გადაწყვეტილება №21151/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21151/2/2023
01 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 24.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21151/2/2023).
დავის საგანი:
სალაროს თანხის არაგონივრული ნაშთის კომპანიის დირექტორის ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №081-129 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24546 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 65 431,22 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 41 985
დღგ - 877
საშემოსავლო გადასახადი - 41 108
ჯარიმა - 20 885
საურავი - 2 561,22
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი.
საზოგადოების სააღრიცხვო მონაცემების და ფულადი მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოებას უფიქსირდება სალაროს მზარდი ნაშთი, რომელთა რეალობა არ დასტურდება. ამავდროულად, საზოგადოებას აღებული აქვს სესხი 40 000 ევროს ოდენობით. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, დაანგარიშდა სალაროს გონივრული ნაშთი (საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%), ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად. გაანგარიშებული თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №081-129 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24546 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
კომპანიის სააღრიცხვო მონაცემების და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სალაროს მზარდი ნაშთი, რომლის რეალობა არ დასტურდება. ამავდროულად, გადასახადის გადამხდელს აღებული აქვს სესხი 40 000 ევროს ოდენობით. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, დაანგარიშებული სალაროს გონივრული ნაშთის (საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%) ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად, რომელიც განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს არაგონივრული ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.
ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა საჩივარი განიხილა მომჩივნის დაუსწრებლად და ფაქტობრივად არ შევიდა მის შინაარსობრივ და არსებით განხილვაში, რითაც პრაქტიკულად გვერდი აუარა საჩივრით დაყენებულ იმ არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივ გარემოებებსა და არგუმენტებს, რომლებიც თავის დროზე არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებელთა მიერ საგადასახადო შემოწმებისას და მათი იგნორირებით საზოგადოების მიერ შესრულებულ საფინანსო-სამეურნეო ოპერაციებს მიცა არამართლზომიერი და არაკანონზომიერი კვალიფიკაცია - შეფასება, რის საფუძველზეც საგადასახადო შემოწმების აქტით საზოგადოებაზე განხორციელდა შესაბამისი არამართლზომიერი და არაკანონზომიერი დარიცხვები.
საჩივრის განხილვა საბჭოში უნდა მოხდეს მომჩივნის უშუალო მონაწილეობით (დისტანციურად მაინც) და საჩივრის განხილვა არ განხორციელდეს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის გამოყენებით მომჩივნის დაუსწრებლად, რათა შესაძლებლობა მიეცეს დავების საბჭოს უშუალო და ცოცხალი კომუნიკაციის პირობებში განუმარტოს და აუხსნას იმ ფაქტობრივი და დაუძლეველ გარემოებების თაობაზე, რომელსაც პრაქტიკულად ჰქონდა ადგილი საზოგადოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაში, რომლებიც შემმოწმებელთა მიერ იგნორირებული იქნა და მათ მიერ პრაქტიკულად მიეცა არასწორი შეფასება და კვალიფიკაცია.
კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს და მუდმივად ცდილობს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესის მიხედვით სრულყოფილად აწარმოოს საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შესაბამისად სრულყოფილად შეასრულოს ის მითითებები და რეკომენდაციები, რომლებსაც შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურები იძლევიან ეკონომიკური საქმიანობის სამართლებრივად სწორად და ეფექტურად წარმოებისათვის, მათგან გამომდინარე ყოველთვის ცდილობს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში დროულად და სრულყოფილად შეასრულოს ის საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მუდმივად და მათ შორის უშუალოდ საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი აქტიურად თანამშრომლობდა შემმოწმებლებთან, რასაც საგადასახადო შემოწმების აქტში მე-19 გვერდზე, გრაფაში შემოწმების დასკვნითი დებულებები და რეკომენდაციები თავად შემმოწმებლებიც მიუთითებენ: „გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ თანამშრომლობდა შემოწმებასთან“, თუმცა აქვე არასწორია მოსაზრება „ნაწილობრივ თანამშრომლობის“ თაობაზე, რამდენადაც მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ყოველთვის გულწრფელი, გულახდილი და ამომწურავი პასუხები გაეცემოდა, შესაბამისად, გაუგებარი რჩება ის, თუ რაში გამოიხატება მათი მოსაზრება „ნაწილობრივ თანამშრომლობის!“ თაობაზე.
ფაქტობრივად ხდებოდა პირიქით, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისა და აღნიშნული აქტის მიხედვით ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთა მხრიდან ირღვეოდა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული საგადასახადო ორგანოს უფლება-მოვალეობები და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმის წარმოებისთვის გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც იმაში გამოიხატა, რომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთა მიერ შემოწმების შედეგებზე არ გამოგზავნილა საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, მასზე არ მოუთხოვიათ და შესაბამისად არ წარდგენილა პოზიცია, რასაც პრაქტიკულად საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამის გვერდებზე - „გადასახადის გადამხდელის პოზიცია“ შესაბამისი შეუვსებელი, ცარიელი გრაფებიც ადასტურებენ (საგადასახადო შემოწმების აქტის გვ. 9-12).
შესაბამისად აღნიშნულისა საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემმოწმებელთა მიერ დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები, შეფასებები და დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლები მხოლოდ და მხოლო შემმოწმებელთა ცალმხრივ პოზიციას წარმოადგენს და ისინი პრაქტიკულად არ არის მომჩივნის მოსაზრებებთან, იმ არგუმენტებთან და ფაქტობრივ გარემოებებთან შეჯერებული და ერთობლივად განხილვის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე დამყარებული, რომლებზეც საჩივარშია მსჯელობა.
შემმოწმებელთა მხრიდან არ მოხდა იმის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა-გაანალიზება, თუ რით იყო პრაქტიკულად განპირობებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეებში საზოგადოების სალაროში ფულის მზარდი ნაშთის წარმოქმნა, რომელსაც შემოწმების მიმდინარეობის პროცესში შემმოწმებლებს, საზოგადოების დირექტორის მიერ სრულიად გულწრფელად და ამომწურავად განემარტათ, რომ:
საზოგადოების საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება და ხე-ტყის მასალებით საცალო-საბითუმო ვაჭრობა. საწარმოს შემოსავლების უმეტესი ნაწილი კი სწორედ ხე-ტყის მასალებით ვაჭრობაზე მოდის, რომლის უმეტესი ნაწილი ----------დან არის იმპორტირებული. ---------- ომის შემდგომ შექმნილ ვითარებაში, მას შემდეგ რაც ---------- საბანკო გადარიცხვები პრაქტიკულად შეჩერდა, ----------დან მოწოდებულ საქონელზე მომწოდებელთან ანგარიშსწორებას საბანკო გადარიცხვებით ფაქტობრივად ვეღარ ვაწარმოებდით.
იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში აღნიშნულ მომწოდებელთან (----------), ჩამოყალიბებული იყო ნორმალური და ჯანსაღი კომერციული ურთიერთობა, ერთმანეთს პრაქტიკულად არასდროს ვუქმნიდით პრობლემებს საქონლის მოწოდებისა და მოწოდებული საქონლის საზღაურის გადახდის თვალსაზრისით, ამასთან ეს ურთიერთობა კომერციული თვალსაზრისით ორივე მხარისათვის, განსაკუთრებით კი მისაღები იყო მოწოდებული პროდუქციის ხარისხისა და ფასებიდან, ხოლო თავად მომწოდებლებისათვის მოწოდებული საქონლის ღირებულების უპირობოდ და დროულად გადახდიდან გამომდინარე, პრაქტიკულად ორივე მხარის ინტერსს წარმოადგენდა აღნიშნული ბიზნეს ურთიერთობების შესანარჩუნებლად და კომერციული ურთიერთობების გასაგრძელებლად.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ---------- ომის ვითარებაში შექმნილ არაორდინალურ-ფაქტობრივად ფორსმაჟორული ვითარებიდან გამოსასვლელად ისე, რომ ეკონომიკური კავშირურთიერთობები არ გაგვეწყვიტა და პრაქტიკულად ორივე მხარე არ დავზარალებულიყავით, მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით - ---------- ომის გამო, ---------- საბანკო გადარიცხვებზე შექმნილი პრობლემების მოგვარებამდე, მოწოდებულ საქონელზე ურთიერთანგარიშსწორება გვეწარმოებინა ისეთი არაორდინალური ფორმით, როგორიც არის ნაღდი ფულით ანგარიშსწორება, რამდენადაც ზემოთ აღნიშნული დაუძლეველი გარემოების გამო აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებელი სხვა ალტერნატიული გზა იმ დროისათვის პრაქტიკულად ვერ მოინახა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენადაც ჩვენი მხრიდან - მყიდველი საწარმოს საზოგადოების დირექტორი (----------) ---------- საბაჟო ორგანოების მხრიდან პრაქტიკულად შეზღუდული იყო ---------- საზღვრის გადაკვეთაზე, მომწოდებელთან შევთანხმდით, რომ მოწოდებული საქონლის ღირებულების თანხის გადახდა მოხდებოდა უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე მომწოდებელი საწარმოს ხელმძღვანელზე, ან კიდევ მის შუამავალზე (მინდობილ პირზე) ნაღდი ფულით.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამო შექმნილ ვითარებაში იძულებული ვიყავით საზოგადოების სალაროში შეგვექმნა ნაღდი ფულის შესაბამისი მარაგი, რათა მომწოდებლის (მისი წარმომადგენლის (მინდობილი პირის)) მოკითხვისთანავე მოგვეხდინა მასზე შესაბამისი დავალიანების თანხის, ან კიდევ მომავალში მოსაწოდებელ საქონელზე საჭირო თანხის (ავანსის) დროულად და უპრობლემოდ გადახდა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკულად იძულებული ვიყავით საზოგადოების სალაროში მუდმივად გვქონოდა ნაღდი ფულის მარაგი, რაც შესაბამისად იწვევდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის მუდმივად ზრდას.
საზოგადოების სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ზრდა, რომ ძირითადად სწორედ ---------- ომის შემდგომ პერიოდიდან მომდინარეობს, ნათლად დასტურდება ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე შემმოწმებელთა მიერ გადმოგზავნილი სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშების ცხრილიდანაც (შემმოწმებლის მიერ გამოგზავნილი საზოგადოების „სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის“ გაანგარიშების ცხრილი თან ერთვის, დანართი №5).
როგორც „სალაროს არაგონივრული ნაშთის“ ცხრილის ანალიზი გვიჩვენებს საზოგადოების „სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის“ მასიური ზრდა ძირითადში სწორედ ---------- ომის შემდგომი პერიოდიდან, კერძოდ კი 28.02.2022 წლიდან იწყება და პრაქტიკულად ომის შემდგომ პერიოდში მომდინარეობს. შემმოწმებელმა რატომღაც არ გაიზიარა აღნიშნული განმარტება, რაც განპირობებული იყო ჩვენგან დამოუკიდებელი - დაუძლეველი გარემოებებით, ფაქტობრივად შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციით და არა ჩვენი მხრიდან საქმისადმი დაუდევარი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით!
ყოველივე აღნიშნულთან ერთად არ ვეთანხმებით და არ ვიზიარებთ შემმოწმებელთა მიერ შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ დანართი №9-ის - „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითებით „სალაროს არაგონივრული ნაშთით“ აპელირებას და ამ შემთხვევაში საზოგადოების სალაროში არსებული ნაღდი ფულის არაგონივრულ ნაშთად განხილვა არამართლზომიერი და არაკანონზომიერია იმდენად, რამდენადაც შემოსავლების სამსახურის აღნიშნული მეთოდური მითითების ტერმინთა განმარტებაში ტერმინი „გონივრული ნაშთი“ განმარტებულია: ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომლის განთავსება-შენახვა „სალაროში“ გადასახადის გადამხდელს ესაჭიროება მისი საქმიანობის ან/და სამეურნეო ოპერაციის სპეციფიკიდან, აგრეთვე, ბიზნეს გეგმიდან გამომდინარე“.
საჩივარში უკვე აღნიშნული ---------- ომის გამო შექმნილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, როცა ვეღარ ვახერხებდით ---------- მომწოდებელზე მოწოდებული საქონლის საფასურის გადახდას და მომწოდებლებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დროებით, სიტუაციის დასტაბილურებამდე, მათ მოწოდებული ან კიდევ სამომავლოდ მოსაწოდებელი საქონლის ღირებულებას (ავანსს) ნაღდი ანგარიშსწორებით გადავუხდიდით, საზოგადოებას სწორედაც რომ ესაჭიროებოდა სალაროში ნაღდი ფულის გარკვეული ნაშთის მისი საქმიანობის, სამეურნეო ოპერაციების სპეციფიკიდან, აგრეთვე, საზოგადოების ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად და იგი საზოგადოების სამომავლო „ბიზნეს გეგმიდან“ გამომდინარეობდა, შესაბამისად აღნიშნულისა, ის მთლიანად შეესაბამება და თავისი შინაარსით აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის სალაროს გონივრული ნაშთის თაობაზე მეთოდური მითითების ტერმინთა განმარტებაში „გონივრული ნაშთის“ განსაზღვრების - „ ... გადასახადის გადამხდელს ესაჭიროება მისი საქმიანობის ან/და სამეურნეო ოპერაციის სპეციფიკიდან, აგრეთვე, ბიზნეს გეგმიდან გამომდინარე“, არსსა და შინაარსობრივ მოთხოვნებს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, შემმოწმებლებს პრაქტიკულად უნდა ეხელმძღვანელათ აღნიშნულითა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული - შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპით:
„იმ შემთხვევაში, როცა შესრულებული ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, აღნიშნულ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მის შინაარსს“.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემმოწმებლებს უნდა გაეთვალისწინებინათ აღნიშნული განმარტება და ---------- ომით განპირობებული საბანკო გადარიცხვების შეზღუდვებით გამოწვეული ჩვენგან დამოუკიდებელი და დაუძლეველი გარემოებებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აგრეთვე აღნიშნულ ვითარებაში საზოგადოების ფაქტობრივი ბიზნეს გეგმის გათვალისწინებით, თავი უნდა შეეკავებინათ საგადასახადო შემოწმების აქტის საკითხი №1-ის მიხედვით სალაროს არაგონივრული მზარდი ნაშთის გამოყენების მეთოდოლოგიის შესაბამისად საზოგადოების სალაროში „ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის“ კვალიფიკაციით და შეფასებით გადასახადის გაანგარიშების, მისი დარიცხვისა და შესაბამისი ფინანსური სანქციის (საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით) დამატებით დარიცხვისგან.
შემმოწმებლის მხრიდან პრაქტიკულად რომ არ მომხდარა საზოგადოების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ღრმა, საფუძვლიანი და შინაარსობრივი შესწავლა და შესაბამისად, მათი სათანადო ანალიზის საფუძველზე არ მიღებულა შესაბამისი გადაწყვეტილება, იმითაც დასტურდება, რომ:
საზოგადოება გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 18.04.2016 წელს, შესაბამისად შემოსავლების სამსახურში საზოგადოებას 2016 წლის შედეგებზე წარდგენილი აქვს მოგების გადასახადის 2016 წლის წლიური დეკლარაცია, რომლის შესაბამისად საზოგადოებას 2016 წლის დასაბეგრი მოგება შეადგენს - 11 554,23 ლარს, დარიცხული და გადახდილია მოგების გადასახადი 1 733 ლარი, რის გათვალისწინებითაც, საზოგადოების 2016 წლის დივიდენდებად გასანაწილებელი მოგება შეადგენს 9 821 ლარს, რომელიც დღემდე არ არის განაწილებული. შემოწმებას უნდა გამოეჩინა შესაბამისი გულისხმიერება და ყურადღება და აღნიშნული თანხებისთვის მაინც მიენიჭებინა დივიდენდების კვალიფიკაცია, რის გათვალისწინებითაც საზოგადოების დირექტორის (საზოგადოების დამფუძნებელ ----------ემოსავლო გადასახადით დაბეგრეს და დარიცხულია შესაბამისი ფინანსური სანქცია, უნდა ჩაეთვალათ დივიდენდად მიღებულ შემოსავლად და დაებეგრათ 5%-იანი განაკვეთით დივიდენდზე საშემოსავლო გადასახადით და დარიცხულიყო შესაბამისი სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით,სამწუხაროდ აღნიშნული გარემოება თავის მხრივ არც შემოსავლების სამსახურის მიერ იქნა გაზიარებული და სათანადოდ შეფასებული, საჩივრის მიხედვით დასმული აღნიშნული საკითხის ამ ნაწილში მაინც დაკმაყოფილების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სრულიად კანონზომიერად ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი იმის თაობაზე, რომ შემოსავლების სამსახური პრაქტიკულად დაინტერესებული იყო რაც შეიძლება მეტი დამატებითი თანხები და შესაბამისი სანქციები დაეკისრებინათ!
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიც რომ არა, საყურადღებოა აგრეთვე, სალაროს ფიქტიური, არაგონივრული ნაშთის საფუძვლით გადასახადის გადამხდელზე განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით წარმოებული საგადასახადო დავასთან დაკავშირებით უკვე სასამართლო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და მისი აღსრულების პრაქტიკა, რომელსაც ახლო წარსულში ქონდა ადგილი, კერძოდ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2016 წლის №3/3028- 16 და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2018 წლის №37/765-17 გადაწყვეტილებების შესაბამისად, სალაროს გონივრული ნაშთის თაობაზე იმ დროისათვის არსებული შემოსავლების სამსახურის მანუალით სარგებლობა არასამართლებრივად იქნა მიჩნეული და სასამართლოთა მიერ განიმარტა, რომ საქართველოში არ არის კანონი სალაროს ნაშთის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამის და მიუხედავად საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის მოცულობის განსაზღვრა, მხოლოდ საწარმოს გადაწყვეტილებაა და აღნიშნული საფუძვლით გადასახადის გადამხდელზე განხორციელებული დარიცხვა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არაკანონზომიერად იქნა მიჩნეული, რომლის შესაბამისადაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.07.2018 წლის №27/765-17 გადაწყვეტილების შესაბამისად, სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.03.2016 წლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში. საბჭოს დაევალა საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდებოდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ფიქტიურ ნაშთად მიჩნევის გამო საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხის გაუქმება. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.12.2019 წლის №9747/2/2019 გადაწყვეტილებით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ უნდა იხელმძღვანელოს აღნიშნული პრაქტიკით, აგრეთვე იმ დაუძლეველი - ფორსმაჟორული ფაქტობრივი გარემოებებით და არგუმენტებით, რაზეც უკვე იყო მსჯელობა და მიიღოს კანონზომიერი გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24546 ბრძანების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე და აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის №1-ის მიხედვით განხორციელებული დარიცხვის კორექტირებაზე (შემცირებაზე).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოებას უფიქსირდება სალაროს მზარდი ნაშთი, რომელთა რეალობა არ დასტურდება. ამავდროულად, საზოგადოებას აღებული აქვს სესხი 40 000 ევროს ოდენობით. შემოწმებით, დაანგარიშდა სალაროს გონივრული ნაშთი და ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად, რაც ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად.
მომჩივანი მიუთითებს, რომ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №9) შესულია ცვლილება და აღნიშნულიც ახდენს გავლენას საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებაზე.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ ინსტრუქციაში განხორციელებული ცვლილება, რაც საჭიროებს შესწავლას.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24546 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სალაროს თანხის არაგონივრული ნაშთის კომპანიის დირექტორის ხელფასად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოებას უფიქსირდება სალაროს მზარდი ნაშთი, რომელთა რეალობა არ დასტურდება. ამავდროულად, საზოგადოებას აღებული აქვს სესხი 40 000 ევროს ოდენობით. შემოწმებით, დაანგარიშდა სალაროს გონივრული ნაშთი და ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად, რაც ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად. მომჩივანი მიუთითებს, რომ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №9) შესულია ცვლილება და აღნიშნულიც ახდენს გავლენას საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებაზე.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“);