ბრძანება N 30150
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 30150
04 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------;)
2023 წლის 31 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №84540/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №136-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის გამოყვანილი ინვენტარიზაციის შედეგები და არსად არის ნაჩვენები დანაკლისი, რომელიც საწარმოს თავად უნდა დაედეკლარირებინა. აღნიშნულის მიუხედავად, შემოწმების მიერ, საქონლის მოძრაობის შესწავლით გაირკვა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული. მომჩივანი განმარტავს, რომ დანაკლისი შემოწმების მიერ დაიბეგრა დღგ-ით და აგროსილი თანხა მიჩნეულ იქნა გაცემულ ხელფასად. მომჩივანი ითხოვს, რომ გაიმიჯნოს სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი, რადგან ის გამოვლენის მომენტში საბაზრო ფასით თავად კომპანიას უნდა აესახა შესაბამის დეკლარაციებში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14162 და 29 სექტემბრის №23994 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 20 ივნისამდე ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 6 ოქტომბრის №24761 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №136-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 172 497 ლარი, მათ შორის გადასახადი 110 424 ლარი, ჯარიმა 52 566 ლარი და საურავი 9 507 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
● გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ვერ ხდებოდა კონტროლი სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობაზე და არ ხორციელდებოდა საქონლის ჩამოწერები. შემოწმებას წარედგინა სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი და საბოლოო ნაშთები პერიოდების მიხედვით. გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის N14118 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა აღწერა სმფების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოწმებისათვის მიწოდებული სმფ-ების ფაქტობრივ ნაშთსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას შორის სხვაობა არ გამოვლინდა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქონლის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული. ამდენად, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად გაიზარდა დღგ-ის ბრუნვები პერიოდების მიხედვით. კომპანიას დაერიცხა, დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
● შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, შესამოწმებელ პერიოდზე და დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხდებოდა კონტროლი სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობაზე და არ ხორციელდებოდა საქონლის ჩამოწერები. შემოწმებას წარედგინა სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი და საბოლოო ნაშთები პერიოდების მიხედვით. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან შესამოწმებელ პერიოდში ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა აღწერა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოწმებისათვის მიწოდებული სმფ-ების ფაქტობრივ ნაშთსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას შორის სხვაობა არ გამოვლინდა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქონლის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული. ამდენად, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად გაიზარდა დღგ-ის ბრუნვები პერიოდების მიხედვით. ამასთან, მიღებული ფულის ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ უნდა გაიმიჯნოს სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი და ის გამოვლენის მომენტში საბაზრო ფასით თავად კომპანიამ ასახოს შესაბამის დეკლარაციებში, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ინვენტარიზაციით დადგენილ სმფ-ების ფაქტობრივ ნაშთსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას შორის სხვაობა არ გამოვლინდა. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა საქონლის მოძრაობის ანალიზის შედეგად შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციიდან მიღებულ შემოსავალზე, რომელიც სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხდებოდა კონტროლი სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობაზე და არ ხორციელდებოდა საქონლის ჩამოწერები. შემოწმებას წარედგინა სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი და საბოლოო ნაშთები პერიოდების მიხედვით. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან შესამოწმებელ პერიოდში ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა აღწერა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოწმებისათვის მიწოდებული სმფ-ების ფაქტობრივ ნაშთსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას შორის სხვაობა არ გამოვლინდა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქონლის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული. ამდენად, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად გაიზარდა დღგ-ის ბრუნვები პერიოდების მიხედვით. ამასთან, მიღებული ფულის ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“).
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)