ბრძანება N 2168
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2168
03 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“-ის (ს/ნ -----) (მის.: ----- )
2026 წლის 4 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 იანვრის სხდომაზე (ოქმი N 4) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) 2026 წლის 4 იანვრის N 99761/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 დეკემბრის N 041-85 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ აქტის მიხედვით კომპანიას არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული აქვს მიღებული/მისაღები შემოსავალი, მაშინ, როდესაც ასეთი შემოსავალი არ ჰქონია. ასევე, განბაჟების დროს პროდუქცია განბაჟდა ინვოისთან შედარებით გაზრდილი ფასით. აქედან გამომდინარეა ფასნამატი ძალიან დიდი. მომჩივანი მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების გამოანგარიშება არ არის მართებული და არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რადგან გადამხდელმა არა თუ სარგებელი მიიღო, არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. გადამხდელი ითხოვს, შემოწმება დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს. გადამხდელი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და ითხოვს აღნიშნული დარიცხვის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის N 9013 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 16 იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 5 დეკემბრის N 26825 ბრძანება და ამავე თარიღის N 041-85 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 713 172 ლარი, მათ შორის გადასახადი 438 379 ლარი, ჯარიმა 219 189 ლარი და საურავი 55 602 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
● შპს „-----" გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 16 იანვარს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია იმავე თარიღში. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და სხვა საქონლით -----. საწარმო შესყიდვებს ახორციელებს იმპორტის გზით -----, რომლის ღირებულებამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 1 392 616 ლარი. საწარმოს მოძიება და მის დირექტორთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შემოწმებით გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საზღვარგარეთ შეძენილი საქონელი დაყოფილ იქნა ერთგვაროვანი საქონლის ჯგუფებად. შედგა ერთგვაროვანი სმფ-ების 8 ჯგუფი. ვინაიდან, დოკუმენტური ფასნამატის კოეფიციენტის დადგენა ვერ მოხერხდა (გამოწერილი სასაქონლო/ზედნადებები ელექტრონულ ბაზებში დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში შეადგენს დაახლოებით 4.3 პროცენტს, რაც წარმოადგენს არაარსებით მაჩვენებელს დოკუმენტური ფასნამატის განსასაზღვრად), გამოყენებული იქნა მსგავსი საქონლის აუდირებული ფასნამატები. ფასნამატის კოეფიციენტმა საშუალოდ შედგაინა 63 პროცენტი. არაპირდაპირი მეთოდით დათვლილმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 2 238 198 ლარი, რაც 1 091 640 ლარით აღემატება დეკლარირებულს. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულმა დამატებული ღირებულების გადასახადმა შეადგინა 196 494 ლარი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 160-ე, 163-ე და 164- ე მუხლებით, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
● შემოწმების პროცესში ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით ირკვევა, რომ საწარმოს სალაროში 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით უნდა ერიცხებოდეს ნაღდი ფულის ნაშთი 967 543 ლარი. სხვაობა გაანგარიშდა შემდეგნაირად: არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ შემოსავალს გამოაკლდა ხარჯები, მათ შორის, სასაქონლო/მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, ხელფასი, ბიუჯეტში გადახდილი თანხა. ზემოაღნიშნული გაანაგრიშებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების თანახმად, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირზე, დირექტორზე 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად. წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი გაიზარდა 1 209 428 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2026 წლის 22 იანვარს 15:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილ პირთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შემოწმებას არ ქონდა წვდომა გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და შეუძლებელი იყო საწარმოს დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შედგა ერთგვაროვანი სმფ-ების 8 ჯგუფი. ვინაიდან, დოკუმენტური ფასნამატის კოეფიციენტის დადგენა ვერ მოხერხდა, გამოყენებული იქნა მსგავსი საქონლის აუდირებული ფასნამატები. ფასნამატის კოეფიციენტმა საშუალოდ შედგაინა 63 პროცენტი. არაპირდაპირი მეთოდით დათვლილმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 2 238 198 ლარი, რაც 1 091 640 ლარით აღემატება დეკლარირებულს. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ასევე, შემოწმების მიერ, განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ შემოსავალს გამოაკლდა ხარჯები, მათ შორის, სასაქონლო/მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, ხელფასი, ბიუჯეტში გადახდილი თანხა. ზემოაღნიშნული გაანაგრიშებით, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების გამოანგარიშებასთან დაკავშირებით.
შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გადასახდელი თანხა, ჯარიმა და საურავი.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 73 (9,,ბ"); 101; 160;163;164;.