გადაწყვეტილება №22291/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22291/2/2024
10 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 19.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22291/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2501 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №006-566 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.01.2024 წლის №1461 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 299 211 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 140 390
დღგ - 1 600
საშემოსავლო გადასახადი - 138 790
ჯარიმა - 72 489
საურავი - 86 332
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 29.12.2021 წლის შუალედური აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.01.2019 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №006-1100 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.06.2022 წლის №15275 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 20.10.2022 წლის №7036/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 16.06.2022 წლის №15275 ბრძანება. კაპიტალის საწყისი ნაშთიდან გატანილი თანხის ნაწილის ფიზიკურ პირზე გაცემულად ჩათვლისა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 20.10.2022 წლის №7036/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 10.02.2023 წლის №2501 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ:
- გადასახადის გადამხდელის მიერ კაპიტალში შენატანის ოდენობის, 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის და სალაროს ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხის დივიდენდად კვალიფიკაციის საკითხის შესწავლის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მ.შ. 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2501 ბრძანების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა 2012-2015 წლების ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია (ექსელის ცხრილი), რომელშიც ნაჩვენებია 2012-2015 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციისგან განსხვავებული მონაცემები, როგორც შემოსავლის, ასევე ხარჯის ნაწილში. გადამხდელს მის მიერ წარმოდგენილ ცხრილში ასახული ხარჯების ნაწილზე არ აქვს წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გადაანგარიშების პროცესში განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და შესაბამისი პირველადი დოკუმენტების ხელახალი შესწავლა. გამოსაქვითი ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად უდოკუმენტო ხარჯის ღირებულების 75%. აღნიშნული ანალიზის შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მძიმდებოდა, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №006-566 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.01.2024 წლის №1461 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 96-ე, 97-ე, 981 , მე8, 309-ე, 130-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ გადაანგარიშების დროს არაა გათვალისწინებული გარემოებები მოგების გადასახადის ჩათვლასთან და 2016 წლის მოგების დეკლარაციასთან და საბუღალტრო მონაცემებთან მიმართებით, რაც ხელახალი შესწავლის/გამოკვლევის საგანი იყო შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულებისას. საგადასახადო ორგანოებში წარდგენილი ყოველწლიური დეკლარაციების მიხედვით საწარმოს 2012-2015 წლებში დასაბეგრი მოგება შეადგენდა 200 643 ლარს. ამავე პერიოდის (2015 წლის 31 დეკემბრის) ბუღალტრულ ნაშთში მითითებულია ზარალი 230 239 ლარი. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით შემმოწმებლებმა შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალის შემცირების გზით გატანილი თანხიდან 500 980 ლარი მიიჩნიეს დასაბეგრ ბაზად და კომპანიას დამატებით დაარიცხეს გადასახადის სახით 100 196 ლარი. შემმოწმებლებს არ შეუფასებიათ 2016 წელი, აღნიშნული საკითხის შეფასება განხორციელდა 2015 წლის საბოლოო მონაცემებზე დაყრდნობით. თუმცა 2016 წლის ჩათვლით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დასაბეგრი მოგებების ჯამი განსხვავდება ამავე პერიოდის ფინანსური შედეგისგან მაგრამ უფრო ნაკლებით ვიდრე 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
კომპანიის მიერ ბუღალტერიაში აღრიცხული გაუნაწილებელი მოგება/ზარალი და კაპიტალი შეესაბამებოდა რეალურს, ხოლო სხვაობა გამოწვეული იყო დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯით. კომპანიას 2017 წლის შემდგომ განაწილებული აქვს დივიდენდები, მაგრამ არც ერთ ეტაპზე არ უსარგებლია მოგების გადასახადის ჩათვლით. აცხადებს, რომ მოგების გადასახადის ჩათვლასთან დაკავშირებით შემოწმებას არ უმსჯელია, თუმცა თავად განსაზღვრა კომპანიას ფინანსური მოგების ნაშთი, რისი უფლებაც მით უმეტეს ხანდაზმული პერიოდის გათვალისწინებით არ ჰქონდა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №2501 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, კერძოდ 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის და სალაროს ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხის დივიდენდად კვალიფიკაციის საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია დაფუძნებულია 2012 წელს და რეალიზაცია სრულად ხორციელდება დოკუმენტურად. წარდგენილი 2012-2015 წლიური მოგების დეკლარაციების მიხედვით მართლაც განსხვავებული მონაცემები იყო წარდგენილი როგორც შემოსავლების ისე ხარჯის ნაწილში.
აუდიტისთვის წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაციაში სრულად და ნათლადაა ასახული შპს „----------“ (ყოფილი შპს „----------“) საქმიანობის შედეგები, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და დღგ-ის დეკლარაციის მონაცემებით. ხოლო, ხარჯის ნაწილი სრულად თანხვედრაშია საბანკო ამონაწერებთან გარდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა, რადგან საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქონლის შეძენა ხდებოდა ნაღდი ფულით. ის გარემოება, რომ შემმოწმებლების მიერ შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2501 ბრძანების აღსრულებისას გათვალისწინებული იქნა შემოსავლის ნაწილში მიწოდებული მონაცემები, ხოლო ხარჯვის ნაწილში კი სიტუაციური სახელმძღვანელოთი ხარჯის 75% არამართებულია და არამართლზომიერია, ვინაიდან ზემოაღნიშნული სიტუაციური სახელმძღვანელო გამოიყენება მოგების გადასახადის და არა ფულადი სახსრების მოძრაობის მიზნებისთვის.
ამასთან, გაუგებარია თუ რატომაა მითითებული ხანდაზმულ 2012-2015 წლებზე „საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება“.
საყურადღებოა, რომ არანაირი დადგენილი ნორმის მიხედვით კომპანიას არ გააჩნია ვალდებულება შეინახოს პირველადი დოკუმენტი 10 წლის განმავლობაში და შესაბამისად ხანდაზმული პერიოდის დოკუმენტაცია იყოს სრულად წარდგენილი შემოწმებისთვის. ამდენად, წარდგენილი მონაცემები სრულად ასახავს კომპანიის საქმიანობას და შესაბამისად შემდგომ პერიოდში 2016 წლიდან ბუღალტრულ პროგრამაში მითითებული საწყისი ნაშთებიდან გამომდინარე სრულყოფილად ხორციელდება ანგარიშგება და დეკლარირება.
შესამოწმებელ პერიოდში დებიტორული და კრედიტორული დავალიანების არსებობა/განაშთვა დადასტურებული აქვთ შემმოწმებლებსაც და შემდგომ პერიოდებზეც შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებში გათვალისწინებული ბუღალტრული მონაცემები სრულად.
წარდგენილი მტკიცებულებების, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე არსებული მონაცემების (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) მიხედვით, ნათლად ჩანს კომპანიის განვითარება მზარდი რეალიზაციების ფონზე და შესაბამისად კომპანია საჭიროებდა 2012-2016 წლებში დამატებითი ფულადი სახსრების მოზიდვას, რაც განხორციელდა.
კომპანიის რეალიზაციები სრულად ხორციელდება დოკუმენტურად და შესაბამისად იდენტიფიცირდება ყველა საქონელი/პროდუქცია, რაც მიწოდებულია ქსელურ მაღაზიებზე. 2012-2015 წლებში დოკუმენტური შეძენა, რომელიც ასახულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე შეადგენს საშუალოდ 40-45%-ს და შესაძლებელი იყო შემმოწმებლების მიერ სადავო საკითხის ხელახალი გამოკვლევის/შესწავლის დროს გამოყენებული ყოფილიყო სრულყოფილად ანალიზისთვის და თუნდაც სახეობების/ჯგუფების მიხედვით გაკეთებულიყო დასკვნა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის ღირებულების შესახებ. აღნიშნულის შედარება შესაძლებლობას მისცემდა აუდიტის დეპარტამენტს უკვე შესამოწმებელი პერიოდის ანალოგიურ შეძენებთან დაკავშირება/შედარება როგორც კონკრეტული ერთეულის ფასის მიხედვით, ისე საერთო ფასნამატიდან გამომდინარე და შესაძლებელი გახდება რეალური სურათის შექმნის შემდგომ უკვე საბოლოო საგადასახადო ვალდებულებების დადგენა სადავო საკითხის ნაწილში.
ზემოაღნიშნული ვრცელი და ღრმა ანალიზის შედეგად ნათლად დადასტურდება მიწოდებული მონაცემები და შესაბამისად კაპიტალის შემცირების ნაწილში სრულად შესამცირებელია დამატებით დარიცხული გადასახადი. ამდენად, არასამართლიანი და არამართებულია შემცირებული კაპიტალის ხელფასის ან დივიდენდის სახით დაბეგვრა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2501 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელის მიერ კაპიტალში შენატანის ოდენობის, 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის და სალაროს ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხის დივიდენდად კვალიფიკაციის საკითხის შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მ.შ. 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა 2012-2015 წლების ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია (ექსელის ცხრილი), რომელშიც ნაჩვენებია 2012-2015 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციისგან განსხვავებული მონაცემები, როგორც შემოსავლის, ასევე ხარჯის ნაწილში. გადამხდელს მის მიერ წარმოდგენილ ცხრილში ასახული ხარჯების ნაწილზე არ აქვს წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გადაანგარიშების პროცესში განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და შესაბამისი პირველადი დოკუმენტების ხელახალი შესწავლა. გამოსაქვითი ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად უდოკუმენტო ხარჯის ღირებულების 75%. აღნიშნული ანალიზის შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მძიმდებოდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24392 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების შედეგად დამტკიცებულ „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდურ მითითებაზე (№10 დანართი), რომლის მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულია ფასნამატების სახეები და გამოყენების რიგითობა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. კერძოდ, ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.01.2024 წლის №1461 ბრძანება (გაუქმდეს საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში) და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, მიღებული იქნას შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ხარჯების განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, მომჩივნის არგუმენტების თაობაზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.01.2024 წლის №1461 ბრძანება (გაუქმდეს საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში);
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2501 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2501 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელის მიერ კაპიტალში შენატანის ოდენობის, 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის და სალაროს ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხის დივიდენდად კვალიფიკაციის საკითხის შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მ.შ. 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა 2012-2015 წლების ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია (ექსელის ცხრილი), რომელშიც ნაჩვენებია 2012-2015 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციისგან განსხვავებული მონაცემები, როგორც შემოსავლის, ასევე ხარჯის ნაწილში. გადამხდელს მის მიერ წარმოდგენილ ცხრილში ასახული ხარჯების ნაწილზე არ აქვს წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გადაანგარიშების პროცესში განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და შესაბამისი პირველადი დოკუმენტების ხელახალი შესწავლა. გამოსაქვითი ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად უდოკუმენტო ხარჯის ღირებულების 75%. აღნიშნული ანალიზის შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მძიმდებოდა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. კერძოდ, ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.01.2024 წლის №1461 ბრძანება (გაუქმდეს საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში) და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, მიღებული იქნას შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ხარჯების განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, მომჩივნის არგუმენტების თაობაზე.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 981; 101(1); 154(1„ა“).