ბრძანება N 15592

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.07.2025
№ დოკუმენტი 15592
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15592

09 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 13 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 ივნისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 13 ივნისის №96224/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისის №042-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის (3%-ის ოდენობით) დარიცხვას, იმ საფუძვლით, რომ საწარმოს ფიზიკური პირებისგან შესყიდული აქვს 1 713 020 ლარის ჯართი. აცხადებს, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ კონკრეტული არგუმენტი არ აქვს წარმოდგენილი.

2. გადამხდელი არ ეთანხმება სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალის და სამრეწველო პროდუქციის შესაძენად გადახდილი თანხის (61 290 ლარი) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ საწარმოს ატვირთული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დგინდება, რომ საწარმოს შეძენილი აქვს 26 781,70 ლარის სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალა და სამრეწველო პროდუქცია, ნაცვლად შემოწმებით დადგენილი 61 290 ლარისა.

3. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის გაანგარიშების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ფაქტს, რომ საწარმოს სალაროს ინვენტარიზაციით ფულის ნაშთი იყო 0 (ნული) ლარი. აცხადებს, რომ საწარმოს ელექტრონულად ატვირთული და დადასტურებული ზედნადებებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 2 305 174,70 ლარის ჯართი, საიდანაც შპს ,,-------"-ს საბანკო ამონაწერით დადგენილია, რომ საწარმოს ჯართის რეალიზაციის შედეგად მიღებული აქვს მხოლოდ 1 819 860,95 ლარი. აღნიშნული თანხიდან კი 1 713 020 ლარი გადახდილია ფიზიკურ პირებზე. ამასთან, საწარმოს ჯერ არ მიუღია რეალიზებული ჯართის თანხა 485 313,75 ლარი (2 305 174,70 - 1 8 19 860,95). შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა შეადგენს 106 840,95 ლარს და არა 683 500 ლარს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 მარტის №5430 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 21 მარტიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 13 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 15 მაისის №9748 ბრძანება და ამავე თარიღის №042-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 313 969 ლარი, მათ შორის გადასახადი 200 348 ლარი, ჯარიმა 100 174 ლარი და საურავი 13 446 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს ,,-------"-ს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასდახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ფიზიკური პირებისგან შესყიდული აქვს ჯართი დასაბეგრი ბრუნვით 1 713 020 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 -ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, კერძოდ, ფიზიკური პირებისგან მიღებული ჯართის დასაბეგრი ბრუნვის 3 პროცენტი (დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის N1162 ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად), ასევე, საწარმო დაჯარიმდა ამავე კოდექსის 275-მუხლის მეორე ნაწილის თანახმად.

2. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალა და სამრეწველო პროდუქცია დასაბეგრი ბრუნვით 61 290 ლარი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა, ამავე კოდექსის 275-მუხლის მეორე ნაწილის თანახმად.

3. საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მარტის N5062 ბრძანებით ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, რომ ფულის ნაშთი იყო 0 (ნული) ლარი. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელზე დივიდენდი გაცემული არ არის, შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101 და 154-ე მუხლების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ფიზიკური პირებისგან შესყიდული აქვს ჯართი დასაბეგრი ბრუნვით 1 713 020 ლარი. გადამხდელს არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასდახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 -ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, კერძოდ, ფიზიკური პირებისგან მიღებული ჯართის დასაბეგრი ბრუნვის 3 პროცენტი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალა და სამრეწველო პროდუქცია, დასაბეგრი ბრუნვით 61 290 ლარი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საწარმოს ატვირთული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალა და სამრეწველო პროდუქცია დასაბეგრი ბრუნვით მხოლოდ 26 781,70 ლარის და არა 61 290 ლარის, შემოსავლების სამსახური მიუთთებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ ზემოაღნიშნული მასალების ნაწილი შეძენილია სასაქონლო ზედნადებით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 2 305 174,70 ლარის ჯართი, საიდანაც საწარმოს მიღებული აქვს მხოლოდ 1 819 860,95 ლარი. გადამხდელი მიუთითებს, რომ აღნიშნული დასტურდება საბანკო ამონაწერით. აღნიშნული თანხიდან კი 1 713 020 ლარი გადახდილია ფიზიკურ პირებზე. ამასთან, საწარმოს ჯერ არ მიუღია რეალიზებული ჯართის თანხა 485 313,75 ლარი (2 305 174,70 - 1 8 19 860,95). შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა შეადგენს 106 840,95 ლარს და არა 683 500 ლარს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ურთიერთშედარების აქტები. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ურთიერთშედარების აქტები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1. საშემოსავლო გადასახადის (3%-ის ოდენობით) დარიცხვას;

2. სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალის და სამრეწველო პროდუქციის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას;

3. ფულის ნაშთის გაანგარიშების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასდახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ფიზიკური პირებისგან შესყიდული აქვს ჯართი. საწარმოს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი - ფიზიკური პირებისგან მიღებული ჯართის დასაბეგრი ბრუნვის 3 პროცენტი.

2. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალა და სამრეწველო პროდუქცია, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

3. საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, რომ ფულის ნაშთი იყო 0 (ნული) ლარი. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელზე დივიდენდი გაცემული არ არის, შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 1333(1)