გადაწყვეტილება №20280/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20280/2/2023
27 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 17.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20280/2/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი;
2. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების გაანგარიშება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №024-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 ივნისის №14474 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 213 389 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 136 041
დღგ - 88 348
საშემოსავლო გადასახადი - 47 693
ჯარიმა - 68 125
საურავი - 9 223
პროცედურული გარემოებები
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის აპრილიდან, ამავე პერიოდიდან წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს. საწარმოს საქმიანობაა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალების (ძირითადად ცემენტი) შეძენა-რეალიზაცია ქ. ---ს ქუჩაზე (----).
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №2352 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №7294 ბრძანება და №024-14 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 213 389 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 9 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 23 ივნისის №14474 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი
ფაქტების აღწერა
საწარმო სმფ-ების შეძენას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა წარდგენილი საბანკო ამონაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. მომჩივნის მიერ ასევე წარდგენილ იქნა ახსნა-განმარტებები სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, საქმიანობის სპეციფიკაზე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციები. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის №4810 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად სმფ-ის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით.
არსებული ფაქტობრივი გარემოებების, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადში განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმო საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადად დოკუმენტის გარეშე, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად არის აღრიცხული საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები, კერძოდ, მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიას დეკლარირებული აქვს 15 171 ლარის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, როცა მის მიერ შეძენილია დაახლოებით 464 894 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების პროცესში ვერ იქნა დადგენილი გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ან/და დოკუმენტური ფასნამატი. ამასთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ იქნა წარდგენილი რაიმე სახის პოზიცია. შესაბამისად, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი, აუდირებული გადასახადის გადამხდელებთან არსებული ფასნამატები, აღნიშული ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე იმ პროპორციით, რა პროცენტულობასაც შეადგენდა თითოეული ჯგუფის ხვედრითი წილი შეძენილი საქონლის საერთო ღირებულებაში. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩაირთო შესაბამისი პერიოდების დღგ-ის ბრუნვებში. მომჩივანს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე და შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა მართლზომიერია.
გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მისთვის უცნობია საიდან იქნა აღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი ახსნა-განმარტება საწყის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთთან დაკავშირებით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, შემმოწმებლის მიერ სასაქონლო ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე იმ პროპორციით, რა პროცენტულობასაც შეადგენდა თითოეული ჯგუფის ხვედრითი წილი შეძენილი საქონლის საერთო ღირებულებაში. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის ბრუნვებში. თუმცა, შემმოწმებლის მიერ წარდგენილ გაანგარიშებაში ყველა სასაქონლო პოზიციაზე გაანგარიშებულია ერთნაირი საშუალო ფასნამატი 15.32%- ის ოდენობით, რაც არამართლზომიერია. ასევე, საქონლის საწყის ნაშთთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სასაქონლო ნაშთები არასწორად არის წარდგენილი, ვინაიდან შეუძლებელია ამ რაოდენობის ნაშთის არსებობა შესაბამისი შესანახი სასაწყობე ფართის გარეშე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადად დოკუმენტის გარეშე, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად ასახავდა მიღებულ შემოსავალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების პროცესში ვერ დადგინდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ან/და დოკუმენტური ფასნამატი.
შესაბამისად, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ, აუდირებულ გადასახადის გადამხდელებთან არსებული ფასნამატები. აღნიშული ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე იმ პროპორციით, რა პროცენტულობასაც შეადგენდა თითოეული ჯგუფის ხვედრითი წილი შეძენილი საქონლის საერთო ღირებულებაში. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის ბრუნვებში. შესაბამისად, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა დღგ. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ცხრილთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული გაანგარიშებით ფასნამატი შეცვლილია მცირედით, თუმცა გაანგარიშება საფუძველს მოკლებულია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების გაანგარიშება
ფაქტების აღწერა
დაანგარიშდა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა. გათვალისწინებულ იქნა გაწეული ხარჯებისა და საწარმოს დამფუძნებელ პირთა მიმართ არსებული ვალდებულებების (კაპიტალის ნაშთი) ოდენობები.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 101-ე მუხლის შესაბამისად, დაანგარიშდა იმ ფულადი სახსრების ოდენობა, რაც შესამოწმებელი პერიოდისთვის უნდა ჰქონოდა კომპანიას. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა იმ ფულადი სახსრების ოდენობები, რაც ფიქსირდებოდა საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე და სალაროში ნაღდი ფულის სახით. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. შესაბამისად, დაანგარიშდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ასევე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებული ფულადი სახსრების გაანგარიშებას ზემოთხსენებული საფუძვლის გამო. ასევე, აღსანიშნავია, რომ შემმოწმებლის მიერ ფულადი სახსრების ოდენობის გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული სრულად საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც შეუძლია დამატებით წარმოადგინოს საჭიროების შემთხვევაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს/ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეამციროს დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ყველა სახის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რაც წარდგენილ იქნა მომჩივნის მიერ. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ, მიღებული შემოსავლის, გაწეული ხარჯების, დებიტორული/კრედიტორული დავალიანებებისა და საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთების გათვალისწინებით, გაანგარიშდა განკარგვადი თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რომელიც ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ ფულადი სახსრების ოდენობის გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული სრულად საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც შეუძლია დამატებით წარმოადგინოს საჭიროების შემთხვევაში. აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმების მიმდინარეობისას გათვალისწინებულ იქნა ყველა სახის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რაც წარდგენილი იქნა საზოგადოების წარმომადგენლის მიერ. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას ყველა ეტაპზე ხდებოდა მომჩივანთან კომუნიკაცია და არსებული საკითხების გაცნობა, როგორც პირადი შეხვედრისას, ასევე სატელეფონო გასაუბრებისას და მეილის სახით მიმოწერისას, ხოლო რა ტიპის დანახარჯებს გულისხმობს გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აუდიტის დეპარტამენტისთვის უცნობია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი;
2. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების გაანგარიშება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №2352 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №7294 ბრძანება და №024-14 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 213 389 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 9 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 23 ივნისის №14474 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 73 (4, 5, 9); 101; 154; 159; 163; 164.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.