ბრძანება N 10938

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.05.2025
№ დოკუმენტი 10938
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10938

28 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.:---) 2025 წლის 6 და 7 მაისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2025 წლის 6 მაისის №95519/1/2025 და 7 მაისის №70224/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 აპრილის №081- 65 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ კომპანიის დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანიის ხელთ არსებული ყველა ურთიერთშედარების აქტი წარუდგინა შემოწმებას, აღნიშნული დოკუმენტი დგება ორმხრივად, თუმცა ზოგიერთმა მხარემ აქტის შედგენისგან თავი შეიკავა. აცხადებს, რომ ყველა დებიტორული დავალიანება ნამდვილია და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 თებერვლის №2918 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები.

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 10 აპრილის №6836 ბრძანება და ამავე თარიღის №081-65 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 115 694 ლარი, მათ შორის გადასახადი 73 614 ლარი, ჯარიმა 36 807 ლარი და საურავი 5 271 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახორციელებდა სხვადასხვა ორგანიზაციების კვებით მომსახურებას. გადასახადის გადამხდელი აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის იყენებდა პროგრამას, რომელიც წარმოდგენილ იქნა შემოწმებისათვის. აღნიშნული პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს გააჩნდა დებიტორული დავალიანებები (მოთხოვნები), რაზეც შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილ იქნა ურთიერთშედარების აქტები, რომელიც გადამხდელმა წარმოადგინა არასრულად. კერძოდ, შპს ,,--ზე“, შპს „---ზე“, შპს „---ზე“ და შპს „---ზე“ - ჯამურად 200 524 ლარზე ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტაცია.

შემოწმების მიერ, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი N9) მეთოდური მითითების შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახორციელებდა სხვადასხვა ორგანიზაციების კვებით მომსახურებას. შემოწმების მიერ, საბუღალტრო პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს გააჩნდა დებიტორული დავალიანებები, რაზეც შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილ იქნა ურთიერთშედარების აქტები, რომლებიც გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა არასრულად. 200 524 ლარზე ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტაცია და შემოწმების მიერ, აღნიშნული თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, საჩივრის დანართად წარმოდგენილია შპს „----თან“ გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი დავალიანების არსებობის თაობაზე, ასევე საგადახდო დავალება, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „---მა“ დაფარა დებიტორული დავალიანება 3 390 ლარის ოდენობით და მტკიცებულებები, რომ შპს „----თან“ დაწყებულია სასამართლო დავა. მომჩივანი აცხადებს, რომ ყველა დებიტორული დავალიანება ნამდვილია, მიწოდებული მომსახურებები ანაზღაურებული არ არის და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ დებიტორული დავალიანებების ხელფასად კვალიფიკაციის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული), აგრეთვე, შპს „---თან“ სასამართლო დავის დასრულების შემდეგ შეაფასოს სასამართლოს გადაწყვეტილება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული), აგრეთვე, შპს „---თან“ სასამართლო დავის დასრულების შემდეგ შეაფასოს სასამართლოს გადაწყვეტილება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ კომპანიის დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახორციელებდა სხვადასხვა ორგანიზაციების კვებით მომსახურებას. შემოწმების მიერ, საბუღალტრო პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს გააჩნდა დებიტორული დავალიანებები, რაზეც შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილ იქნა ურთიერთშედარების აქტები, რომლებიც გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა არასრულად. 200 524 ლარზე ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტაცია და შემოწმების მიერ, აღნიშნული თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ დებიტორული დავალიანებების ხელფასად კვალიფიკაციის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული), აგრეთვე, სასამართლო დავის დასრულების შემდეგ შეაფასოს სასამართლოს გადაწყვეტილება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154; 105; 72.