გადაწყვეტილება №21042/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.03.2024
№ დოკუმენტი 21042/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21042/2/2023

01 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 11.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21042/2/2023).

 

დავის საგანი:

შეძენილ საქონელზე (საქონლის/ღორის ხორცი) ფიზიკური პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების 25%-ის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №006-327 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.09.2023 წლის №23366 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 178 014 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 668 817

ჯარიმა - 334 408

საურავი - 174 789

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა ღორისა და საქონლის ხორცით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 11.06.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ 2020-2023 წლებში საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების მიხედვით უფიქსირდება 10 701 316 ლარის ოდენობით საქონლის/ღორის ხორცის შეძენა ფიზიკური პირებისგან, რომლებზე გადახდაც ფიქსირდება ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების ეტაპზე გადამხდელის მიერ მხოლოდ ნაწილზე წარმოდგენილი იქნა შესყიდვის აქტები (დასკანერებული). შემოწმების პროცესში აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებთან, რის საფუძველზეც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ დადასტურდა. ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილია წერილობითი ახსნა-განმარტებები, სადაც მათ მიერ რეალიზებული საქონლის ოდენობა ნაკლებია საწარმოს მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე. დანარჩენ შემთხვევაში ოპერაციის განხორციელება არ დასტურდება.

საბოლოოდ, შემოწმების შედეგად, შესყიდვის აქტების საფუძველზე გაცემული ანაზღაურების 75% ჩაითვალა მომწოდებელზე გადახდილ ანაზღაურებად „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელის მიერ აღიარებული ფიზიკურ პირებზე გადახდილი ანაზღაურების 25% ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 5.07.2023 წლის №15982 ბრძანება და №006-327 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.09.2023 წლის №23366 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, და აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმებისას აუდიტორმა იხელმძღვანელა იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირების მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებებით (უცნობია რამდენი პიროვნების ახსნაგანმარტებით), სადაც მათ საწარმოს მიერ მითითებული რაოდენობები არ დაადასტურეს, რაც გახდა კოლოსალური დარიცხვის საფუძველი.

შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვა განხორციელდა საწარმოს წარმომადგენლის დაუსწრებლად და არ ჰქონდა საშუალება წარედგინა მტკიცებულებები.

კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ წარდგენილია შესყიდვის აქტები, რომელზეც არის იმ პირების ხელმოწერები, რომლებიც აუდიტორის ინტერპრეტაციით არ ადასტურებენ გაყიდულ რაოდენობებს. გაესაუბრა მომწოდებლებს, რომლებიც აღნიშნავენ რომ მათ მსგავსი რამ არ უთქვიათ, მათ თქვეს, რომ არ ახსოვდათ რაოდენობა და ფასი, რაც არის ბუნებრივი, ვინაიდან დღეს 2023 წელს უკვე ვეღარ ემახსოვრებათ წინა წლებში განხორციელებული გაყიდვების დეტალები. მათი ახსნა-განმარტებები ინტერპრეტირებულია არასწორად.

ასევე ჰყავდა ბევრი მომწოდებელი და საინტერესოა აუდიტორმა რამდენი ადამიანის ახსნა-განმარტების ფონზე მოახდინა დასკვნის გამოტანა.

შემოწმების შეფასება უსაფუძვლო და უარგუმენტოა და არასათანადო ზეპირ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული.

მიუღებელია აღნიშნული ფიზიკური პირების მსგავსი განმარტებები, ვინაიდან პირად საუბარში ყველა მომწოდებელი უდასტურებს, რომ ყიდიან მასზე საქონელს და ყველგან იტყვიან ამას სადაც საჭირო იქნება, ისინი ხელს აწერენ შესყიდვის აქტზე, რომელშიც მითითებულია წონაც და ფასიც და აღნიშნულს ნოტარიალურადაც დაადასტურებენ. მათი ახსნა-განმარტებები საგადასახადოს წარმომადგენლის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე ინტერპრეტირებულია არასწორად.

შემმოწმებლის განმარტებით დარიცხვა გამოიწვია სწორედ იმ გარემოებამ, რომ ხორცის მომწოდებლებმა ახსნა-განმარტებით ვითომდა არ დაადასტურეს შესყიდვის აქტებში მითითებული რაოდენობა.

აღნიშნულზე განმარტავს, რომ მომწოდებლების მხრიდან შეუძლებელი იყო წლების წინ ნაწილნაწილ გაყიდული საქონლის რაოდენობები და საქონლის ღირებულებები ზეპირად სცოდნოდათ. მათ თქვეს, რომ არ ახსოვდათ, მაგრამ არ უარყვიათ შესყიდვის აქტის რეალურობა, ვინაიდან მათ ხელი მოაწერეს თავის დროზე რიცხვებს, რაც მათ თვალწინ დაიწერა ფურცელზე.

აღნიშნული მიდგომა კომპანიის მიმართ არის უსამართლო, დაფუძნებულია გაურკვეველი რაოდენობის შესყიდვის აქტებზე, არ იდენტიფიცირდება სულ მომწოდებლების რაოდენობაში რამდენ პროცენტთან მოხდა დაკავშირება და რამდენმა პიროვნებამ უარყო გაყიდვის ფაქტი, თუ ასეთს საერთოდ ჰქონდა ადგილი. შემმოწმებლის ზედაპირულმა მიდგომამ გამოიწვია კოლოსალური უკანონო დარიცხვა და შესაძლოა კომპანია მიიყვანოს გაკოტრებამდე.

შემმოწმებელი აღნიშნავს თავისივე შეფასებაში, რომ შემოწმების ეტაპზე გადამხდელის მიერ მხოლოდ ნაწილზე წარდგენილი იქნა შესყიდვის აქტები (დასკანერებული).

აცხადებს, რომ წარდგენილ (დასკანერებულ) შესყიდვის აქტებზე ფიქსირდება მომწოდებლების ხელმოწერები, რომელთა ორიგინალები ინახება კომპანიაში, თუ შემოწმების დროს, რომელიმე შესყიდვის აქტი არ იქნა წარდგენილი წარმოდგენს დამატებით.

ფაქტია, რომ დოკუმენტზე (შესყიდვის აქტზე) აწერენ ხელს და ფიზიკურად რომ დაიბაროთ და ხელმძღვანელობასთან ერთად გავესაუბროთ ისინი დაადასტურებენ, რომ მის მიერ ხელთარსებული დოკუმენტაცია შეესაბამება რეალობას, მეტი სარწმუნოებისათვის ასევე, დამატებით წარმოადგენს აღნიშნული ფიზიკური პირების ნოტარიალურად დამოწმებულ ახსნა-განმარტებებს და ხელმოწერებს.

ასევე ყურადღება გასამახვილებელი იქნება ხარჯებზე, როგორიცაა საწვავის და კომუნალური გადასახადების ხარჯი, რომელზედაც მსჯელობაც კი არ აქვს აუდიტორს აქტში, მაშინ როდესაც „rs.ge“-ს პორტალზე ცალსახად იკითხება მანქანების გადაადგილება, შესყიდვის ადგილიდან საწყობამდე, საწყობიდან მომწოდებლამდე და ა.შ. აღნიშნული საკითხი საჭიროებს აუდიტორთან ერთად გავლას.

რაც შეეხება ფასნამატის თემას კომპანიის ფასნამატი საშუალოდ 1-დან 3%-მდეა ვინაიდან ვაჭრობს საბითუმოდ, აქვს დიდი კონკურენცია და მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, ბაზარზე თავის შენარჩუნების მიზნით უწევს დაბალი ფასნამატით მუშაობა.

მომჩივანმა 18.12.2023 წელს წარმოადგინა №21624/2/2023 დაზუსტებული საჩივარი, სადაც განმარტავს, რომ დაზუსტებული საჩივრით წარმოადგენს მტკიცებულებებს, რითაც დასტურდება რომ ხორცის მომწოდებლები ნოტარიულად დამოწმებული აქტებით ადასტურებენ წლების განმავლობაში შპს „--------თვის“ მიყიდული ხორცის რაოდენობებს და ფასებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმებისას დადგინდა, რომ 2020-2023 წლებში საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების მიხედვით უფიქსირდება 10 701 316 ლარის ოდენობით საქონლის/ღორის ხორცის შეძენა ფიზიკური პირებისგან, რომლებზე გადახდაც ფიქსირდება ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების ეტაპზე გადამხდელის მიერ მხოლოდ ნაწილზე წარმოდგენილი იქნა შესყიდვის აქტები (დასკანერებული). შემოწმების მიერ აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებული იქნა იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებთან, რის საფუძველზეც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ დადასტურდა. ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილია წერილობითი ახსნა-განმარტებები, სადაც მათ მიერ რეალიზებული საქონლის ოდენობა ნაკლებია საწარმოს მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე. დანარჩენ შემთხვევაში ოპერაციის განხორციელება არ დასტურდება. საბოლოოდ, შემოწმების მიერ შესყიდვის აქტების საფუძველზე გაცემული ანაზღაურების 75% ჩაითვალა მომწოდებელზე გადახდილ ანაზღაურებად „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელის მიერ აღიარებული ფიზიკურ პირებზე გადახდილი ანაზღაურების 25% ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვა განხორციელდა საწარმოს წარმომადგენლის დაუსწრებლად და არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა არგუმენტები და მტკიცებულებები. ამასთან, 18.12.2023 წლის №21624/2/2023 დაზუსტებული საჩივრით წარმოადგენს მტკიცებულებებს, რითაც დასტურდება, რომ ხორცის მომწოდებლები ნოტარიულად დამოწმებული აქტებით ადასტურებენ წლების განმავლობაში შპს „--------თვის“ მიყიდული ხორცის რაოდენობებს და ფასებს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, ასევე, დამატებით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლებიც შემოსავლების სამსახურს არ შეუფასებია, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.09.2023 წლის №23366 ბრძანება და საჩივარი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შეძენილ საქონელზე (საქონლის/ღორის ხორცი) ფიზიკური პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების 25%-ის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2020-2023 წლებში საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების მიხედვით უფიქსირდება 10 701 316 ლარის ოდენობით საქონლის/ღორის ხორცის შეძენა ფიზიკური პირებისგან, რომლებზე გადახდაც ფიქსირდება ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების ეტაპზე გადამხდელის მიერ მხოლოდ ნაწილზე წარმოდგენილი იქნა შესყიდვის აქტები (დასკანერებული). შემოწმების პროცესში აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებთან, რის საფუძველზეც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ დადასტურდა. ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილია წერილობითი ახსნა-განმარტებები, სადაც მათ მიერ რეალიზებული საქონლის ოდენობა ნაკლებია საწარმოს მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე. დანარჩენ შემთხვევაში ოპერაციის განხორციელება არ დასტურდება. საბოლოოდ, შემოწმების შედეგად, შესყიდვის აქტების საფუძველზე გაცემული ანაზღაურების 75% ჩაითვალა მომწოდებელზე გადახდილ ანაზღაურებად „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად. შემოწმების მიერ, გადამხდელის მიერ აღიარებული ფიზიკურ პირებზე გადახდილი ანაზღაურების 25% ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა").