გადაწყვეტილება №21601/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21601/2/2023
19 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" -ის 15.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21601/2/2023).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.09.2023 წლის №001-202 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №28964 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 358 315.56 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 202 970
დღგ - 109 383
საშემოსავლო გადასახადი - 93 587
ჯარიმა - 101 270
საურავი - 54 075.56
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო მასალებით საცალო ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №7267 და 29.08.2023 წლის №21182 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 10.07.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 5.06.2023 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 21.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
კომპანიას აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ადგილობრივი შეძენები. შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 10%-ს. ბიუჯეტში გადახდილი თანხაა 43 107.62 ლარი, ხოლო ბიუჯეტიდან უკან დაიბრუნა 38 705 ლარი. საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5.06.2023 წელს სმფ-ების ინვენტარიზაციით განისაზღვრა საქონლის ფაქტობრივი ნაშთი (საბაზრო ღირებულებით 345 270 ლარი), რომლის თვითღირებულებების დაანგარიშების (გადამხდელის მონაწილეობით) შედეგად, ფასნამატი დადგინდა საშუალოდ 24%.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საწარმოს შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის რპთ-ზე 2 280 928 (საწყის ნაშთს 0 ლარს დაემატა შეძენილი სმფ-ები, გამოაკლდა ფაქტობრივი ნაშთის სმფ-ების თვითღირებულება 235 969.11 ლარი და მიღებულ რპთ-ს გამოაკლდა 1.03.2023-5.06.2023 წ.წ. პერიოდის რპთ) გავრცელდა 24%- იანი ფასნამატი, ხოლო შემოწმებით დადგენილი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა. გადასახადის გადამხდელს არ აქვს დებიტორების და კრედიტორების ნაშთები, ამდენად, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და საბანკო ამონაწერის მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული დადგენილი ხარჯები. აღნიშნულის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე და 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.09.2023 წლის №23529 ბრძანება და ამავე თარიღის №001-202 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 22.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №28964 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო მასალით საცალო ვაჭრობა. ანგარიშსწორება ხდება როგორც ნაღდი ისე უნაღდო ფორმით, თუმცა უმეტესად გადახდები ხორციელდება საბანკო ბარათით.
ყოველი თვის ჭრილში დეკლარაცია არის სრული სიზუსტით წარდგენილი. დარიცხვა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით რასაც არ ეთანხმება, ვინაიდან ქვითარს გასცემს ყველა პროდუქციის გაყიდვის დროს და ხოლო, რეალიზაციის 90% არის ბანკით. ფასნამატი აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილია 24%, ობიექტი ისეთ კონკურენტულ მდებარეობაშია ასეთი პროცენტით კონკურენციას ვერ გაუძლებს. ფასნამატი შეადგენს 10%. 2022 წლის აგვისტოს თვე დაერიცხა 11 768 ლარი, აღნიშნულ თვეში რეალიზაცია ყველაზე მცირეა წლის განმავლობაში.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 601 მუხლებზე მითითებით ითხოვს, გადაანგარიშდეს და შემცირდეს დარიცხული თანხები, რადგან ვერ გადაიხდის და ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივანი მიუთითებს, რომ არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან ქვითარს გასცემს ყველა პროდუქტის გაყიდვის დროს, ხოლო რეალიზაციის 90% ხორციელდება საბანკო ბარათით. რაც შეეხება ფასნამატს, კონკურენტულ გარემოში კომპანიის ფასნამატი შეადგენს 10%- ს.
მომჩივანს არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის და დადგენილი ფასნამატის გამოყენებით, განსაზღვრულია მართებულად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 601 მუხლებზე მითითებით ითხოვს, გადაანგარიშდეს და შემცირდეს დარიცხული თანხები, რადგან ვერ გადაიხდის და ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო მასალებით საცალო ვაჭრობა.კომპანიას აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ადგილობრივი შეძენები. შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 10%-ს. საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ფასნამატი დადგინდა საშუალოდ 24%. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საწარმოს შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა. გადამხდელს არ აქვს დებიტორების და კრედიტორების ნაშთები, ამდენად, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და საბანკო ამონაწერის მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული დადგენილი ხარჯები. აღნიშნულის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის და დადგენილი ფასნამატის გამოყენებით, განსაზღვრულია მართებულად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,154,160,161.