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხორციელდება კომპანიის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას, ამასთან, კომპანიის მიერ საცხოვრებელი ადგილითა და კვებით უზრუნველყოფის გარეშე დაქირავებულებს მოუწევდათ არაგონივრული დროის ხარჯვა და არაგონივრული ხარჯების გაწევა, ხოლო საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს, 2020 წლის 22 ივლისიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, კვებით/საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს თანამშრომლების მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს და არ განიხილება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ობიექტად. ამასთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით მომსახურების უსასყიდლოდ გაწევას, დაქირავებულების კვებით/საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევას და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.
გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2020 წლის 22 ივლისის შემდგომ საანგარიშო პერიოდზე კომპანიის მიერ თანამშრომელთა კვებით/საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის გაწეულ მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ (მათ შორის, გადამხდელის მიერ დეკლარირებული) საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, სადავოა 2020 წლის 22 ივლისამდე კვებით უზრუნველყოფის, როგორც ხელფასთან გათანაბრებული სარგებლის დაბეგვრის მიზნებისთვის, არასწორი ბაზის გამოყენების გამო, დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შედეგად, ზედმეტად (არასწორად) დეკლარირებული გადასახადების შემცირების გაუთვალისწინებლობა.
საჩივარში მითითებული არგუმენტაციის მიხედვით, თანამშრომელთა კვებით და საცხოვრებლით უზრუნველყოფა განპირობებულია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკით, რათა არ შეფერხდეს სასტუმროს ფუნქციონირება. 2020 წლის 22 ივლისამდე პერიოდში კომპანიამ თანამშრომლების საკვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა განიხილა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად. დასაბეგრი ბრუნვის/ბაზის განსაზღვრისთვის კომპანიამ დაადგინა ერთ თანამშრომელზე 1 დღის კვების საბაზრო ფასი (8 ლარი დღგ-ის ჩათვლით), რომელიც ყოველი საანგარიშო თვის მიხედვით მრავლდებოდა შესაბამის თანამშრომელთა რაოდენობაზე, მრავლდებოდა შესაბამისი დღეების რაოდენობაზე, იყოფოდა 0.8-ზე და მრავლდებოდა 20%-ზე. დღგ-ის გაანგარიშებაც მსგავსი წესით ხდებოდა, თუმცა კომპანიის მიერ დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა და დღგ-ის მიზნებისათვის 8 ლარს დამატებით დაარიცხა დღგ, რის გამოც დაახლოებით 3 500 ლარით გაზრდილი იქნა დეკლარირებული დღგ-ის თანხა. ამასთან, როგორც ჩანს, აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გამო შემმოწმებელმა ჩათვალა, რომ ერთი თანამშრომლის ერთი დღის კვების საბაზრო ფასი - 8 ლარი არ მოიცავს დღგ-ს, შესაბამისად, შემოწმებამ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას დასაბეგრ განაცემად გაითვალისწინა დღგ-ის ჩათვლით თანხას დამატებული დღგ, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არასწორად, დაახლოებით 5 740 ლარის ზედმეტად დარიცხვა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით: გ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანიის მიერ შეძენილი საწვავი ძირითადად გამოიყენება გენერატორის მუშაობისათვის და თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ე.წ. „მინივენის“ ტიპის ავტომობილ(ებ)ისთვის. თანამშრომლების ტრანსპორტირება ხორციელდება ორგანიზებულად, თანამშრომლის საცხოვრებელი ადგილიდან სასტუმრომდე ან/და სასტუმროდან საცხოვრებელ ადგილამდე. აღსანიშნავია, რომ:
● ტრანსპორტირება ხორციელდება კომპანიის მიერ, რადგან თანამშრომლები თავად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით ვერ მოახერხებდნენ სასტუმროში მოსვლას ან საცხოვრებელი ადგილამდე დაბრუნებას;
● ავტომობილ(ებ)ი არასამუშაო საათებში დგას ავტოსადგომზე;
● კომპანიის მიერ გახარჯული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება დასტურდება შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით;
● იმ შემთხვევაში, თუ გახარჯული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით, კომპანიის მიერ ხდება შესაბამისი გადასახადების დარიცხვა (მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია შესაბამისი გაანგარიშების მიწოდება).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1.გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება თანამშრომელთა კვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის, როგორც ხელფასთან გათანაბრებული სარგებლის დაბეგვრას;
2. არ ეთანხმება გახარჯული საწვავის კომპანიის თანამშრომელთა სარგებლად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი გადახდის წყაროსთან დასაკავებული გადასახადის მონაცემები განსხვავდება აღნიშნულ პერიოდზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი „საანგარიშო პერიოდის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული/დასაკავებელი გადასახადის შესახებ ინფორმაციის“ მონაცემებისგან, კერძოდ, გადამხდელის მიერ არასრულად არის დაბეგრილი არამეწარმე ფიზიკურ პირებზე განაცემები, ხელფასი და ხელფასთან გათანაბრებული სარგებელი (კვება, მომსახურება, არაეკონომიკური ხარჯი). საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა და ხელფასთან გათანაბრებული სარგებლის გაანგარიშება. ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად ჩაითვალა თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა და სხვა სარგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.“
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანიის მიერ შეძენილი საწვავი ძირითადად გამოიყენება გენერატორის მუშაობისათვის და თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ე.წ. „მინივენის“ ტიპის ავტომობილ(ებ)ისთვის. თანამშრომლების ტრანსპორტირება ხორციელდება ორგანიზებულად, თანამშრომლის საცხოვრებელი ადგილიდან სასტუმრომდე ან/და სასტუმროდან საცხოვრებელ ადგილამდე.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154; 159; 275;