ბრძანება N 21974

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.10.2024
№ დოკუმენტი 21974
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21974

08 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 13 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 და 26 სექტემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმი №101 და 104) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 13 აგვისტოს №91413/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №021-57 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში სამუშაოების დიდი ნაწილი განხორციელებულია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით. შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით დამკვეთთან ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი და იწერება საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლებიც ასახულია დეკლარაციებში და დაბეგრილია დღგ-ით. შესაბამისად, გაუგებარია, რამ გამოიწვია გადასახადების დამატებით დარიცხვა. ამასთან, მომჩივნის განმარტებით, კომპანიის შემოსავალი მნიშვნელოვნად არ აღემატება გაწეული ხარჯების ოდენობას. მომჩივანი ითხოვს გაანგარიშების შესწავლას შემმოწმებელთან ერთად და დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №2587 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი აგვისტოდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 8 ივლისის №16208 ბრძანება და 9 ივლისის №021-57 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 226 891 ლარი, მათ შორის, გადასახადი 136 809 ლარი, ჯარიმა 68 373 ლარი და საურავი 21 709 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანია სატენდერო მომსახურებების შესრულება. აღნიშნული ოპერაციების ფარგლებში მიღებული აქვს მომსახურებები ფიზიკური პირებისგან, რომლებიც რიგ შემთხვევაში არიან გადასახადის გადამხდელ პირად ან ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირები და საგადასახადო ორგანოში არ აქვთ წარმოდგენილი შესაბამისი დეკლარაციები. შემოწმების მიერ ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები დაექვემდებრა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 შემოწმების ეტაპზე განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ასევე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემების შესწავლა, აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1) კომპანიას 2021 წლის აგვისტოდან მიღებული აქვს წინა საგადასახადო პერიოდში გაწეული მომსახურების ანაზღაურება;

2) მესამე პირებისგან წარმოდგენილი ახსხნაგანმარტებების საფუძველზე დადგინდა კომპანიის კრედიტორული დავალიანებები;

3) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით და საბანკო ამონაწერებით დადგინდა მიმდინარე პერიოდის შესრულებული ოპერაციების სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურებები;

4) სხვადასხვა პერიოდში მიღებული აქვს საბანკო სესხები და წარმოდგენილი ამონაწერებით არ დასტურდება 110 276 ლარის სესხის დაფარვა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილი ფულადი ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება საქონლის შესყიდვა, რომლის ტრანსპორტირების დასრულების ადგილი არ ემთხვევა მის მიერ შესრულებული პროექტების ადგილმდებარეობას. გადამხდელის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, აღნიშნული შესყიდვები უკავშირდება წინა საგადასახადო პერიოდების შესრულებებს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 75-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კერძოდ, შესყიდული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად 15%-იანი ფასნამატით და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. ამასთან, აღნიშნული ოპერაციიდან მიღებული/მისაღები შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო 2024 წლის 19 სექტემბერს 17:15 საათზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა დავაზე და წარმოადგინა განცხადება საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით, რის საფუძველზეც საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 2024 წლის 26 სექტემბერს 13:20 საათზე, თუმცა მომჩივანი კვლავ არ გამოცხადდა დავაზე და ამასთან, არ ყოფილა წარმოდგენილი განცხადება საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით.

შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:

ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით:  კომპანიას ფიზიკური პირებზე გადახდილი აქვს მომსახურების ანაზღაურების თანხები, რომელიც არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან;

 შემოწმებით, გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით გამოვლინდა ფულადი ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად;

 შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შესყიდული აქვს საქონელი, რომლის ტრანსპორტირების დასრულების ადგილი არ ემთხვევა მის მიერ შესრულებული პროექტების ადგილმდებარეობას.

შესყიდული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად 15%-იანი ფასნამატით, ხოლო აღნიშნული ოპერაციიდან მიღებული/მისაღები შემოსავლები - დირექტორის ხელფასად.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმებით დარიცხული თანხების უსწორობასთან დაკავშირებით მოგვიანებით წარმოადგენს დაზუსტებულ პოზიციას, თუმცა საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული პოზიციის შესაბამისი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი, ამასთან, საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივანი არ გამოცხადდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები დაექვემდებრა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

შემოწმების ეტაპზე განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ასევე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემების საფუძველზე დადგენილი ფულადი ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება საქონლის შესყიდვა, რომლის ტრანსპორტირების დასრულების ადგილი არ ემთხვევა მის მიერ შესრულებული პროექტების ადგილმდებარეობას. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 75-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კერძოდ, შესყიდული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად 15%-იანი ფასნამატით და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. ამასთან, აღნიშნული ოპერაციიდან მიღებული/მისაღები შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154.