გადაწყვეტილება №22778/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.08.2024
№ დოკუმენტი 22778/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22778/2/2024

16 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------ია“ (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ას 4.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22778/2/2024).

 

დავის საგანი:

უძრავი ქონების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №005-208 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4620 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 140 173,96 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 77 030

დღგ - 74 822 მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 26

ქონების გადასახადი - 2 182

ჯარიმა - 21 888

საურავი - 41 255,96

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანი რეგისტრირებულია 14.02.2019 წელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. რეგისტრაციის მომენტში დირექტორი იყო -------- (პ/ნ ---------), დამფუძნებელი 100% წილის მფლობელი შპს „---------ი“ (ს/ნ --------). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.01.2020 წლის ამონაწერის თანახმად, დირექტორია ---------ლი, 100% წილის მფლობელი -------ლი, ხოლო 7.12.2020 წლის ამონაწერით, დირექტორია -------------ლი (პ/ნ -------------) და -----------------ლი.

მომჩივანს ეკონომიკური საქმიანობა განხორციელებული არ აქვს, საბანკო ანგარიში ფიქსირდება მხოლოდ -------- ბანკში, რომელიც გახსნილია 8.12.2020 წელს და დახურულია 24.12.2021 წელს. 19.03.2019 წლის შეთანხმებით, შპს ---------ას (ს/ნ -----------) შპს „-------“-სგან (ს/ნ -------) გადმოეცა უძრავი ქონება კაპიტალში შეტანის შინაარსით (ქონების ღირებულება უცნობია). აღნიშნული ქონების რეალიზაცია მოხდა 4.12.2020 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ---------------ძეზე (პ/ნ ----------------) 490 500 ლარის ღირებულებით. ამავე თვეში ფიქსირდება აღნიშნული თანხის გატანა და საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილია მოგების გადასახადისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ან/და დღგ-ის დეკლარაციის წარდგენა არ ფიქსირდება.

განხორციელებული აღნიშნული ოპერაცია მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულებას იწვევდა, რაც განხორციელებული არ აქვს. კომპანიას განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი 4.12.2020 წელი, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282- ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №005-208 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4620 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე და მე-2 მუხლებზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე, 160-ე, 161-ე და 43-ე მუხლებზე.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ 19.03.2019 წლის შეთანხმებით, შპს ---------ას (ს/ნ ---------) შპს „--------“-ისგან (ს/ნ -----------) გადაეცა უძრავი ქონება კაპიტალში შეტანის შინაარსით, რომლის რეალიზაცია საწარმომ მოახდინა 4.12.2020 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ---------- ----------ძეზე (პ/ნ --------------) 490 500 ლარის ღირებულებით, რამაც გამოიწვია 4.12.2020 წლის თარიღით პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია და შესაბამისად, დაუდგინდა დღგით დასაბეგრი ბრუნვის დეკლარირების ვალდებულება, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციით პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია პირდაპირ და უდავოა, რომ კომპანიის მიერ გასხვისებული უძრავი ქონება იყო კაპიტალში შენატანი, რომლის კაპიტალიდან გატანა და გასხვისებაც პარტნიორს შეეძლო ყოველგვარი დღგ-ის გადახდის გარეშე, თუმცა ვინაიდან იყო უცხოელი და არ იცოდა ამ დანაწესის შესახებ, რის გამოც პირდაპირ კომპანიის სახელით გაასხვისა ქონება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს სასარგებლოდ კომპანიამ გადაიხადა მოგების გადასახადიც და დაუკავა პარტნიორს დივიდენდიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადიც, რაც ასევე არ ექნებოდა გადასახდელი თუკი პარტნიორი კაპიტალიდან გაიტანდა კაპიტალში შეტანილ ქონებას.

შესაბამისად, პარტნიორის მიერ კანონის არცოდნის გამო მოხდა არასწორი ოპერაციის განხორციელება და სწორედ ამის გამო ბიუჯეტში ჩაირიცხა მოგების გადასახადი 15%, ასევე დაუკავდა პარტნიორს და ბიუჯეტში გადაირიცხა დივიდენდის გაცემისას 5%. ჯამში დაახლოებით 20%.

შემოწმების აქტის საფუძველზე კომპანიას დამატებით დაერიცხა დღგ, რაც არასწორია. კომპანიის მიერ უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვით გასხვისება იყო შეცდომა, რის გამოც ბიუჯეტმა უკვე მიიღო ნასყიდობის თანხის 20%. ახლა როცა კომპანიას აღარ გააჩნია აღარავითარი აქტივი დამატებით დღგ-ის დარიცხვა მისთვის შეცდომით განხორციელებული ოპერაციის გამო, უკანონო და უსამართლოა.

ითხოვს ნაწილობრივ (დღგ-ის ნაწილში) ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, 19.12.2023 წლის №31912 ბრძანება, 19.12.2023 წლის №005- 208 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4620 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 19.03.2019 წლის შეთანხმებით, მომჩივანს შპს „---------სგან (ს/ნ 404487603) გადმოეცა უძრავი ქონება კაპიტალში შეტანის შინაარსით (ქონების ღირებულება უცნობია). აღნიშნული ქონების რეალიზაცია მოხდა 4.12.2020 წლის ხელშეკრულების საფუძველზე 490 500 ლარის ღირებულებით. ამავე თვეში ფიქსირდება აღნიშნული თანხის გატანა და საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილია მოგების გადასახადისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ან/და დღგ-ის დეკლარაციის წარდგენა არ ფიქსირდება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან კომპანიის მიერ განხორციელებულია უძრავი ქონების მიწოდება, აღნიშნული წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, ხოლო ვინაიდან განხორციელებული ოპერაციების თანხა აჭარბებს 100 000 ლარს, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უძრავი ქონების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით მომჩივანს გადმოეცა უძრავი ქონება კაპიტალში შეტანის შინაარსით (ქონების ღირებულება უცნობია). აღნიშნული ქონების რეალიზაცია მოახდინა 2020 წლის 4 დეკემბერის ხელშეკრულების საფუძველზე . ამავე თვეში ფიქსირდება აღნიშნული თანხის გატანა და საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილია მოგებისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ან/და დღგ-ის დეკლარაციის წარდგენა არ ფიქსირდება.

ზემოაღნიშნულმა ოპერაციამ გამოიწვია პირის დღგის გადამხდელად რეგისტრაცია, რაც განხორცილებული არ არის. შედეგად, შემოწმებით, მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2020 წლის 4 დეკემბერი, დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №005-208 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №4620 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282;

(2021 წლამდე მოქმედი) 157(1,7); 160( „ა“) ; 161(1,8);