ბრძანება N 21524

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.10.2024
№ დოკუმენტი 21524
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21524

02 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 6 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) №91263/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №037-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ გადასახადები განსაზღვრულია რიგ პროდუქციაზე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება ტვირთის მოპარვის კუთხით. განმარტავს, რომ გამოძიება მსვლელობის პროცესშია და დანაშაულის დადგენის შემთხვევაში დასაკორექტირებელი იქნება შემოწმებით დარიცხული თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გამოძიების დასრულების შემდეგ მოხდეს შესამოწმებელი პერიოდის გადამოწმება და დარიცხული თანხების შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8611 და 26 აპრილის №9805 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 9 ნოემბრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 15 აპრილის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 8 ივლისის №16121 ბრძანება და 9 ივლისის №037-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 257 194 ლარი, მათ შორის გადასახადი 166 897 ლარი, ჯარიმა 81 607 ლარი და საურავი 8 690 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

● შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 9 ნოემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2022 წლის 30 დეკემბერს. 2023 წლის 2 იანვრიდან მინიჭებული აქვს დღგის არაკვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსი. საწარმო ------- მიმდებარე ტერიტორიაზე ძირითადად ახორციელებს უკრაინიდან, პაკისტანიდან, ირანიდან და ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის (საყოფაცხოვრებო საქონელი, სინთეზური ქსოვილი, თეთრეული, კაკალი და კარტოფილი) რეალიზაციას. საწარმოს ასევე შესამოწმებელ პერიოდში, 2023 წლის მარტში შეძენილი აქვს 1 020 800 ლარის ღირებულების ცოცხალი ცხვარი. არ ფლობს ქონებას. არ აწარმოებს ბუღალტერიას დადგენილი წესის შესაბამისად. 2024 წლის 15 აპრილის N8486 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სასაქონლომატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაცია, რომლითაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთად განისაზღვრა 0 ლ. საწარმო ადეკლარირებს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების ნულოვან დეკლარაციებს, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 482 838 ლარს.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები (დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის 11%-ია), შეძენები და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 6 ჯგუფიდან 3 ჯგუფზე: კარტოფილი (99%), კაკალი (80%), სინთეზური ქსოვილი (54%,) დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან. დანარჩენი 3 ჯგუფის (თეთრეული - 54%, ელექტრო საქონელი - 59%, საყოფაცხოვრებო საქონელი -40%) დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა აუდირებული საბითუმო ფასნამატით. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ------- ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. გარდა ამისა, საწარმოს 2023 წლის აპრილში საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს შპს „-------“-ის მიერ 8 475 ლარი (დღგ-ის გარეშე), რომელიც დირექტორის წერილობითი განმარტებით, უკავშირდება ცხვრების შეგროვების მომსახურების შესრულების ღირებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 160-ე, 1601 -ე, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

● შპს „-------“-ის შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სხვა ინფორმაციით. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის N8486 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც სალაროში ნაღდი ფულის ნაშთად განისაზღვრა 0 ლარი. ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები).

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს საინვოისე ღირებულების 286 006 დოლარის (760 418 ლარის) სარეალიზაციო საქონელი, საიდანაც შესამოწმებელ პერიოდში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული არაა 62 906 დოლარის (168 823 ლარის) ღირებულების საქონელი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უნაღდო ანგარიშსწორებით უფიქსირდება 127 253 დოლარის გადახდა, აღნიშნული დოლარის ექვივალენტი ლარი სრულად იქნა გათვალისწინებული გადახდილ ხარჯებში. ასევე, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი არარეზიდენტ მომწოდებლებზე საქონლის შეძენისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადასახადო დავალება, ჩეკი, ქვითარი, შედარების აქტი და ა.შ.) და სახეზეა მხოლოდ ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითაც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და მისთვის დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის, 2021 წლის 12 ნოემბრის N35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების მიხედვით უცხოელი კრედიტორებისთვის ანაზღაურებულად ჩაითვალა საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%. შედეგად, გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიის განკარგვადი თანხა, რომელიც შეადგენს 399 727 ლარს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნული თანხა, დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე 2024 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას დადგენილი წესის შესაბამისად. 2024 წლის 15 აპრილის N8486 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაცია, რომლითაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთად განისაზღვრა 0 ლ.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები (დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის 11%-ია), შეძენები და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 6 ჯგუფიდან 3 ჯგუფზე: კარტოფილი (99%), კაკალი (80%), სინთეზური ქსოვილი (54%,) დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან. დანარჩენი 3 ჯგუფის (თეთრეული - 54%, ელექტრო საქონელი - 59%, საყოფაცხოვრებო საქონელი -40%) დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა აუდირებული საბითუმო ფასნამატით. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ------- ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული ფასნამატები. შემოწმებით დადგინდა დასაბეგრი შემოსავალი და დარიცხული იქნა დამატებული ღირებულების გადასახადი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის N8486 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც სალაროში ნაღდი ფულის ნაშთად განისაზღვრა 0 ლარი. ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორკრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები).

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს საინვოისე ღირებულების 286 006 დოლარის (760 418 ლარის) სარეალიზაციო საქონელი, საიდანაც შესამოწმებელ პერიოდში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული არაა 62 906 დოლარის (168 823 ლარის) ღირებულების საქონელი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უნაღდო ანგარიშსწორებით უფიქსირდება 127 253 დოლარის გადახდა, აღნიშნული დოლარის ექვივალენტი ლარი სრულად იქნა გათვალისწინებული გადახდილ ხარჯებში. ასევე, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი არარეზიდენტ მომწოდებლებზე საქონლის შეძენისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადასახადო დავალება, ჩეკი, ქვითარი, შედარების აქტი და ა.შ.) და სახეზეა მხოლოდ ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითაც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და მისთვის დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის, 2021 წლის 12 ნოემბრის N35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების მიხედვით უცხოელი კრედიტორებისთვის ანაზღაურებულად ჩაითვალა საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%. შედეგად, გამოვლინდა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიის განკარგვადი თანხა, რაზეც დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებაში, რომ სარეალიზაციო საქონლის მოპარვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, კომპანიას არ წარმოუდგენია არც საგამოძიებო საქმისწარმოების მასალები და არც გამოძიების შედეგები, შესაბამისად, არ მომხდარა აღნიშნულის გათვალისწინება შემოწმების პროცესში. ამასთან, საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელს არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას დადგენილი წესის შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე ------- ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული ფასნამატების გავრცელება. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გამოვლენილი კომპანიის განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ხოლო, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტერიას დადგენილი წესის შესაბამისად. ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სასაქონლომატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაცია, რომლითაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთად განისაზღვრა 0 ლ. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა აუდირებული საბითუმო ფასნამატით. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. გარდა ამისა, საწარმოს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს თანხა, რომელიც დირექტორის წერილობითი განმარტებით, უკავშირდება ცხვრების შეგროვების მომსახურების შესრულების ღირებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გამოვლინდა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული განკარგვადი თანხა, რომელიც შემოწმების მიერ, დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული ფასნამატების გავრცელება მართლზომიერია. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გამოვლენილი კომპანიის განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;