ბრძანება N 25139

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.11.2025
№ დოკუმენტი 25139
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25139

17 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის პირველი აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 9 და 30 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №85 და №90) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის პირველი აგვისტოს №122003/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის №001- 146 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. განმარატვს, რომ არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. შემმოწმებელმა, აქტში ფორმალურად მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, თუმცა, არ დაასაბუთა კონკრეტულად რომელი პუნქტის საფუძველზე განახორციელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის (მაგ: ორისი, ფინა და სხვ) არ არსებობა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველს არ ქმნის - ასეთ დანაწესს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი არ ითვალისწინებს. მიაჩნია, რომ არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. ითხოვს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობას და მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ ფულის მოძრაობის ცხრილის სტრუქტურაში ასახული თანხების წარმომავლობა სრულიად გაუგებარია. ამ საკითხთან მიმართებით არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. არალოგიკურია შემმოწმებლის ქმედება 2022 წელს სალაროს უარყოფითი ნაშთის გამოყვანის შესახებ, რადგანაც იგი ეწინააღმდეგება ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპს. შემმოწმებლის მიერ ნაღდი ფულის გაანგარიშების ცხრილი ნაწარმოებია სერიოზული ხარვეზებით, რის გამოც სალაროს ნაშთი და შესაბამისად, მასზე დარიცხული თანხები ვერ იქნება რეალური.

რაც შეეხება სალაროს ნაშთის ინვენტარიზაციას, სალაროს ნაშთმა შეადგინა 0 ლარი, ხოლო შემოწმებით დადგენილმა 1 126 581 ლარი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ სალაროს ინვენტარიზაციის დროს არ იქნა ჩატარებული ინვეტარიზაციისათვის აუცილებელი პროცედურები. შესაბამისად, პროცედურების დარღვევით ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი სალაროს ნაშთი და მასზე დარიცხული თანხები ვერ ჩაითვლება მართლზომიერად და ითხოვს გაუქმებას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ აღებული სესხის დირექტორის მიერ აღებულ სესხად განხილვას. განმარტავს, რომ სამეურნეო ოპერაციის შინაარსს არ მიეცა სწორი კვალიფიკაცია. მართალია, სს,,-------“ აღებული სესხი გაიცა დირექტორზე, მაგრამ არა სესხის სახით, არამედ უძრავი ქონების შესაძენად. შემმოწმებელმა არასწორი შეფასება მისცა 2022 წლის 14 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ხელმეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ბანკი სს „-------“ და კლიენტი - შპს „-------“ (-------, -------). კრედიტის მიზნობრიობას შეადგენდა - კომერციული ფართის შეძენა. საბანკო სესხით შეძენილ იქნა კომერციული ფართი (მის: -------, -------, სართული 1; 217 კვ.მ), რომელიც დაიტვირთა იპოთეკით სს „-------“ სასარგებლოდ. მართალია, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მესაკუთრეს წარმოადგენს -------, თუმცა, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის გარდა გამოყენებულია საწარმოს საოპერაციო შემოსავლები. სესხის აღების დროს დირექტორის პირადი ქონება საკმარისი არ იყო და ბანკმა მოითხოვა საწარმოს საოპერაციო შემოსავლების სახით დამატებითი უზრუნველყოფა. კომპანიის საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ ძირითადი თანხის და დარიცხული პროცენტის დაფარვა ხდება შპს „-------“ ანგარიშიდან თანხების ყოველთვიური ჩამოწერით. მიუხედავად იმისა, რომ სესხის აღების დღესვე, თანხა ბანკის ამონაწერში ფორმალურად გატარდა როგორც - „სესხის თანხის გაცემა“, ამ შემთხვევაში ოპერაციის შინაარსი არის აღმატებული და მის ფორმალურ მხარეს ყურადღება არ უნდა მიექცეს. არსებითია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის გარდა, დამატებით გამოყენებულია საწარმოს ფულადი სახსრები, ხოლო, სესხის ძირის და პროცენტის თანხების დაფარვა ხდება საწარმოს ანგარიშზე თანხების ჩამოწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

4. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 მარტის №3838 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 7 ივლისის №15263 ბრძანება და ამავე თარიღის №001-146 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 571 329 ლარი, მათ შორის გადასახადი 320 986 ლარი, ჯარიმა 191 135 ლარი და საურავი 59 208 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: ● შპს ------- ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა სამშენებლო მასალებით სპეციალიზებულ მაღაზიაში. გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აწყობილ იქნა ფულის მოძრაობის ცხრილი, შემოსავლის ნაწილში ჩათვლილ იქნა გადამხდელის მიერვე დეკლარირებული ბრუნვა. ხარჯის ნაწილში კი დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი. გაანგარიშებაში ჩათვლილ იქნა დებიტორ-კრედიტორების როგორც საწყისი, ისე საბოლოო ნაშთები. განხორციელებულ იქნა სალაროს ინვენტარიზაცია, სალაროს საბოლოო ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმებით ფულის საბოლოო ნაშთმა შეადგინა 1 126 581 ლარი. განკარგვადი თანხა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე ------- (პ/ნ -------) გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● გადამხდელის მიერ 2022 წლი 14 ივლისს ------- აღებულ იქნა სესხი 200 000 დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა იმავე დღეს გაცემულ იქნა დირექტორზე, შინაარსით ,,სესხის თანხის გაცემა". შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით, გადამხდელს დაერიცხვა დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემდგომ პერიოდში დირექტორის მიერ ხორციელდება აღნიშნული სესხის ძირისა და პროცენტის დაფარვა. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ის მუხლის გათვალისწინებით შემოწმებამ დაბრუნებულ თანხებზე განახორციელა მოგების გადასახადის ჩათვლა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან მიმართებით, მოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ დარიცხვა გამოწვეულია მიღებულ შემოსავალსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობით, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდი არ გამოყენებულა.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განკარგვადი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს 2022 წლი 14 ივლისს ------- აღებულ აქვს სესხი 200 000 დოლარის ოდენობით და აღნიშნული თანხა იმავე დღეს გაცემულ იქნა დირექტორზე, შინაარსით ,,სესხის თანხის გაცემა", შემოწმების მიერ, აღნიშნული ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, მისი კვალიფიკაციის შეცვლა და ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად განხილვა, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოგების გადასახადის ნაწილში, მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე და იმაზე, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება.

2. ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

3. საწარმოს მიერ აღებული სესხის დირექტორის მიერ აღებულ სესხად განხილვა.

4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა სამშენებლო მასალებით სპეციალიზებულ მაღაზიაში. გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აწყობილ იქნა ფულის მოძრაობის ცხრილი, შემოსავლის ნაწილში ჩათვლილ იქნა გადამხდელის მიერვე დეკლარირებული ბრუნვა. ხარჯის ნაწილში კი დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი. გაანგარიშებაში ჩათვლილ იქნა დებიტორ-კრედიტორების როგორც საწყისი, ისე საბოლოო ნაშთები. განხორციელებულ იქნა სალაროს ინვენტარიზაცია, სალაროს საბოლოო ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

გადამხდელის მიერ აღებული სესხი იმავე დღეს გაცემულ იქნა დირექტორზე, შინაარსით ,,სესხის თანხის გაცემა". შემოწმებით, აღნიშნული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით, გადამხდელს დაერიცხვა დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. შემდგომ პერიოდში დირექტორის მიერ ხორციელდება აღნიშნული სესხის ძირისა და პროცენტის დაფარვა. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ის მუხლის გათვალისწინებით შემოწმებამ დაბრუნებულ თანხებზე განახორციელა მოგების გადასახადის ჩათვლა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9) 101; 154; 982(3-ზ); 269(7)