გადაწყვეტილება № 26136/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.12.2025
№ დოკუმენტი 26136/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 26136/2/2025

01 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 5.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26136/2/2025).

 

დავის საგანი:

1. შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა;

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №081-236 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22696 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 282 266.70 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 159 955.03

დღგ - 137 576.32

მოგების გადასახადი - 22 128.71

საშემოსავლო გადასახადი - 250

ჯარიმა - 79 915.10

საურავი - 42 396.57

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სასურსათო პროდუქციით ვაჭრობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №1073 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 29 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 11 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №18174 ბრძანება და №081-236 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 282 266.70 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 9 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 20 ოქტომბრის №22696 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. 2022 წელს კომპანიის ობიექტზე ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია და გამოვლინდა 125 396 ლარის საბაზრო ღირებულების დანაკლისი. ასევე, ინვენტარიზაციიდან მიღებულია ინფორმაცია სმფების ნაშთების შესახებ და 2022 წლის ფასნამატის შესახებ, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 10%. ასევე, კომპანიაში ინვენტარიზაცია ჩატარებულია 2025 წლის 4 თებერვალს, რა დროსაც სმფ-ების ფაქტობრივმა ნაშთმა შეადგინა 794 500 ლარი საბაზრო ღირებულებით.

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 15 498 ლარის დოკუმენტური რეალიზაცია, რითაც სრულყოფილად ვერ გაანგარიშდებოდა კომპანიის ფასნამატი. საგადასახადო ორგანომ გამოიყენა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი, რომელიც გავრცელდა საწარმოს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 145-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი სპეციალისტის არ ყოფნის გამო შეიძლება ხარვეზები მართლაც არსებობს, მაგრამ არა იმ ოდენობით, როგორც ეს გასაჩივრებულ აქტებში არის მოცემული. გაანგარიშებების უზუსტობებს აქვს ადგილი. მნიშვნელოვანია ის, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ხდება შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის მთლიანად რეალიზაციაში ასახვა და არ ხდება საქონლის გაფუჭების/განადგურების შემთხვევების გათვალისწინება. უნდა აღინიშნოს, რომ მთელ შესამოწმებელ პერიოდში (სამი წლის განმავლობაში) ჯამურად საკმაოდ ხშირი შემთხვევა იყო ნაგავსაყრელზე საქონლის გატანის და გადაყრის. იმის გამო, რომ ყოველ ერთ ჯერზე შეიძლება არ ხდება დიდი ღირებულების საქონლის ნაგავსაყრელზე გატანა/გადაყრა, შესაბამისად არც შემოსავლების სამსახურის მონაწილეობით არ ხდება საქონლის ჩამოწერა, ჯამურად (გარკვეულ დროში) კი ეს თანხები არ არის ცოტა. ამ ნაწილში შესაბამისი ნორმების არარსებობა ქმნის პრობლემებს. სავაჭრო ობიექტიდან ყოველდღიურად საგადასახადო ორგანოს მონაწილეობით საქონლის ჩამოწერების გაკეთება რთულია და ფაქტიურად შეუძლებელია. ამ ფონზე იმის თქმა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ყველა საქონლის რეალიზაცია ხდება - არასწორია.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ გარკვეული საქონელი იყიდება ფიქსირებული ფასნამატებით (მათ შორის, სიგარეტი და სხვა), რომლის ფასნამატიც არ არის 10% და ასეთი საქონლის ხვედრითი წილი შესამოწმებელ პერიოდში საკმაოდ დიდია მთლიან რეალიზაციაში. მიაჩნია, რომ საერთო რეალიზაციიდან სრულად უნდა გამოაკლდეს ის (დისტრიბუციის მიერ მოტანილი/დატოვებული) საქონელი (მათ შორის, თამბაქოს ნაწარმი), რომელიც ფიქსირებულ ფასებში იყიდება. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინების შემთხვევაში, სადავო დარიცხვები მნიშვნელოვნად შემცირდება.

ხსენებული სადავო საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების მიღების დროს. იმის თქმა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა მოწესრიგებული ბუღალტერია, არ ნიშნავს იმას, რომ დაუსაბუთებლად/არარეალური, შეუსაბამოდ მაღალი დარიცხვები შეიძლება მოხდეს სადავო აქტებით. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის დროს გადასახადის გადამხდელი მოითხოვდა რომ საქონლის მთლიანი რეალიზაციიდან საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი ფასნამატი არ გავრცელებულიყო სიგარეტზე (სხვა დანარჩენზე რომ არაფერი არ ვთქვათ), რადგან ეს სიგარეტი იყიდება ფიქსირებულ ფასნამატში და ამის არაერთი პრაქტიკა არსებობს აუდიტის დეპარტამენტში - ეს არის დისტრიბუციის მიერ მოწოდებული საქონელი, რომელიც ფიქსირებულ ფასში იყიდება და გადასახადის გადამხდელის შემოსავალი ამ ნაწილში მიზერულია, შემმოწმებლის მოსაზრებით კი ასეთ საქონელზე ჩვეულებრივი ფასნამატი იქნა გავრცელებული (რამაც დამატებით წარმოშვა გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები), რაც არასწორია. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საქონლის მთლიან რეალიზაციაში სიგარეტის ხვედრითი წილი ძალიან დიდია, შესაბამისად ამ ნაწილში ფასნამატის ხელოვნურად გაზრდა შეუსაბამოდ დიდ დარიცხვებს იწვევს, მაშინ როცა სიგარეტის ფასნამტი ფიქსირებულია/მიზერულია და რეალურად გადასახადის გადამხდელის შემოსავლებში იგი არსებით როლს არ ასრულებს. საგადასახადო ორგანოს მიერ სიგარეტის რეალიზაციის ნაწილში ფასნამატი არ უნდა შეცვლილიყო. ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება ვერ აქარწყლებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებს, ამ ნაწილში სადავო/გასაჩივრებული აქტები აშკარად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები არასწორია და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 20.11.2025 წლის №----- წერილი, სადაც მითითებულია, რომ საწარმოს საქმიანობაა სასურსათო პროდუქციით ვაჭრობა. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტერიას ელექტრონული ფორმით. შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. 2022 წელს საწარმოს ობიექტზე ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია და გამოვლინდა 125 396 ლარის საბაზრო ღირებულების დანაკლისი. ასევე, ინვენტარიზაციიდან მიღებულია ინფორმაცია სმფ-ების ნაშთების შესახებ და 2022 წლის ფასნამატის შესახებ, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 10%. ასევე, კომპანიაში ინვენტარიზაცია ჩატარებულია 2025 წლის 4 თებერვალს, რა დროსაც სმფ-ების ფაქტობრივმა ნაშთმა შეადგინა 794 500 ლარი საბაზრო ღირებულებით. შემოწმებით განხორციელდა კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება/ანალიზი. ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება 15 498 ლარის დოკუმენტური რეალიზაცია, რითაც სრულყოფილად ვერ გაანგარიშდებოდა კომპანიის ფასნამატი, შემოწმებამ გამოიყენა ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ფასნამატი, რომელიც გავრცელდა საწარმოს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და დაგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელი შემოწმების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე იყო ჩართული, მაგრამ დამატებით რაიმე სახის ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან მიმართებაში არ წარუდგენია. მეტიც, მომჩივანი ეთანხმებოდა შემოწმებით გამოვლენილ ყველა საკითხს.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №081-236 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 282 266.70 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 159 955.03 ლარი, ჯარიმა - 79 915.10 ლარი და საურავი 42 396.57 ლარი.

შემოწმების აქტის მიხედვით:

2022 წელს კომპანიის ობიექტზე ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია და გამოვლინდა 125 396 ლარის საბაზრო ღირებულების დანაკლისი, რაზეც 2024 წლის 21 ივნისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (№CB1638175). საწარმოს აღნიშნული დანაკლისი არ აქვს ასახული მოგების გადასახადის დეკლარაციაში. საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა გამოვლენილი დანაკლისის აღმოჩენის პერიოდში 2024 წლის ივნისის დეკლარაციაში ასახვა, რამაც გამოიწვია მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერების და წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით დადგინდა, რომ 2022 წლის დეკემბრის თვეში კომპანიას გაცემული აქვს დივიდენდი 5 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაბეგრილი აქვს მოგების გადასახადით, მაგრამ არ აქვს ასახული საშემოსავლო გადასახადის 2022 წლის დეკემბრის დეკლარაციაში. საგადასახადო ორგანოს მიერ დაკორექტირდა (გაიზარდა) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განაწილებული დივიდენდის ნაწილში. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ის, რომ გასულ პერიოდში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი 125 396 ლარის ოდენობით და აღნიშნული უნდა ასახულიყო 2024 წლის ივნისის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში - სადავო არ არის. შესაბამისი სპეციალისტის ადგილზე არ ყოფნის, ხოლო მოგვიანებით კომპანიის საგადასახადო შემოწმების დაწყების გამო ვერ მოესწრო გასული პერიოდების დეკლარაციების დაზუსტება (საგადასახადო კოდექსის 69.4. მუხლი), გაუგებრობაც სწორედ ამან გამოიწვია. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში დასათვლელი/გამოსაანგარიშებელი არც არაფერი არ ყოფილა. ეს არ იყო ისეთი ოპერაცია, რომლის გამოვლენაც მოხდა საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებითი ღონისძიებების გატარების/მასალების გამოთხოვის შედეგად. სადავოდ გამხდარ შემთხვევაზე არ გადიოდა ხანდაზმულობის ვადა. ამ ნაწილში შეიძლებოდა გადასახადის გადამხდელს დაკავშირებოდა შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი და მოეთხოვა 2024 წლის მოგების დეკლარაციის დაზუსტება (ხსენებული დანაკლისიდან გამომდინარე), ისე როგორც ხდება სხვა მსგავს შემთხვევებში და თავიდან აიცილებდნენ ჯარიმის დაკისრებას. თვლის, რომ ამგვარი მიდგომები მეტად მნიშვნელოვანია, როგორც საგადასახადო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია გადამხდელისთვის ზედმეტად ჯარიმების დაკისრების თავიდან აცილების კუთხით და არ იქნება ერთგვარი ჩასაფრების პოლიტიკა - ჯარიმის დაკისრების მიზნით.

ამ ნაწილშიც გადასახადის გადამხდელის საჩივარს არ მიეცა სათანადო შეფასება შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიღების დროს. სადავო აქტები ვერ აქარწყლებს მომჩივნის არგუმენტებს. თვლის, რომ ამ ნაწილში კომპანია უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადში გადასახადებისთვის თავის არიდების მცდელობას გადამხდელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ოპერაცია არ არის დასრულებული, ის რომ დივიდენდი გაცემული იქნა და იგი დაიბეგრა მოგების გადასახადით - სახეზეა/სადავო არ არის. საშემოსავლო გადასახადში აშკარად გამორჩენილია დასაბეგრი ოპერაცია. თვლის, რომ ამ ნაწილში საწარმო უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან.

თუ სანქციის სახით კიდევ დამატებით (79915.10+42396.57) 122 000 ლარზე მეტი თანხების გადახდაზე მოვედავებით კომპანიას, იგი მომავალში ვეღარ შეძლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც კიდევ უფრო მეტ ახალ გაუგებრობას და პრობლემას წარმოშობს მომავალში. ტვირთი საკმაოდ დიდია და აღნიშნული საქმიანობის პარალიზებას იწვევს კომპანიაში – ყველა თანმდევი შედეგით. ფიქრობს ეს არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს. სანქციის ნაწილში სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა თუ არა პირი – მარტო ამ მიდგომით მსჯელობა არ არის საკმარისი. სანქციის გამოყენების/არგამოყენების თაობაზე მსჯელობისას მიზანშეწონილობის საკითხის უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. რამდენად მოიტანს სიკეთეს სანქციისაგან გადამხდელის გათავისუფლებაზე უარი – ხომ არ მოხდება კომპანიის საქმიანობის პარალიზება, დაიკარგება სამუშაო ადგილები, დაიწყება და გაგრძელდება წლების განმავლობაში სასამართლო დავები თანხების გადახდის/დაკისრების მოთხოვნით და ამ ნაწილში იქნება დამატებით სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯები, რომ არაფერი არ ვთქვათ დავის პერიოდში გასაჩივრებული აქტებით გადამხდელზე დამატებით დარიცხული კუთვნილი ძირითადი თანხების გადახდის შეჩერებაზე – იმის გამო რომ სახელმწიფომ დამატებით სანქციის სახით მიიღოს თანხები გადამხდელისგან. ფიქრობს ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები საერთოდ დაუსაბუთებელი და არასწორია და მისი მიღების დროს არ არის გათვალისწინებული ის, თუ რა იქნება ასეთი ქმედების შედეგები მომავალში. მიაჩნია, რომ ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ეს საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი/გამოკვლეული გასაჩივრებული აქტების მიღების დროს.

მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7-ე ნაწილის თანახმად საწარმო უნდა გათავისუფლდეს ზემოთ აღნიშნული გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმასაურავისგან).

გადამხდელის და სახელმწიფოს ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის ვალდებულებიდან (ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 51.1.ბ მუხლი), სზაკ 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში შემმოწმებელს უნდა გამოეკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზემოთ აღნიშნული დარღვევების არ არსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება - სზაკ 601 მუხლი.

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა;

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა და კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო ფასნამატის განსაზღვრა, შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რომლის შედეგადაც გამოყენებულ იქნა ინვენტარიზაციის დროს დადგენილი ფასნამატი. აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა საწარმოს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა

ასევე ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია და გამოვლინდა დანაკლისი, რაზედაც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. საწარმოს აღნიშნული დანაკლისი არ აქვს ასახული მოგების გადასახადის დეკლარაციაში. შემოწმების მიერ განხორციელდა გამოვლენილი დანაკლისის აღმოჩანის პერიოდში 2024 წლის ივნისის დეკლარაციაში ასახვა, რამაც გამოიწვია მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. დადგინდა რომ 2022 წლის დეკემრის თვეში კომპანიას გაცემული აქვს დივიდენდი 5 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაბეგრილი აქვს მოგების გადასახადით, მაგრამ არ აქვს ასახული საშემოსავლო გადასახადის 2022 წლის დეკემბრის დეკლარაციაში. შემოწმების მიერ დაკორექტირდა (გაიზარდა) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განაწილებული დივიდენდის ნაწილში. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5);58;159;275;154