ბრძანება N 10268

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.05.2025
№ დოკუმენტი 10268
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10268

21 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------------ის“ (ს/ნ ---------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------------)

(იურ. მის.: -----------------------------)

2025 წლის 25 აპრილისა და 5 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი და 7 მაისის სხდომებზე (ოქმი №33 და №36) განიხილა შპს „----------------ის“ (ს/ნ ---------------) 2025 წლის 25 აპრილის №-----/1/2025 და 5 მაისის №-----/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №047-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება უცხოურ კომპანიებზე გადარიცხული თანხების ხელფასად განხილვას და აღნიშნავს, რომ საგადასახადო პრაქტიკის გათვალისწინებით, სადავო თანხები უნდა განხილულიყო სესხად. მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხების მოთხოვნის უფლება საწარმოს ბუღალტრულად აქვს დაფიქსირებული. ამასთან, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება სადავო თანხის მოთხოვნის ფაქტი.

2. დაზუსტებული საჩივრით მომჩივანმა მიუთითა არცოდნაზე და მოითხოვა სანქციისგან გათავისუფლება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 დეკემბრის №25360 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 18 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 31 მარტის №5999 ბრძანება და ამავე თარიღის №047–3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 6 558 708 ლარი, მათ შორის გადასახადი 4 197 310 ლარი, ჯარიმა 2 109 583 ლარი და საურავი 251 815 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

. კომპანიის საქმიანობაა ნაქსოვი და ტრიკოტაჟის ტანსაცმლის წარმოება. ნედლეულის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია ხდება ექსპორტზე. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ასევე, მათივე ახსნა-განმარტებით კომპანიის მიერ წარდგენილი წლიური ფინანსური ანგარიშგებები იყო არასწორი. შემოწმების ჯგუფისთვის სრულად არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაცია, რაზეც 2025 წლის 15 იანვარს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №----. შემოწმების პროცესში შესწავლილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციიდან, კერძოდ, საბანკო ამონაწერებიდან დადგინდა, რომ საწარმოს 2022 და 2023 წელს 4 უცხოურ კომპანიაზე გადარიცხული ჰქონდა ჯამში 8 219 646 ლარის ავანსი, საქონლის შეძენის დანიშნულებით, თითოეულ გადარიცხვაზე მითითებული იყო ინვოისის ნომერი და თარიღი, გადარიცხვების პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარუდგენია. შემოწმების დაწყებამდე არ დასტურდებოდა არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, შესაბამისი საქონლის გადამხდელისთვის მიწოდების ფაქტი. ასევე, გონივრულ 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ დაბრუნებულა ავანსის თანხა. გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია დოკუმენტაცია, რითიც დადასტურდებოდა აღნიშნული თანხის მოთხოვნის ფაქტი (სასამართლო სარჩელი, საფოსტო მიმოწერა და ა.შ). იმის გათვალისწინებით, რომ გონივრულ ვადაში, ასევე, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდებოდა არარეზიდენტი მომწოდებლების მიერ, შესაბამისი საქონლის გადამხდელისთვის მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლების მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, გადახდილი ავანსი 8 219 646 ლარი, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ სულ საწარმოს მიერ იმპორტირებული იყო 11 518 960 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა. გადამხდელის ცნობის მიხედვით, უცხოური კომპანიების მიმართ არსებული დავალიანება შეადგენდა 4 497 192 ლარს, ანუ დაფარული თანხა შეადგენდა 7 021 768 ლარს (11 518 960 - 4 497 192), თუმცა უცხოურ კომპანიებზე გადარიცხული თანხა შეადგენდა 17 273 606 ლარს (საწარმოს საწყისი დავალიანება წარმოდგენილი მონაცემებით და წარდგენილი ანგარიშგებით არ უფიქსირდებოდა). ამ თანხების სხვაობას 10 251 838 ლარს (11 518 961 -4 497 192 – 17 273 607), ასევე, დაემატა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული სმფ-ის ღირებულება, რომლის ჩარიცხვაც საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდებოდა და არც დებიტორებში იყო ასახული და ასევე, გამოაკლდა საწარმოს საჭიროებისთვის, ნაღდი ანგარიშწორებისთვის, გადახდილი თანხა 1 619 643 ლარი და გაცემული დივიდენდი 51 834 ლარი. მიღებული თანხა, 8 553 879 ლარი (საწარმოს მიერ უცხოურ კომპანიებზე ზედმეტად გადახდილი ის თანხა, რომლის შესახებ გადამხდელმა ვერ წარადგინა შესაბამისი ახსნა-განმარტება და რომელიც არ იყო ასახული დებიტორების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაში), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩაითვალა გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის პირველ მაისს, --:-- საათზე, ჩანიშნული საჩივრების განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრების განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 7 მაისს --:-- საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს 2022 და 2023 წელს 4 უცხოურ კომპანიაზე გადარიცხული ჰქონდა ჯამში 8 219 646 ლარის ავანსი, საქონლის შეძენის დანიშნულებით, თითოეულ გადარიცხვაზე მითითებული იყო ინვოისის ნომერი და თარიღი. გადამხდელს გადარიცხვების პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარუდგენია. შემოწმების დაწყებამდე არ დასტურდებოდა არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, შესაბამისი საქონლის გადამხდელისთვის მიწოდების ფაქტი. ასევე, გონივრული 12 კალენდარული თვის განმავლობაში, არ დაბრუნებულა ავანსის თანხა. გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია დოკუმენტაცია, რითიც დადასტურდებოდა აღნიშნული თანხის მოთხოვნის ფაქტი (სასამართლო სარჩელი, საფოსტო მიმოწერა და ა.შ). იმის გათვალისწინებით, რომ გონივრულ ვადაში, ასევე, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდებოდა არარეზიდენტი მომწოდებლების მიერ შესაბამისი საქონლის გადამხდელისთვის მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლების მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, გადახდილი ავანსი 8 219 646 ლარი, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ზედმეტად ჰქონდა გადახდილი უცხოურ კომპანიებზე ის თანხა, რომლის შესახებაც შემოწმებას ვერ წარუდგინა შესაბამისი ახსნა-განმარტება და რომელიც არ იყო ასახული დებიტორების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, არარეზიდენტ კომპანიებზე გადარიცხული ავანსის თანხები და ზედმეტად გადახდილი თანხები, რომლის შესახებაც შემოწმებას ვერ წარუდგინა შესაბამისი ახსნა-განმარტება და რომელიც არ იყო ასახული დებიტორების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაში, წარმოადგენს სახელფასო განაცემს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება უცხოურ კომპანიებზე გადარიცხული თანხების ხელფასად განხილვას და აღნიშნავს, რომ სადავო თანხები უნდა განხილულიყო სესხად. დაზუსტებული საჩივრით მომჩივანმა მიუთითა არცოდნაზე და მოითხოვა სანქციისგან გათავისუფლება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №25360 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №5999 ბრძანება და №047–3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 6 558 708 ლარი, მათ შორის გადასახადი 4 197 310 ლარი, ჯარიმა 2 109 583 ლარი და საურავი 251 815 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ საწარმოს 2022 და 2023 წელს 4 უცხოურ კომპანიაზე გადარიცხული ჰქონდა ჯამში 8 219 646 ლარის ავანსი, საქონლის შეძენის დანიშნულებით, თითოეულ გადარიცხვაზე მითითებული იყო ინვოისის ნომერი და თარიღი. გადამხდელს გადარიცხვების პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარუდგენია. შემოწმების დაწყებამდე არ დასტურდებოდა არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ, შესაბამისი საქონლის გადამხდელისთვის მიწოდების ფაქტი. ასევე, გონივრული 12 კალენდარული თვის განმავლობაში, არ დაბრუნებულა ავანსის თანხა. გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია დოკუმენტაცია, რითიც დადასტურდებოდა აღნიშნული თანხის მოთხოვნის ფაქტი (სასამართლო სარჩელი, საფოსტო მიმოწერა და ა.შ). იმის გათვალისწინებით, რომ გონივრულ ვადაში, ასევე, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღისთვის, არ დასტურდებოდა არარეზიდენტი მომწოდებლების მიერ შესაბამისი საქონლის გადამხდელისთვის მიწოდების ან არარეზიდენტი მომწოდებლების მიერ ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი, გადახდილი ავანსი 8 219 646 ლარი, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ზედმეტად ჰქონდა გადახდილი უცხოურ კომპანიებზე ის თანხა, რომლის შესახებაც შემოწმებას ვერ წარუდგინა შესაბამისი ახსნა-განმარტება და რომელიც არ იყო ასახული დებიტორების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაში.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩაითვალა გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, არარეზიდენტ კომპანიებზე გადარიცხული ავანსის თანხები და ზედმეტად გადახდილი თანხები, რომლის შესახებაც შემოწმებას ვერ წარუდგინა შესაბამისი ახსნა-განმარტება და რომელიც არ იყო ასახული დებიტორების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაში, წარმოადგენს სახელფასო განაცემს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 ,,ბ“); 101(1); 154(1,,ა“. 2 „ა“ და „ბ“ ); 269(7); 272(1); 275(1.2.21.22);