ბრძანება N 22753
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22753
15 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის პირველი აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) №82770/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №039-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრულ პროგრამაში ასახული ჩამოწერილი საქონლის რაოდენობასა და კალკულაციებით გათვალისწინებულ ჩამოწერებს შორის სხვაობის რეალიზებულად ჩათვლის შედეგად დღგ-ს დარიცხვას. აცხადებს, რომ სოიოს შროტის ტენიანობა მცირდება (შროტი მცირედ შრება), რაც იწვევს შესყიდულთან შედარებით გაყიდვის ოდენობის შემცირებას. აღნიშნავს, რომ წონაში შემცირება მათი მუშაობის მანძილზე არსებითია და ის დაახლოებით 7 800 კილოგრამს შეადგენს. გადამხდელი მიუთითებს, რომ ნორმატიული მასალა ზემოაღნიშნულის დასაბუთებისთვის არ აქვთ და გაანგარიშებას საკუთარი მუშაობის გამოცდილებიდან ახდენენ. ითხოვს დღგ-ს დარიცხვის 2 132 ლარით და შესაბამისი ჯარიმის 1 066 ლარით შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას და ითხოვს, საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზის 2 370 ლარით და შესაბამისი ჯარიმის 1 185 ლარით შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6406 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ივლისის №15780 ბრძანება და ამავე თარიღის №039-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 71 414 ლარი, მათ შორის, გადასახადი 40 547 ლარი, ჯარიმა 20 374 ლარი, საურავი 10 493 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
●გადასახადის გადამხდელი აწარმოებს მზა საკვების რამდენიმე სახეობას ცხოველებისათვის და ყიდის საკვების შემადგენელი ცალკეული კომპონენტებსაც (სოიოს შროტი, ვიტამინი, სიმინდი). რეალიზაცია ხდება სასაქონლო ზედნადებით. გადამხდელმა წარმოადგინა წარმოების პროცესში გამოყენებული კალკულაციები, რომელთა მიხედვითაც დამუშავდა რეალიზებულ პროდუქტზე გახარჯული ნედლეულის რაოდენობა და შეუდარდა ბუღალტრულ მონაცემებს. გამოვლინდა სხვაობა, კერძოდ, ზენორმატიული ხარჯვა ზოგიერთ კომპონენტში. დანაკლისი შეადგენს სოიოს შროტის შემთხვევაში- 81832.5 კგ-ს, მზესუმზირს შროტი- 14810 კგ-ს, დიკალცი ფოსფატი- 6998 კგ-ს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ მიიჩნია რომ ბუღალტრული პროგრამაში ასახული ჩამოწერილი საქონლის რაოდენობა, რომლიც აღემატება კალკულაციებით გათვალისწინებულს, უნდა ჩაითვალოს რეალიზებულად. შედეგად, გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა.
●ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას შორის გამოვლინდა სხვაობა. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წარმოების კალკულაციების ანალიზის შედეგად, რეალიზებულ პროდუქტზე გახარჯული ნედლეულის რაოდენობა წარმოდგენილი კალკულაციით და ბუღალტრული მონაცემებით განსხვავდება, კერძოდ, გამოვლინდა ზენორმატიული ხარჯვა ზოგიერთ კომპონენტში. დანაკლისი შეადგენს სოიოს შროტის შემთხვევაში - 81 832.5 კგ-ს, მზესუმზირის შროტი - 14 810 კგ-ს, დიკალცი ფოსფატი 6 998 კგ-ს. შემოწმებამ მიიჩნია, რომ ბუღალტრულ პროგრამაში ჩამოწერილი საქონლის რაოდენობა, რომელიც აღემატება კალკულაციებით გათვალისწინებულს, უნდა ჩაითვალოს რეალიზებულად. შემოწმების მიერ გამოვლენილი დანაკლისი თვითღირებულებით ჩართული იქნა დღგის დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რაზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ გამოვლენილი საქონლის დანაკლისის რეალიზებულად მიჩნევა და დღგ-ის დარიცხვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გამოვლენილი საქონლის დანაკლისი შემოწმებით მიიჩნეული იქნა თვითღირებულებით რეალიზებულად და გაზარდა გადასახადის გადამხდელის შემოსავალი. ამასთან, საწარმოს უფიქსირდებოდა დირექტორის მიმართ კრედიტორულ დავალიანება, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და დირექტორის მიმართ არსებულ კრედიტორულ დავალიანებას შორის სხვაობით. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი პოზიციის დამადასტურებელი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი აწარმოებს მზა საკვების რამდენიმე სახეობას ცხოველებისათვის და ყიდის საკვების შემადგენელი ცალკეული კომპონენტებსაც (სოიოს შროტი, ვიტამინი, სიმინდი). რეალიზაცია ხდება სასაქონლო ზედნადებით. გადამხდელმა წარმოადგინა წარმოების პროცესში გამოყენებული კალკულაციები, რომელთა მიხედვითაც დამუშავდა რეალიზებულ პროდუქტზე გახარჯული ნედლეულის რაოდენობა და შეუდარდა ბუღალტრულ მონაცემებს. გამოვლინდა სხვაობა, კერძოდ, ზენორმატიული ხარჯვა ზოგიერთ კომპონენტში.
შემოწმებამ მიიჩნია რომ ბუღალტრული პროგრამაში ასახული ჩამოწერილი საქონლის რაოდენობა, რომლიც აღემატება კალკულაციებით გათვალისწინებულს, უნდა ჩაითვალოს რეალიზებულად. შედეგად, გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას შორის გამოვლინდა სხვაობა.
გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159; 275; 2021 წლამდე მოქმწდი საგადასახადო კოდექსი - 160;