გადაწყვეტილება №24402/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.02.2025
№ დოკუმენტი 24402/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24402/2/2024

26 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ს 5.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24402/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;

2. შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3.არარეზიდენტ მომწოდებელზე (იმპორტირებული) საქონლის შეძენისას გადახდილი თანხის ნაწილის ამავე არარეზიდენტზე გაცემულ სესხად კვალიფიკაცია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აგვისტოს №024-61 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ნოემბრის №23964 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 750 595,19 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 439 490

დღგ - 174 560

მოგების გადასახადი - 143 249

საშემოსავლო გადასახადი - 121 681

ჯარიმა - 219 745

საურავი - 91 360,19

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა იმპორტირებული ტანსაცმლისა და თეთრეულის რეალიზაცია "-------"-ს ტერიტორიაზე. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 23 თებერვლიდან და ამავე თარიღიდან წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის 23 თებერვლიდან 2024 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 20 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აგვისტოს №19191 ბრძანება და №024-61 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ნოემბრის №23964 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით

ფაქტების აღწერა

საწარმოს დეკლარირებულმა მთლიანმა ბრუნვამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 2 120 292 ლარი. შემოწმების პროცესში არასრულად იქნა წარდგენილი შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მიწოდებულია მხოლოდ საბანკო ინფორმაცია). აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივლისის №17005 ბრძანებით დანიშნული იქნა საქონლის საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, თუმცა რეგისტრირებულ მისამართზე ობიექტი ვერ მოიძებნა. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით.

შესამოწმებელი პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციების და შეძენების დამუშავების შედეგად, ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა. შეძენილი პროდუქცია დაიყო 14 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფზე გამოყენებული იქნა შესაბამის ჯგუფზე განსაზღვრული აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა "-------"-ს ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი საცალო ვაჭრობის ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ საწარმოს გაწერილი აქვს ზედნადებები სადაც ფიქსირდება ფასი და თანხა. აღნიშნული დოკუმენტაციით სავსებით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ადგილი არ აქვს აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას, ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი არ აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს, მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად არ გამოვლენილა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის არცერთი შემთხვევა, არ გამოვლენილა არსებითი სხვაობა დეკლარირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

გადამხდელს არ ჰქონდა ფართი ნაქირავები და ხდებოდა რეალიზაცია საბითუმოდ, ასევე გადამხდელი ვაჭრობს ისეთი პროდუქციით რომლის ფასი ყოველდღიურად იცვლება, რადგან ის დაკავშირებულია სხვადასხვა გარემოებებთან, შეკვეთა იგვიანებდა და ამის გამო სეზონური თვალსაზრისითაც იყო აცდენა. სწორედ ამიტომ კომპანია ცდილობს რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთით იმუშაოს. სწორედ ამით აიხსნება ის დაბალი ფასნამატი რაც აქტშია აღნიშნული და სწორედ ამ მიზეზით შეწყვიტა გადასახადის გადამხდელმა ფუნქციონირება.

ასევე შემოტანილია დაბალფასიანი პროდუქცია, რომელიც შესაბამისად დაბალი ხარისხის არის და გათვლილია დაბალი ბიუჯეტის მქონე მოსახლეობისთვის, რეალურად მიყენებული მაღალი ფასნამატი არასწორია და ასევე ყველა პროდუქციაზე ერთი და იგივე ფასნამატი თან ყველა პერიოდზე მიაჩნია არარეალურად.

ამასთან, მომჩივანს არ ჰქონდა იმდენად დიდი გამოცდილება რომ უფრო მეტად ჩაეშალა პროგრამაში გაყიდვები. ამაში ხელს უშლიდა ისიც, რომ საველე პირობებში ახდენდა რეალიზაციას და არ ჰქონდა ფუფუნება რომ პარალელურად მყიდველის იდენტიფიცირებით აესახა პროგრამაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

დადგენილია, რომ მომჩივანი შემოწმების პროცესში არ თანამშრომლობდა შემმოწმებელთან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ მომჩივანი 2024 წლის 16 ივლისის №188714 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმებულია საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობის ფაქტზე.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ მომჩივნის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერები/პროგრამა. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან ბრუნვაში შეადგენდა მხოლოდ 3 პროცენტს.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.

 

2. შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროს, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები მიჩნეული იქნა 0-ის ტოლად. არაპირდაპირ გაანგარიშებული შემოსავლებიდან დოკუმენტური შეძენების, ხელფასების, არარეზიდენტებზე სესხად კვალიფიცირებული თანხების, საბიუჯეტო გადახდების და სხვა ხარჯების გამოკლებით გაანგარიშდა ფულის ნაშთი 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით. დადგენილი ფულის ნაშთი კი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების დარიცხვა არამართებულია და არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რადგან გადამხდელმა მიღო არა თუ სარგებელი, არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით.

ითხოვს, შემოწმება დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივნის განმარტებით აღნიშნულ დარიცხვას არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რადგან არ მიუღია რაიმე სარგებელი, არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა სხდომაზე აღნიშნა, რომ დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შევსების ფაქტი წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება.

გადამხდელი საბჭოში წარმოდგენილ საჩივარზეც არ წარმოადგენს რაიმე სახის მტკიცებულებებს, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3.არარეზიდენტ მომწოდებელზე (იმპორტირებული) საქონლის შეძენისას გადახდილი თანხის ნაწილის ამავე არარეზიდენტზე გაცემულ სესხად კვალიფიკაცია

ფაქტების აღწერა

საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ცალკეული არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის უფიქსირდება საქონლის საინვოისო ღირებულებაზე 917 140 ლარით მეტი თანხის გადარიცხვა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაისის შემდგომ საწარმოს აქტივობა აღარ უფიქსირდება. სხვაობა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ კომპანიებზე გაცემულ სესხად და სესხის ძირითადი თანხა და გაცემის თვეში განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით სესხზე დარიცხული პროცენტის თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წარდგენილ ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ კომპანიას არ გააჩნდა დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, ამის მიხედვით დამფუძნებლის მიერ შემოტანილი თანხები დაიხურა მომწოდებელთან ზედმეტად გადარიცხული თანხით. ამ უკანასკნელთან დამფუძნებელი ახორციელებს კავშირს, რის შემდეგაც თანხა დამფუძნებელს დაუბრუნდა ნაწილ-ნაწილ და მისი დავალიანებაც დაიხურა, აქედან გამომდინარე უნდა მოიხსნას მოგების გადასახადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება, ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

შემოწმებით დადგენილია, რომ მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდება არარეზიდენტ მომწოდებლებისთვის საქონლის საინვოისო ღირებულებაზე 917 140 ლარით მეტი თანხის გადარიცხვა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გადამხდელს 2023 წლის მაისის შემდგომ ოპერაციები აღარ უფიქსირდება. კერძოდ, 2023 წლის აპრილიდან აღარ ფიქსირდება საქონლის შეძენა, ხოლო მაისის თვიდან დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების დეკლარირება აღარ ხდება. მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ ასევე არ ფიქსირდება აღნიშნული მომწოდებლების მხრიდან თანხის უკან დაბრუნების ფაქტი.

მომჩივანს საქმეზე წარმოდგენილი არ აქვს რაიმე სახის მტკიცებულება, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად არარეზიდენტ კომპანიაზე ზედმეტად გადახდილი თანხის ამავე კომპანიაზე გაცემულ სესხად განხილვა მართლზომიერია. წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

2.მომჩივანი ითხოვს, შემოწმება დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს.

3.მომჩივანი მიიჩნევს, რომ უნდა მოიხსნას მოგების გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საწარმოს დეკლარირებულმა მთლიანმა ბრუნვამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 2 120 292 ლარი. შემოწმების პროცესში არასრულად იქნა წარდგენილი შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.დანიშნული იქნა საქონლის საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, თუმცა რეგისტრირებულ მისამართზე ობიექტი ვერ მოიძებნა. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით.

შესამოწმებელი პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციების და შეძენების დამუშავების შედეგად, ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა. შეძენილი პროდუქცია დაიყო 14 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფზე გამოყენებული იქნა შესაბამის ჯგუფზე განსაზღვრული აუდირებული ფასნამატი. გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა.

2.შემოწმებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროს, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები მიჩნეული იქნა 0-ის ტოლად. არაპირდაპირ გაანგარიშებული შემოსავლებიდან დოკუმენტური შეძენების, ხელფასების, არარეზიდენტებზე სესხად კვალიფიცირებული თანხების, საბიუჯეტო გადახდების და სხვა ხარჯების გამოკლებით გაანგარიშდა ფულის ნაშთი 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით. დადგენილი ფულის ნაშთი კი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა.

3.საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ცალკეული არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის უფიქსირდება საქონლის საინვოისო ღირებულებაზე 917 140 ლარით მეტი თანხის გადარიცხვა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაისის შემდგომ საწარმოს აქტივობა აღარ უფიქსირდება. სხვაობა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ კომპანიებზე გაცემულ სესხად და სესხის ძირითადი თანხა და გაცემის თვეში განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით სესხზე დარიცხული პროცენტის თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.

2.საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

3.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად არარეზიდენტ კომპანიაზე ზედმეტად გადახდილი თანხის ამავე კომპანიაზე გაცემულ სესხად განხილვა მართლზომიერია. წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),982,101,154,163,164.