გადაწყვეტილება №27622/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.07.2026
№ დოკუმენტი 27622/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრახელფასის სახით მიღებული შემოსავლებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასშეღავათები სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ სფეროებშისაგადასახადო სამართალდარღვევა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპებიგაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის

📄 სრული ტექსტი

№27622/2/2026

16 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 20.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27622/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

2. სწავლის საფასურისათვის გაწეული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

3. გაანგარიშებული განკარგვადი თანხის ოდენობა;

4. დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2026 წლის №021-26 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11808 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 38 197.36 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 23 707.10

დღგ - 427.11

მოგების გადასახადი -15 110.59

საშემოსავლო გადასახადი - 8 169.40

ჯარიმა - 11 853.40

საურავი - 2 636.86

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სხვადასხვა სამედიცინო საქონლით ვაჭრობა, გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის პირველი ნოემბრიდან.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.11.2024 წლიდან 1.01.2026 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2026 წლის 23 თებერვლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 27 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 მარტის №7095 ბრძანება და №021-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11808 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გარდა დაუბეგრავი საქონლისა, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, მიწოდებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი საქონელი (ლეპტოპები, სკამები და მაგიდა). საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ 427 ლარი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა 214 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 169-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, საჩივრის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომ შემოწმების პროცესში ვერ დადგინდა, თუ კონკრეტულად რა საქმიანობისთვის გამოიყენებოდა ზემოთ აღნიშნული დღგ-ით დასაბეგრი საქონელი, კერძოდ, ვერ დადგინა იყო თუ არა იგი სტაციონარული/ამბულატორიული სამედიცინო, მკურნალობის ან/და მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან დამხმარე მომსახურების გაწევისთვის გამიზნული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან ვერ დადგინდა თუ რა მიზნით განხორციელდა კონკრეტული საქონლის მიწოდება, დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ, საქართველოში სასაქონლო ზედნადებით, სამედიცინო დანიშნულებით, ლაბორატორიისთვის შეიძინა დღგ-ის გარეშე საქონელი და ასევე, კლინიკაზე დღგ-ის გარეშე გაყიდა, რადგან საგადასახადო კოდექსით სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება დღგ-ისგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე. არ ეთანხმება მიწოდების დღგ-ით დაბეგვრას, რადგან აღნიშნული აღჭურვილობა აუცილებელია კლინიკისთვის და ლაბორატორიებისთვის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია სტაციონარული/ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება/მკურნალობის მომსახურება, აგრეთვე მათთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო საქმიანობის უფლება.

დადგენილია, რომ გარდა იმ საქონლისა, რომელთა მიწოდება დღგ-ისგან გათავისუფლებულია, კომპანიას განხორციელებული აქვს ასევე, დღგ-ით დასაბეგრი საქონლის ლეპტოპების, სკამებისა და მაგიდის მიწოდება.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსით სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება დღგ-ისგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე, არ ეთანხმება მიწოდების დღგ-ით დაბეგვრას, რადგან აღნიშნული აღჭურვილობა აუცილებელია კლინიკისთვის და ლაბორატორიებისთვის.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, რომელიც შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურია, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტება, რომ შემოწმების პროცესში ვერ დადგინდა, თუ კონკრეტულად რა საქმიანობისთვის გამოიყენებოდა აღნიშნული დღგ-ით დასაბეგრი საქონელი, კერძოდ, ვერ დადგინა იყო თუ არა იგი სტაციონარული/ამბულატორიული სამედიცინო, მკურნალობის ან/და მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან დამხმარე მომსახურების გაწევისთვის გამიზნული.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ სადავო საქონელი (ლეპტოპი, სკამები, მაგიდა) არ წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულების საქონელს და რომ ვერ დადგინდა თუ რა მიზნით განხორციელდა ამ საქონლის მიწოდება.

მომჩივანს შემოსავლების სამსახურში არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს რაიმე დოკუმენტს ან/და მტკიცებულებას, რაც მის პოზიციას გაამყარებდა, შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები პირველ სადავო საკითხის ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. სწავლის საფასურისათვის გაწეული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, კომპანიას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეძენილი აქვს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, შემოტანილი აქვს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გზით. შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიას 2024 წლის თებერვლის თვეში არარეზიდენტი პირისათვის გადარიცხული აქვს 4 364 ლარი, გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია სწავლის საფასური, თუმცა არ არის წარდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი ან/და განმარტება გადარიცხვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით.

საგადასახადო კოდექსის 97-ე, 98-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საგადახადო ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი თუ რეალურად როდის, რა მიზნით და ვინ გაიარა გადამზადების ან/და სხვა რაიმე სასწავლო კურსი განმარტავს, რომ მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება პროფესიული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრას, რადგან ფიქსირდება, რომ სამედიცინო კონფერენციაში მონაწილეობის საფასურია, შეუძლია შეთანხმების წარმოდგენაც.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

დადგენილია, რომ საბანკო ამონაწერების მიხედვით, კომპანიას 2024 წლის თებერვლის თვეში, არარეზიდენტი პირისათვის გადარიცხული აქვს 4 364 ლარი, გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია სწავლის საფასური, თუმცა გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი გადარიცხვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით.

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას, თუმცა არ წარმოადგენს მისი პოზიციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თანხა გადარიცხულია არარეზიდენტ პირზე და რომ შესაბამისი მტკიცებულება არ იქნა წარდგენილი და ვერც ამჟამად წარმოადგენს მომჩივანი.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

3. გაანგარიშებული განკარგვადი თანხის ოდენობა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდზე, არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, ასევე, კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეძენილი აქვს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე (272 648 ლარი), ასევე, შემოტანილი აქვს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გზით (43 345 ლარი). ამავე პერიოდში, კომპანიას ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გზით გატანილი აქვს 237 481 ლარის იმპლანტის ჭანჭიკები. გარდა აღნიშნულისა, უფიქსირდება ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია 187 785 ლარის ოდენობით. საქონლის მოძრაობის შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ იმპორტით შემოტანილი 24 ერთეული სასუნთქი თერაპიული აპარატიდან, ადგილობრივ ბაზარზე დოკუმენტურად მიწოდებულია 14 ერთეული, ხოლო დარჩენილი რაოდენობა არ ფიქსირდება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მონაცემებში, შესაბამისად, აღნიშნული ჩათვლილი იქნა მიწოდებულად, რამაც გამოიწვია შემოსავლის გაზრდა 30 691 ლარით. გარდა აღნიშნულისა, ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლისას გათვალისწინებული იქნა ყველა ის შემოსავალი და ხარჯი, რაც ფიქსირდებოდა საბანკო ამონაწერებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების ფარგლებში ჩატარებული ანალიზის შედეგად სულ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 436 746 ლარი, ამავე პერიოდში ხარჯისა და სხვა განაცემის სახით გადახდილია 407 860 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ საბოლოო დებიტორული დავალიანების ნაშთი შეადგენს 12 460 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განკარგვადი ფულადი სახსრების ნაშთი უნდა ყოფილიყო 16 426 ლარი, რაც არ ფიქსირდება საბანკო ანგარიშებზე. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 17 თებერვლის №3430 ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში, ჯამში 4 106 ლარის ოდენობით და ასევე, დაეკისრა ჯარიმა, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად, 2 053 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე,იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმების მიერ განხორციელებული საქონლისა და ფულის მოძრაობის ანალიზის საფუძველზე გაანგარიშებული ფულის ნაშთი გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშებსა და სალაროში არ გააჩნდა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, გადასახადის გადამხდელი არ მიუთითებს, კონკრეტულად რა ნაწილში იქნა არასწორად გაანგარიშებული შესაბამისი თანხები. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

განკარგვადი თანხის გაანგარიშების ნაწილში, სხვაობაა ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებულსა და აუდიტორის მიერ დათვლილს შორის, ითხოვს გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, წარდგენილი იქნა მხოლოდ საბანკო ამონაწერები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, ასევე, კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეძენილი აქვს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე (272 648 ლარი), ასევე, შემოტანილი აქვს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გზით (43 345 ლარი) და ამავე პერიოდში ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გზით გატანილი აქვს 237 481 ლარის იმპლანტის ჭანჭიკები. გარდა აღნიშნულისა, ფიქსირდება ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია 187 785 ლარის ოდენობით. საქონლის მოძრაობის შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანიის მიერ, იმპორტით შემოტანილი 24 ერთეული სასუნთქი თერაპიული აპარატიდან, ადგილობრივ ბაზარზე დოკუმენტურად მიწოდებულია 14 ერთეული, ხოლო დარჩენილი რაოდენობა არ ფიქსირდება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მონაცემებში, შესაბამისად, აღნიშნული ჩაითვალა მიწოდებულად, რამაც გამოიწვია შემოსავლის გაზრდა. ასევე, შემოწმების ფარგლებში ჩატარებული ანალიზის შედეგად, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 436 746 ლარი, ამავე პერიოდში, ხარჯისა და სხვა განაცემის სახით გადახდილია 407 860 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ საბოლოო დებიტორული დავალიანების ნაშთი შეადგენს 12 460 ლარს. შესაბამისად, განკარგვადი ფულადი სახსრების ნაშთი უნდა ყოფილიყო 16 426 ლარი, რაც არ ფიქსირდება საბანკო ანგარიშებზე. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 17 თებერვლის №3430 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია.

მომჩივანი არ ეთანხმება განკარგვადი თანხის გაანგარიშებას, აღნიშნავს, რომ სხვაობაა ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებულსა და აუდიტორის მიერ დათვლილს შორის, თუმცა არ წარმოადგენს მისი გაანგარიშებით რა სხვაობაზეა საუბარი და კონკრეტულად რა საფუძველზე.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს გაანგარიშება მის პოზიციასთან დაკავშირებით არ წარუდგენია.

მომჩივანს შემოსავლების სამსახურში არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს რაიმე დოკუმენტს/მტკიცებულებას, რაც მის პოზიციას გაამყარებდა, შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები მე-3 სადავო საკითხის ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

4. დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2026 წლის №021-26 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 11 853.40 ლარი და განესაზღვრა საურავი 2 636.86 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს, დაკისრებული ჯარიმის და საურავის პატიებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

2. სწავლის საფასურისათვის გაწეული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

3. გაანგარიშებული განკარგვადი თანხის ოდენობა;

4. დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გარდა დაუბეგრავი საქონლისა, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, მიწოდებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი საქონელი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა.

2. შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიას 2024 წლის თებერვლის თვეში არარეზიდენტი პირისათვის გადარიცხული აქვს თანხა, გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია სწავლის საფასური, თუმცა არ არის წარდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი ან/და განმარტება გადარიცხვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საგადახადო ვალდებულებები მოგების გადასახადის ნაწილში.

3. საქონლის მოძრაობის შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ იმპორტით შემოტანილი 24 ერთეული სასუნთქი თერაპიული აპარატიდან, ადგილობრივ ბაზარზე დოკუმენტურად მიწოდებულია 14 ერთეული, ხოლო დარჩენილი რაოდენობა არ ფიქსირდება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მონაცემებში, შესაბამისად, აღნიშნული ჩათვლილი იქნა მიწოდებულად, რამაც გამოიწვია შემოსავლის გაზრდა. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში და დაეკისრა ჯარიმა,.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(1); 101; 154; 159; 163; 164; 170; 269(7)